რუსეთი "თალიბანის" აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოღებას განიხილავს
რუსეთის საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებმა ვლადიმერ პუტინს მიმართეს, რომ "თალიბანი," აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოიღოს. ამის შესახებ TACC რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის დეპარტამენტის დირექტორზე, ზამირ კაბულოვზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოსთვის მიცემულ კომენტარში კაბულოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "დადებითად" შეაფასა "თალიბების" შესაძლო ამოღება აკრძალული ორგანიზაციების სიიდან.
"ეს [თალიბანის ამოღება სიიდან, მის აღიარებამდე] აუცილებელია, ამის გარეშე საუბარი ნაადრევია, ამიტომ ამ საკითხის განხილვა გრძელდება, ჩვენ ველოდებით რუსეთის გადაწყვეტილებას," - აღნიშნა ჩინოვნიკმა.
გარდა ამისა, კაბულოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა გამოთქვა სურვილი, რომ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეთა შორის "თალიბანი" იყოს.
"ტრადიციულად, ავღანელები დაინტერესებული არიან გააგრძელონ თანამშრომლობა რუსეთიდან ნავთობპროდუქტებისა და სხვა მაღალი მოთხოვნილების საქონლის შესაძენად. რა თქმა უნდა, მომავალში შესაძლებელი იქნება საუბარი ავღანეთის სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენებაზე, ვრცელ რეგიონთან სავაჭრო ბრუნვის გასაფართოებლად," - თქვა დიპლომატმა.
დასავლეთის ქვეყნები არ ცნობენ "თალიბანს," როგორც ავღანეთის ლეგიტიმურ მთავრობას. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ "თალიბებს" დიდი გზა აქვთ გასავლელი, თუ მათ სურთ საერთაშორისო აღიარება. 1996 წლიდან 2001 წლამდე "თალიბანი" უკვე იყო ქვეყნის დე ფაქტო ხელისუფლება, როდესაც ავღანეთი ისლამურ საემიროდ გამოაცხადეს. იმ დროს მათი მთავრობა ოფიციალურად მხოლოდ სამმა სახელმწიფომ აღიარა - პაკისტანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.