რუსეთი თალიბანს ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს
რუსეთი თალიბანს ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია უმაღლეს დონეზე, რჩება მხოლოდ ფორმალობების დასრულება.
ამ ინფორმაციას სააგენტო ТАСС 4 ოქტომბერს, ავღანეთში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელზე, ზამირ ქაბულოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო, ФСБ-სთან და რუსეთის სხვა უწყებებთან ერთად, ამთავრებს სამართლებრივ მუშაობას თალიბების ტერორისტების სიიდან ამოღების პროცესზე. ეს არ არის სურვილის საკითხი, ამ საკითხზე ფუნდამენტური გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ. მაგრამ ყველა პროცესი უნდა განხორციელდეს რუსეთის საკანონმდებლო ჩარჩოში," - ციტირებს სააგენტო ქაბულოვს.
აპრილში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი მუშაობდნენ თალიბანისთვის ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მოხსნაზე, რომელიც აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში. დეკემბერში ეს ტერორისტული ორგანიზაცია ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო.
ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მოსკოვს ხელს არ უშლის თალიბანთან თანამშრომლობაში. ქაბულში რუსეთის საელჩომ 2021 წელს ავღანეთში ხელისუფლებაში თალიბების დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო. ავღანური ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები რეგულარულად სტუმრობენ რუსეთს.
მაისში მოსკოვში ტერორიზმის გამართლების ბრალდებით დააკავეს ჟურნალისტი ნადეჟდა კევორკოვა. ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელშიც მას ბრალი ედება, თალიბების საქმიანობის გამართლებას უკავშირდება.