თალიბანმა ავღანეთში ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა
ისლამისტურმა მოძრაობა თალიბანმა ავღანეთში ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა და განაცხადა, რომ მათი საქმიანობა შარიათს ეწინააღმდეგება.
აკრძალვა ავღანეთის იუსტიციის მინისტრმა აბდულ ჰაკიმ შარაიმ 17 აგვისტოს, ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.
"ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების საქმიანობისთვის შარიათი საფუძველს არ იძლევა. ისინი არ ემსახურებიან ეროვნულ ინტერესებს და ხალხი მათ არ აფასებს," - აცხადებს აბდულ ჰაკიმ შარაი.
ორი წლის წინ, სანამ თალიბანი ქვეყანაზე კონტროლს დაიბრუნებდა, 70-ზე მეტი ძირითადი და მცირე პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა ავღანეთის იუსტიციის სამინისტროში.
იმავდროულად, ავღანეთში გაეროს მისიამ (UNAMA) ქვეყნის ექვს პროვინციაში ბოლო ათი დღის განმავლობაში თალიბების მიერ ჟურნალისტების დაკავება გაიხსენა. მისიამ აღნიშნა ხელისუფლების მოვალეობა პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლების უფლებას.
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" პრესის თავისუფლების რეიტინგში ავღანეთი 180-დან 152-ე ადგილს იკავებს და თალიბანს "მსოფლიოში პრესის თავისუფლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მტერს" უწოდებს.
ორი წლის წინ, 2021 წლის 15 აგვისტოს, ავღანეთში ხელისუფლებაში რადიკალური ისლამისტური მოძრაობა თალიბანი მოვიდა. ორგანიზაციამ მთელ ქვეყანაზე კონტროლი საერთაშორისო ძალების გასვლიდან რამდენიმე კვირაში მოიპოვა.
"ავღანეთის საზოგადოება დემორალიზებული და დაქანცულია. ეკონომიკა ნანგრევებშია. 20 მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და გადარჩენისთვის იბრძვის." - თქვა ჟურნალისტმა და ტელე-რადიო კომპანია "არიანას" ყოფილმა ხელმძღვანელმა ხუშალ ასეფიმ.