ბრიუსელის ექსპრესი: კვირის მთავარი საკითხები ევროკავშირში

გთავაზობთ ევროკავშირის ინსტიტუტების დღის წესრიგს მიმდინარე კვირაში.

სანქციების მე-10 პაკეტი მტკიცდება

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავისთვის (24 თებერვალი) ახალ სანქციებს დაამტკიცებენ.

27 ქვეყანა, სავარაუდოდ, 21 თებერვალს მოაწერს ხელს სანქციების პაკეტს, რომლის ღირებულება 11 მილიარდი ევროა.

20 თებერვალს გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. მათ განიხილეს რუსეთის აგრესია და არაფორმალური საუბარი ჰქონდათ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან.

მოლდოვა და ავღანეთი

მათ ასევე ისაუბრეს მოლდოვის ვიცე-პრემიერ ნიკო პოპესკუსთან.

გასულ კვირას მოლდოვის პარლამენტმა ახალი, პრო-დასავლური მთავრობა დაამტკიცა, რომელსაც დორინ რეჩანი უხელმძღვანელებს.

ქვეყანას კვლავაც ეკონომიკურ სირთულეებთან უწევს გამკლავება, პრეზიდენტი მაია სანდუ კი ისევ რუსეთს ადანაშაულებს მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობაში. მან ცოტა ხნის წინ მოსკოვს ბრალი დასდო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.

ევროკავშირის მინისტრები იმსჯელებენ ავღანეთზეც. მათ ვიდეო-ზარით შეუერთდება გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, ამინა მოჰამედი.

სინათლე გვირაბის ბოლოს

სამშაბათს ევროკავშირის საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან და მარტის ბოლოს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტისთვის მოემზადებიან.

ამასობაში გაჩნდა იმედი, რომ ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ჩრდილო ირლანდიის შესახებ შეიძლება შეთანხმება შედგეს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გასულ კვირას ჩრდილო ირლანდიაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ პოლიტიკოსებს შეხვდა. სავარაუდოა, რომ შეთანხმების გაფორმება მოახლოვდა.

ამით დასრულდება უთანხმოებები ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის, რაც გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ წარმოიშვა.

ამისდა მიუხედავად, გაერთიანებული სამეფოს ერთიანობის მომხრე პოლიტიკოსები საჯაროდ ეწინააღმდეგებიან ისეთ შეთანხმებას, რომელიც ჩრდილო ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს შორის საზღვაო საზღვარს წარმოშობს.

უთანხმოების გამო უკვე ჩამოიშალა ბელფასტის მთავრობა, სადაც უნიონისტები და რესპუბლიკელები ძალაუფლებას იყოფენ.

ნებისმიერი შეთანხმებისთვის ორივე ჯგუფის თანხმობა იქნება საჭირო.

 

 

მსგავსი სიახლეები