-

დღეს ესტონეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. ამაში დასარწმუნებლად ესტონეთის ეროვნული ბანკის მუზეუმში ხანმოკლე ვიზიტიც კმარა. სარდაფის ტიპის ოთახში განთავსებული ექსპონატებით, თვალსაჩინო ხდება ის ტურბულენტური და სისხლიანი დეკადები, რაც ბალტიისპირა სახელმწიფოებმა, და მათ შორის, პირველ რიგში, ესტონეთმა გაიარეს. 

ამ დროის განმავლობაში ქვეყანამ გამოიცვალა რამდენიმე ვალუტა - რუსეთის იმპერიის და შემდეგ საბჭოთა რუბლი, იმპერიული და ნაცისტური გერმანიის მარკები და ბოლოს, ესტონელებისთვის განსაკუთრებით საამაყო, ორ მსოფლიო ომის პერიოდში შორის მოქმედი დამოუკიდებელი ესტონეთის კრონა.

სხვადასხვა დროს, ჯერ შვედი მეფეების, გერმანული არისტოკრატიისა და შემდეგ უკვე რუსეთის ბატონობის ქვეშ მყოფმა ესტონელებმა საკუთარი სახელმწიფოს შექმნა 1918 წლამდე ვერ შეძლეს. რუსეთში მომხდარი ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ დაარსებული ესტონური სახელმწიფოს სიცოცხლე ხანმოკლე აღმოჩნდა - მალევე, ნაცისტურ გერმანიასთან გარიგების შედეგად, ესტონეთი და სხვა ბალტიისპირა სახელმწიფოები საბჭოთა კავშირმა შეიერთა. 

საბჭოთა დიქტატურა მეორე მსოფლიო ომის წლებში რამდენიმე წლით ნაცისტურმა გერმანიამ ჩაანაცვლა, თუმცა ომის დასრულებისთანავე სსრკ ესტონეთში დაბრუნდა. ბოლოს ესტონეთმა დამოუკიდებლობა აღდგენილად 1991 წელს გამოაცხადა, ამ ჯერზე იღბალი ესტონელების მიმართ გაცილებით უფრო კეთილგანყობილი აღმოჩნდა. 

დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან ამ დრომდე ესტონეთმა სწრაფად გაიარა გზა პოსტ-ტოტალიტალური საზოგადოებრივი და ეკონომიკური წყობიდან, თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებამდე და საბაზრო ეკონომიკამდე.

დღეს ესტონეთი თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრია. 17 წლის წინ ესტონეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდა, კიდევ უფრო ადრე კი ქვეყანა ტრანს-ატლანტიკურ ალიანსს შეუერთდა. ყველა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლითა და მოსახლეობის ცხოვრების დონით, ესტონეთი უკვე უსწრებს ისეთ სახელმწიფოებს, რომლებიც ევროგაერთიანებას გაცილებით ადრე შეუერთდნენ.

საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, სწორედ ესტონეთია ის სახელმწიფო, რომელმაც ყველაზე მეტად ისარგებლა და აითვისა შესაძლებლობებები, რაც საბჭოთა კავშირის დანგრევამ წარმოშვა. 

როგორ მოხდა, რომ ქვეყანა, რომელიც იმავე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა - რომელშიც საქართველო, და მის დანგრევასაც იდენტური თუ არა მსგავსი ეკონომიკური პარამეტრებით შეხვდა, დღეს მსოფლიოს განვითარებული, მდიდარი და დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანების წევრია, ხოლო საქართველო კვლავ ჰიბრიდული რეჟიმის ღარიბ ქვეყნად რჩება. 

დასაწყისი 

 

ნობლესნერის ინდუსტრიული უბანი, ტალინი მეოცე საუკუნის დასაწყისი

საქართველოს მსგავსად, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ესტონეთში ეროვნული გამოღვიძების მოძრაობა დაიწყო, რომელიც, ძირითადად, ადგილობრივი სტუდენტების მიერ იყო ორგანიზებული. ეროვნული სახელმწიფოს შექმნის შანსი ესტონელებს პირველი მსოფლიო ომის მიწურულს, მაშინ მიეცათ, როდესაც ბოლშევიკებმა რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყეს. დამოუკიდებლობის გამოცხადებას, მალევე მოჰყვა პერიოდული ბრძოლები როგორც ბოლშევიკურ რუსეთთან, ასევე მენშევიკების არმიასთან და გერმანელებთან. 

ესტონეთმა წარმატებით გაიარა პერიოდი, რომელსაც დღეს დამოუკიდებლობის ომის წლებად მოიხსენიებენ. ამ მონაკვეთში გამოჩენილმა ბრძოლისუნარიანობამ ქვეყანას დიდი ფორა მისცა, რაც ბევრი ისტორიკოსისა და თუ პოლიტიკური კომენტატორის აზრით პოსტ-საბჭოთა წლებში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ესტონეთში საქმიანობდა არაერთი მსხვილი კომპანია, რომლებიც ძირითადად ინდუსტრიულ პროდუქციას აწარმოებდნენ. მათ შორის იყო ბალტო-რუსული გემთშენებელი საწარმო, რომელიც იაპონიასთან განცდილი მარცხის შემდეგ რუსეთის სამეფო ფლოტის აღდგენაზე მუშაობდა.

განვითარებული იყო სატყეო და გადამამუშავებელი სექტორიც. რუსეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, ამ კომპანიების აქტივობა მკვეთრად შემცირდა და ქვეყანაც ძირითადად სოფლის მეურნეობაზე გადაერთო. რუსეთთან შემცირებული ეკონომიკური კავშირის ფონზე ადგილობრივი კომპანიები სხვადასხვა წარმატებით დასავლურ ბაზრებზე ცდილობდნენ თავის დამკვიდრებას. 

ესტონური წარმოების ხომალდი 1930-იანი წლები

1920-იანი წლების მეორე ნახევარში ესტონეთის მთავრობამ მიწის რეფორმა გაატარა, რამაც მესაკუთრეთა შეძლებული კლასი შექმნა და მკვეთრად გაზარდა სექტორის ეფექტურობა. განსაკუთრებით განვითარებული იყო მეცხოველეობა და მარცვლოვანი კულტურები. ქვეყანაში მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის 72% ადგილზე მოიხმარებოდა, ხოლო დანარჩენი 28% ექსპორტზე გადიოდა. ამის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა 1938 წელს ესტონეთის ჯამური ექსპორტის 50% შეადგინა. 

ამავე წლებში ქვეყანაში გატარდა მონეტარული რეფორმა და შემოღებულ იქნა ესტონური კრონა. დე-ცარიფიკაციის პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციას და შემდგომ განვითარებას დაუდო საფუძველი. შედეგად, ესტონეთში სწრაფად ვითარდებოდა ინდუსტრიული სექტორიც, რომელიც თითქმის სრულად უცხოელების მფლობელობაში იყო. ამან თავის მხრივ შეცვალა ესტონეთის ეკონომიკური პარტნიორები და ქვეყანა გერმანიასა და დიდ ბრიტანეთთან დააკავშირა. ჯამურად, ამ ორ ქვეყანაზე ესტონეთის ექსპორტის 60% მოდიოდა. დაახლოებით 2%-ს შეადგენდა ექსპორტი რუსეთში. 

ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად იზრდებოდა მოსახლეობის ცხოვრების დონეც - ცარისტულ პერიოდთან შედარებით პირველადი მოხმარების პროდუქციის ფასები ესტონეთში დაახლოებით 25%-ით შემცირდა. 1930-იან წლებში დაწყებული მწვავე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ესტონელები დაახლოებით 20%-ით უფრო მდიდრები იყვნენ, ვიდრე რუსეთის იმპერიის საუკეთესო წლებში. 

ესტონელთა მსყიდველუნარიანობა დაახლოებით ოთხჯერ ჩამორჩებოდა ამერიკელებისას, სამჯერ კანადას, ავსტრალიასა და შვედეთს, ორჯერ დიდ ბრიტანეთს და ნიდერლანდებს. საშუალო შემოსავლის მიხედვით ესტონეთი მცირედით ჩამორჩებოდა იტალიას და საგრძნობლად უსწრებდა პოლონეთს და რუსეთს. 

საბჭოთა პერიოდი

 

კომუნისტების დემონსტრაცია ტალინში, 1940 წლის 17 ივლისი

1939 წელს მოსკოვში საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის გაფორმებული თავდაუსხმელობის პაქტის საიდუმლო პროტოკოლი სხვა რამეებთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის გაყოფასაც ითვალისწინებდა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაკტის სახელით ცნობილი ხელშეკრულებით ბალტიისპირა სახელმწიფოები საბჭოთა პროტექტორატის ქვეშ გადადიოდნენ, რაც მათ ფაქტობრივ ოკუპაციას ნიშნავდა. 1940 წლის 21 ივლისს, ყოფილი ესტონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გამოცხადდა. უკვე აგვისტოში ესტონეთი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა. 

სხვა რესპუბლიკების მსგავსად, გასაბჭოებამ ესტონეთში მიიტანა არამხოლოდ ნაციონალიზაცია, რეპრესიები, კერძო საკუთრების განადგურება და ეკონომიკის რუსეთზე გადაწყობა, არამედ, როგორც სხვაგან, გასაბჭოებამ შეცვალა საზოგადოეობის სოციო-ეკონომიკური პარამეტრები და კერძო ინიციატივა გეგმური ეკონომიკის დიქტატურით ჩაანაცვლა. გასაბჭოება შეცვალა სოციალური ურთიერთობების სტრუქტურა. 

ესტონელი გლეხები საბჭოთა ოკუპაციის მთავარი მსხვერპლები გახდნენ. კოლექტივიზაციას ქვეყანაში თან ახლდა მოსახლეობის მასობრივი დეპორტაცია. 1941 წელს ქვეყნიდან 10 000 ესტონელი გაასახლეს, ხოლო 1949 წელს ამ რიცხვმა 20 000-ს მიაღწია. ამ ყველაფერს თან ახლდა ქვეყანაში ეთნიკური რუსების მასობრივი ჩასახლება და რუსიფიკაციის პოლიტიკა, რაც თავის მხრივ, დემოგრაფიული სურათის შეცვლას ისახავდა მიზნად. 

ამის მიუხედავად, იყო სფეროებიც, რომლებშიც გასაბჭოებამ დადებითი როლი ითამაშა. პირველ რიგში, ეს შეეხება ინდუსტრიალიზაციის მაჩვენებლებს. საბჭოთა წლებში ჯერადად გაიზარდა მორწყვადი სასოფლო სამეურნეო მიწების ფართობი, სოფლის მეურნეობა თითქმის სრულად მექანიზებულ სექტორად ჩამოყალიბდა. ჯამურად გაიზარდა ტყით დაფარული ფართობის მოცულობაც. მკვეთრად გაიზარდა მძიმე ინდუსტრიული და მეტალურგიული ობიექტების რიცხვი. ელექტროენერგიის წარმოების და ნავთობმომპოვებელი სექტორის მოცულობასთან ერთად, იზრდებოდა ჯამურად ეკონომიკის გამოშვებაც, თუმცა ეს პირდაპირპროპორციულად არ აისახა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. ამ მიმართულებით სანდო მონაცემები დღემდე არ არსებობს. 

საბჭოთა დიქტატურის მიუხედავად ესტონეთის მოცემულობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისგან. ეს პირველ რიგში დაკავშირებული იყო გეოგრაფიასთან - რკინის ფარდის მიუხედავად ესტონეთში აღწევდა ინფორმაცია ფინეთიდან და სხვა მეზობელი სახელმწიფოებიდან. ამავდროულად არსებობდა საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მოძრაობები, ცხადია მათი დიდი ნაწილი იატაკქვეშა საქმიანობას ეწეოდა, თუმცა მთელ ქვეყანაში არსებობდა კულტურული წინააღმდეგობაც. 

ამაზე მეტყველებს სხვადასახვა მონაცემიც - 1970-იან წლებში ესტონეთში ჩატარებული მოსახლეობის აღრიცხვის მიხედვით რუსულ ენას თავისუფლად ესტონელთა მხოლოდ 23% ფლობდა, მაშინ როდესაც იგივე მაჩვენებლები ლატვიასა და ლიეტუვაში შესაბამისად 52 და 56%-ს უტოლდებოდა.

საბჭოთა ინტეგრაციასთან მიმართებით კულტურული წინააღმდეგობა თავისებურად აისახებოდა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და ხშირად ესტონეთს საბჭოთა დასავლეთადაც მოიხსენიებდნენ.

რეჟიმის კულტურულმა მიუღებლობამ თავი იჩინა 1980-იან წლებში, როდესაც პოლონეთში სოლიდარობის სახელით ცნობილი ანტი-საბჭოთა აჯანყება დაიწყო. ამ მოვლენებმა მალევე ჰპოვა გამოხმაურება ესტონეთშიც და ტალინში მალევე ანტი-საბჭოთა დემონსტრაციები დაიწყო. 

საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ დაღმასვლას, მოჰყვა პოლიტიკური პრობლემებიც, რაც მალევე მიხეილ გორბაჩოვის მიერ წამოწყებული გარდაქმნისა და ღიაობის პოლიტიკაში გადაიზარდა. ამ მოცემულობაში ესტონელებმა მიიღეს შანსი, რომელსაც თითქმის 50 წელი ელოდნენ და ჯერ პერესტროიკის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის დაშლით წარმოქმნილი შესაძლებლობები ყველაზე უკეთ გამოიყენეს. 

ახალი [ძველი] ესტონეთი

 

მშვიდობიანი დემოსნტრაცია ტალინში 1991 წლის 20 აგვისტო

საბჭოთა ოკუპაციის მიწურულს ესტონეთის ეკონომიკური სურათი რადიკალურად შეცვლილი იყო - სოფლის მეურნეობის სექტორში, რომელიც გასაბჭოებამდე მოსახლეობის 2/3-ს ასაქმებდა, 1989 წლისთვის მხოლოდ 15 პროცენტი საქმიანობდა. მოსახლეობის 45% დასაქმებული იყო ინდუსტრიულ სექტორში.

ეროვნული შემოსავლის ნახევარი წარმოების სექტორზე მოდიოდა: 25%-ს შეადგენდა სოფლის მეურნეობის წილი, 6%-ს უტოლდებოდა კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის სექტორის წილი, 14%-ს შეადგენდა ვაჭრობა. 

ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურის გარდა საბჭოთა წლებში ფუნდამენტურად შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური რეგიონიც - ესტონეთის ექსპორტი 93% საბჭოთა კავშირზე მოდიოდა. მიუხედავად ამისა, განსხვავებული სურათი იყო იმპორტის მიმართულებით - ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საბჭოთა ესტონეთში იმპორტირებული პროდუქციის 20% საბჭოთა კავშირის არაწევრ სახელმწიფოებზე მოდიოდა.

1987 წელს ესტონეთის მშპ დაახლოებით 2 000 დოლარს უტოლდებოდა, მაშინ როდესაც გასაბჭოებას გადარჩენილ ფინეთში იგივე მაჩვენებელი 14 000 დოლარს აღემატებოდა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ესტონეთი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, შედარებით მომგებიან სიტუაციაში. 1980-იანი წლების მიწურულისთვის ესტონეთში გაცილებით მეტი უცხოური კომპანია საქმიანობდა, ვიდრე დანარჩენ რესპუბლიკებში.

1987 წელს ესტონეთში უკვე მოქმედებდა ახალგაზრდა ეკონომისტების ჯგუფი, რომელიც IME-ს [თვითმმართველი ესტონეთი] სახელით იყო ცნობილი. ამ ახალგაზრდა ეკონომისტების ჯგუფმა იმ დროს პოპულარულ არგუმენტს, რომ საბჭოთა რესპუბლიკების ეკონომიკა ერთიანი ბაზრის გარეშე ჩამოიქცეოდა, გააზრებული და დეტალებამდე გაწერილი პროგრამა დაუპირისპირეს. 

ამ პროგრამის მიხედვით, რომელიც პირველად ტარტუს საუნივერსიტეტო გაზეთში გამოქვეყნდა, ესტონეთი უნდა გადასულიყო საბაზრო ეკონომიკისა და კომერციული სავაჭრო ურთიერთობების პრინციპებზე. საბჭოთა ესტონეთის ეკონომიკა უნდა ემართა არა საკავშირო ცენტრს [მოსკოვს], არამედ უშუალოდ ესტონეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობას.

ცხადია, პროგრამა რესპუბლიკის საბჭოთა ხელმძღვანელობამ არ მოიწონა და ის სრულად რეალიზებული არასდროს ყოფილა, თუმცა მოგვიანებით, ამ პროგრამის ელემენტები უხვად იყო წარმოდგენილი უკვე დამოუკიდებელი ესტონეთის ეკონომიკის ტრანსფორმაციის პერიოდში.

ახალგაზრდა ეკონომისტების ჯგუფი IME

პირველი ნაბიჯები საბაზრო ეკონომიკისკენ ესტონეთმა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე მაშინ გადადგა, როდესაც 1989 წელს პირველმა დაიწყო ფასების ლიბერალიზაცია. მართალია ფასების ლიბერალიზაცია პროდუქციის მხოლოდ ვიწრო ჩამონათვალს შეეხო, თუმცა ამან შექმნა საგადასახადო კოდექსისა და ფასწარმოქმნის კონკურენტული მექანიზმის წინაპირობები. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზემოთჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე ესტონეთი გაცილებით უფრო მომზადებული და მიზანდასახული იყო, ვიდრე დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკები - მათ შორის საქართველოც. დამოუკიდებლობის გამოცხადებისას ესტონეთმა თავი ორ მსოფლიო ომს შორის მოქმედი ესტონეთის რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი ყველანაირად შეეცადა შეეფერხებინა ქვეყნის სვლა დასავლეთისკენ: მოსკოვში ამბობდნენ, რომ ესტონეთი, ეს მწვავე ეკონომიკური პრობლემების მქონე სახელმწიფოა, რომელში ინვესტირებაც სარისკოა. ბევრი რამე აქედან მართალი იყო - ესტონეთი ღარიბი ქვეყანა იყო, რომლის მთავარი ექსპორტი იმ დროს ჯართი იყო. მოსკოვი მხარს უჭერდა ეთნიკური რუსებით დასახლებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ ესტონეთში მომძლავრებულ სეპარატისტულ მოძრაობას.

მიუხედავად ამისა, ქვეყანა კვლავ აგრძელებდა დასავლეთთან დაახლოებას, რის შემდეგაც რუსეთმა ესტონეთს პრაქტიკულად ეკონომიკური ემბარგო დაუწესა - შეწყდა ესტონეთის მომარაგება გაზით; მკვეთრად შემცირდა რუსეთში ექსპორტის მოცულობა და ესტონურ საქონელზე დაწესდა მაღალი ტარიფები. 

საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მალევე, ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდმა გაიმარჯვა. საპარლამენტო კოალიციის შეკვრის შემდეგ, ჩამოყალიბდა ახალი კაბინეტი, რომლის საშუალო ასაკიც დაახლოებით 30 წელი იყო. კაბინეტს სათავეში ჩაუდგა 32 წლის მარტ ლაარი, რომლის მთავრობამაც სწრაფი ეკონომიკური რეფორმების გატარება დაიწყო.

გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ რეფორმირების პროცესში, ესტონეთის ახალი მთავრობა ფინანსური კონსერვატიზმის მქადაგებელ სახელმძღვანელოებს გაჰყვა და რეფორმები მეცნიერული სიზუსტით გაატარა. 

რეფორმირების პირველი ტალღა

 

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტრივიმ ველისტე [მარცხნივ], პრემიერი მარტ ლაარი [ცენტრში] და შვედეთის პრემიერი კარლ ბილტდი [მარჯვნივ]

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ზომა, რომელიც ლაარის კაბინეტმა გაატარა მონეტარული რეფორმა და ესტონური ფულის შემოღება იყო. ბევრი ეკონომისტის აზრით, სწორედ ამ რეფორმამ განსაზღვრა ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური აღმასვლა და სხვა რეფორმების ბედი. ესტონეთი გახდა პირველი პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც თავისი ვალუტა შემოიღო. 

ეროვნული ვალუტის შემოღება განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა, აღმოსავლეთიდან წამოსული ჰიპერინფლაციის დასამარცხებლად. ესტონური კრონა გერმანული მარკით იყო გამყარებული და სრულად კონვერტირებადი იყო. გაცვლითი კურსის ისეთ მყარ ვალუტასთან მიმართებით ფიქსაციამ, როგორიც გერმანული მარკა იყო, ესტონური ეკონომიკა კიდევ უფრო სანდო გახადა. სავალუტო სისტემა რომ რეალურად სასარგებლო ყოფილიყო, ამას დაბალანსებული ბიუჯეტი სჭირდებოდა, რაც ერთი შეხედვით, პოპულარული იდეა ჩანდა, თუმცა პრაქტიკაში საკმაოდ მტკივნეული გასატარებელი აღმოჩნდა.

საქმე ის არის, რომ ბიუჯეტის ბალანსი სახელმწიფო სუბსიდიების და მთავრობის ზომის მნიშვნელოვან შემცირებას მოითხოვდა. ყველა ასეთი შემცირება მოსახლეობაში ძალიან არაპოპულარული იყო. საზოგადოების მტკივნეული რეაქციის მიუხედავად, მთავრობამ რამდენიმე თვეში უამრავი საკანონმდებლო ცვლილება გაიტანა და ბიუჯეტი დააბალანსა. იმავე მთავრობამ მალევე მიიღო კანონი, რომელიც ესტონეთის პარლამენტისთვის მხოლოდ დაბალანსებული ბიუჯეტის წარდგენას უშვებდა, რამაც მთავრობებს მომავალი ბიუჯეტების წარდგენა გაუიოლა და ზოგადად, დაბალანსებული ბიუჯეტი ესტონეთის საფირმო ნიშნად აქცია.

მოქალაქეები ათვალიერებენ ახალ ფულს 1992 წელი

ესტონეთმა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა, რაც სავალუტო პოლიტიკას, კურსის ხელოვნურად შეკავების მკაცრ შეზღუდვას და დაბალანსებულ ბიუჯეტს გულისხმობდა. მსგავსი შეზღუდვების პირობებში, მთავრობა უფრო მარტივად წყვეტდა შემდგომ ნაბიჯებს, რადგან ბიუჯეტის დაბალანსება მხოლოდ მთავრობის ხარჯების შეკვეცით იყო შესაძლებელი - მას არც ფულის დაბეჭდვა შეეძლო და ვერც სხვა გზით გაზრდიდა ფულის მასას. 

მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების სუბსიდიები შეწყვიტა, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახალი კომპანიების გასავითარებლად. სუბსიდიების გაუქმება ნათელ მესიჯს უგზავნიდა საბჭოთა საწარმოო დინოზავრებს - „დაიწყეთ ისეთი რამის წარმოება, რის გაყიდვასაც შეძლებთ ან დაიხურეთ“. როგორც შემდგომ გამოჩნდა, უმრავლესობამ მუშაობა არჩია.

1993 წელს რეფორმებმა პირველი შედეგები მოიტანა. მაკროეკონომიკური პარამეტრები დასტაბილურდა. 1992 წელს თუ ინფლაციის დონე 10 000% იყო, 1993 წლისთვის ის 89.8%, ხოლო 1995 წელს 29% გახდა. ეკონომიკური ვექტორი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ შეტრიალდა. ამან მთავრობას საშუალება მისცა, რომ რეფორმების მეორე ეტაპზე გადასულიყო და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე ფოკუსირებულიყო.

რეფორმების მეორე ტალღა

 

სამთავრობო კრიზისი - დემონსტრაცია ტალინში 1992 წელი

თუკი რეფორმების პირველ ეტაპზე მთავრობას დიდი არჩევანი არ ჰქონია, ქვეყნის შემდგომი რეფორმირება გაცილებით უფრო მეტ არჩევანს მოიცავდა. არ არსებობდა კონკრეტული რეცეპტები და შესაბამისად, განსხვავებული იყო შესაძლო შედეგების სპექტრიც. რეფორმების მეორე ეტაპი მოითხოვდა მოსახლეობის ახალ ეკონომიკურ მოცემულობაში ჩართვას და ახალ რეალობასთან ფეხის აწყობას.

საჭირო იყო კერძო ინიციატივის წახალისება, იმ განცდის დამკვიდრება, რომ ადამიანები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს მათ მომავალთან დაკავშირებით. ამ პრობლემის ყველაზე რეალური გადაწყვეტა კი ეკონომიკის მაქსიმალურად გახსნა იყო.

უცხოური ინვესტიციების და ცოდნის მოზიდვა, ასევე ჯანსაღი კონკურენციის გაჩენა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. ახალი საბაზრო ეკონომიკის მექანიზმების დამკვიდრება მარტივდებოდა ესტონეთის ოკუპაციამდელი გამოცდილებით - ჯერ კიდევ ცოცხალი იყო თაობა, რომელსაც ახსოვდა, რას ნიშნავდა კერძო საკუთრება და როგორი იყო ცხოვრება გასაბჭოებამდე. 

ესტონეთის მთავრობამ მალევე გააუქმა ყველანაირი შეზღუდვები თუ ტარიფები ექსპორტსა და იმპორტზე. ამ მიდგომის არაპოპულარობის მიუხედავად ესტონეთმა უარი თქვა პროტექციონისტულ მიდგომაზე და ქვეყანა, პრაქტიკულად, დიდ თავისუფალ სავაჭრო ზონად გადაიქცა. ვაჭრობის გათავისუფლებამ დიდი ბიძგი მისცა კონკურენციას და ქვეყნის პოსტ-საბჭოთა რეკონსტრუქციას. ეკონომიკის გახსნამ ესტონეთში ბევრი ახალი კომპანია მიიყვანა, რომლებიც ნათლად ხედავდნენ ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობებს. 

აქ კიდევ ერთხელ გამოსაყოფია ესტონეთის გეოგრაფიული მდებარეობა - საქმე ის არის, რომ მეზობელ ფინეთსა და შვედეთში ხელფასები დაახლოებით 15-ჯერ აღემატებოდა ესტონეთისას. ბიზნესის წარმოების ხარჯებში ასეთმა დრამატულმა სხვაობამ სკანდინავიურ კომპანიებს ესტონეთში გადასვლით ხარჯების დრამატულად დაზოგვის საშუალება მისცა. ფინური და შვედური კომპანიების ესტონეთში გადასვლამ ქვეყანაში ახალი ცოდნა და ინვესტიციები მიიტანა. 

ტალინსა და ჰელსნიკის შორის საბორნო მიმოსვლა აქტიურად 1990-იანი წლებიდან აღდგა

უცხოელ ინვესტორებს დაცულობის განსაკუთრებული შეგრძნება გაუჩნდათ მას შემდეგ, რაც მთავრობამ მიწის გაყიდვის ლიბერალიზაციის კანონი მიიღო. 1993-94 წლებში ესტონეთი, რომელიც მანამდე არავისთვის იყო ცნობილი, ყურადღების ცენტრში მოექცა და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ბუმი დაიწყო.

შედეგად, 90-იან წლებში ესტონეთმა ერთ სულ მოსახლეზე ბევრად მეტი უცხოური ინვესტიცია მიიღო, ვიდრე სხვა ნებისმიერმა ცენტრალურმა და აღმოსავლეთევროპულმა ქვეყანამ. ინვესტიციების ასეთმა მასიურმა შემოდინებამ გააჩინა სრულიად ახალი ან ჩაანაცვლა ძველი სამუშაო ადგილები. ამ ყველაფერმა ესტონეთი ბევრად უფრო თანამედროვე და კონკურენტული ქვეყანა გახადა.

ის, რომ სრულფასოვანი წარმატებისთვის საკმარისი არ არის ეკონომიკის გახსნა და ვაჭრობის გათავისუფლება, ეს კარგად ესმოდა ესტონეთის მთავრობას. მათ იცოდნენ, რომ ახალი ეკონომიკური რეალობის კარი ფართოდ უნდა გაეღოთ მოქალაქეებისთვისაც და ხელი შეეწყოთ სამოქალაქო საზოგადოების შექმნისთვის.

ამ მიმართულებით კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ის პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა აწარმოებდა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმაციის წლებში მოქმედებდა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, რომელიც ერთი მხრივ ეხმარებოდა ბიზნესს ეპოვა კვალიფიციური კადრი, ხოლო მეორე მხრივ, ეხმარებოდა მოქალაქეებს ეპოვა მისთვის სასურველი სამსახური. 

გარდა ეკონომიკური რეფორმებისა მთავრობა ხელს უწყობდა ისეთი დამოუკიდებელი და ძლიერი ინსტიტუტების შექმნას როგორიც არის თავისუფალი მედია, კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი და სამართლიანი მართლმსაჯულება. 

ესტონეთი - კერძო მესაკუთრეთა ქვეყანა

 

ცხადია, პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციის პერიოდში კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა კერძო საკუთრებას, რის გარეშეც საბაზრო ეკონომიკურ მოდელზე გადასვლა უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. ამ რეფორმას ორი მნიშვნელოვანი განზომილება ჰქონდა - პირველ რიგში სხვადასხვა აქტივის ძველი მესაკუთრეებისთვის დაბრუნება და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საკუთრების განკერძოება - ანუ პრივატიზაცია. 

ორივე მათგანი მნიშვნელოვან სოციალურ და პოლიტიკურ რისკებთან იყო დაკავშირებული და ეს არც არის გასაკვირი. პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების აბსოლუტურ უმრავლესობაში პრივატიზაცია, პრაქტიკულად, მტაცებლურ ხასიათს ატარებდა.

კომუნისტების მიერ კერძო მესაკუთრეებისთვის წართმეული საკუთრების დაბრუნება ესტონეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 1992 წელს დაიწყო. იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთრების დაბრუნება შეუძლებელი იყო, მთავრობა საკუთრების ვაუჩერებს არიგებდა, რომელთა განაღდება შეუძლებელი იყო, თუმცა შესაძლებელი იყო სხვა კომპანიებისა თუ აქტივების წილის ყიდვა. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ჯერი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მიდგა - ესტონეთმა ჯერ მცირე პრივატიზაცია წამოიწყო, რაც მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განკერძოებას გულისხმობდა. 

ამას მალევე მოყვა სრულმასშტაბიანი პრივატიზაციის ტალღა - მთავრობის მიზანი იყო, რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამხდარიყო სხვადასხვა ქონების მესაკუთრე. საბოლოდ, პრივატიზაცია არც ესტონეთში ყოფილა იდეალურად სამართლიანი და ამ პროცესს ქვეყანაში დღემდე ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ამის მიუხედავად, მთავრობამ მიზანს მიაღწია - ესტონეთი კერძო მესაკუთრეების ქვეყნად გადაიქცა. 

წრფივი დაბეგვრა - ესტონური ინოვაცია

 

ფუნდამენტური რეფორმების გატარების შემდეგ აუცილებელი იყო ამ გარემოზე მორგებული ეკონომიკური გარემოსა და საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ეს კი პირველ რიგში კერძო საკუთრების დაცულობის საკანონმდებლო გარანტიებს და მოქნილი საგადასახადო კოდექსის მიღებას ნიშნავდა.

ესტონეთის მთავრობამ მოძველებული და უკიდურესად რთული საგადასახადო კოდექსის შეცვლა გადაწყვიტა. ქვეყანაში სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად პროგრესული საგადასახადო კანონმდებლობა მოქმედებდა, რაც განვითარებადი ეკონომიკისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა. გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსის სირთულიდან გამომდინარე ხშირი იყო გადასახადებისგან თავის არიდების შემთხვევები, ეს კი ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა ჩრდილოვანი ეკონომიკისთვის. 

ესტონეთის საგადასახადო სისტემა რაც შეიძლება მარტივი და გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო - ყველასათვის საერთო, მინიმალური გამონაკლისებით. ამ ამოცანების გადასაწყვეტად საუკეთესო გამოსავალი საშემოსავლო გადასახადის წრფივი დაბეგვრა იყო.

ასეთ სისტემაზე ესტონეთი 1994 წლის 1 იანვრიდან გადავიდა. საგადასახადო სისტემა მარტივი გახდა ყველასათვის: როგორც გადამხდელებისთვის, ასევე - გადასახადების ამკრეფი სტრუქტურებისთვის. აღარ იყო საჭირო ზედმეტი გამოთვლები და ზედმეტი ბიუროკრატია.

შედეგად, საგადასახადო სისტემამ ბევრად უფრო ეფექტურად დაიწყო მუშაობა. ჩრდილოვან ეკონომიკას დიდი დარტყმა მიადგა, ხოლო საბიუჯეტო შემოსავლებმა მკვეთრი ზრდა დაიწყო. წრფივი საგადასახადო რეჟიმის ამოქმედების პირველივე წელს ესტონეთმა მოლოდინების საპირისპიროდ გასულ წელზე 30%-ით მეტი გადასახადი აკრიბა. 

გაჩნდა ათასობით ახალი მცირე და საშუალო ზომის საწარმოები. ჩნდებოდა ახალი სასტუმროები, რესტორნები, მაღაზიები. 1992 წელს ესტონეთში ჯამში სულ 2 000 სასტუმრო იყო, ხოლო 1992 წლის ბოლოსთვის მათმა რიცხვმა 70 000-ს მიაღწია. პოლიტიკური და იდეოლოგიური წინააღმდეგობის მიუხედავად, წრფივი გადასახადის შეცვლა არცერთ მთავრობას არ უფიქრია - ყველა ხვდებოდა, რომ ეს სისტემა გაცილებით უფრო უკეთ და მარტივად მუშაობდა. 

კანონის უზენაესობა - როგორც წარმატების ქვაკუთხედი

 

ესტონეთის წარმატებაზე საუბრისას ბევრი ეკონომისტი 3 მნიშვნელოვან ფაქტორს გამოყოფს: პოსტ-საბჭოთა ეკონომიკის სტრუქტურა, ქვეყნის მდებარეობა და ის მაკროეკონომიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიიღო.

მართლაც, ეს სამივე ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო - საბჭოთა წლებში ეკონომიკის ინდუსტრიალიზაციამ და ამ პერიოდში შექმნილმა ეკონომიკის სტრუქტურამ ესტონეთს გარკვეული უპირატესობა მისცა. რასაკვირველია, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა გეოგრაფიული მდებარეობაც, რამაც ქვეყანას თავისუფალ სამყაროში სწრაფი ინტეგრირებისა და ეკონომიკური განვითარების წინაპირობა შეუქმნა.

ცხადია, კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა იმ მაკროეკონომიკურ რეფორმებსაც, რომელიც ქვეყანამ 1990-იან წლებში გაატარა - მონეტარულმა რეფორმამ, საკუთარი ვალუტის სწრაფმა შემოღებამ, ბიუჯეტის დაბალანსებამ, ფიქსირებულმა გაცვლითმა კურსმა, ეკონომიკის გახსნამ, დასავლურ სახელმწიფოებთან გაფორმებულმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებმა, სუბსიდიების შეწყვეტამ, მოწესრიგებულმა საკანონმდებლო ბაზამ და მაკროეკონომიკურმა სტაბილიზაციამ კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიციებისთვის მეტად ხელსაყრელი გარემო შექმნა.

მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა დასავლეთის და პირველ რიგში აშშ-ის მხარდაჭერაც. ამ კონტექსტში ხაზგასასმელია, რომ აშშ-ის არასდროს უღიარებია საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირა სახელმწიფოების ოკუპაცია.

ესტონეთსა და აშშ-ის თანამშრომლობა 1991 წელს USAID-ის პროგრამის ფარგლებში დაიწყო, რომლის მთავარი მიზანიც პლურალისტური დემოკრატიული გარემოს შექმნა, ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობა და ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნა იყო. მალევე დაიწყო SEED-ის პროგრამა, რომელმაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი დააჩქარა. 

მნიშვნელოვანი იყო აშშ-ისთან თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, რასაც 1994 წელს ნატოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დაწყება მოჰყვა. ამ პერიოდში ესტონეთი სარგებლობდა დასავლეთის დიპლომატიური და ფინანსური მხარდაჭერითაც.

1992-დან 2001 წლამდე პერიოდში ქვეყანამ აშშ-სგან 1.4 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება მიიღო. შედეგად, 1996 წლისთვის ესტონეთი იქცა სახელმწიფოდ, რომელსაც სრულად და ბრწყინვალედ ჰქონდა შესრულებული ის "საშინაო დავალება", რაც თავისუფალი სამყაროს სრულუფლებიანი წევრობისთვის იყო საჭირო. 

ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორი უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რაც დასავლური ცივილიზაციის ქვაკუთხედია. ეს კარგად ესმოდათ ესტონეთში. ესტონური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა, ერთი მხრივ, თანმიმდევრულად და მიზანდასახულად საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაა, ხოლო, მეორე მხრივ, თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა.

ამ მიდგომებით ესტონეთმა დაამარცხა კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული. შიდა ეკონომიკის გახსნა მსოფლიო ბაზრისთვის და რეალური რეფორმების გატარება საუკეთესო გზაა კრონი-კაპიტალიზმის თავიდან ასაცილებლად.

მნიშვნელოვანია, რომ საკმარისი ყურადღება მიექცეს იუსტიციის, სასჯელაღსრულებისა და პოლიციის რეფორმებს. აუცილებელია ეფექტიანი და გამჭვირვალე ადმინისტრაციის შექმნა. პრიორიტეტების ამგვარი განაწილებით, ესტონეთმა შეძლო, რომ გარდამავალ რეგიონებში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული და სტაბილური გარემო შეექმნა.

ციფრული რესპუბლიკა

 

1990-იან წლებში გატარებულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა რეფორმებმა ესტონეთი განვითარების სხვა რელსებზე გადაიყვანა და საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის შემდგომ მოდერნიზაციას.

პირველ რიგში საუბარია თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ციფრულ ეკონომიკაზე. ბევრ სხვა მიმართულებასთან ერთად ესტონეთი პირველი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა იყო, რომელმაც ინტერნეტის ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები დაინახა და ამ რესურსის სწრაფი ათვისება დაიწყო.

ინტერნეტიზაცია ქვეყანაში შორეულ 1990-იან წლებში დაიწყო. უკვე 1998 წლისთვის ესტონური სკოლების 97% დაკავშირებული იყო ინტერნეტთან. 2001 წელს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ესტონეთში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად გამოცხადდა. 

2000-იანი წლების დასაწყისიდან ქვეყანაში სახელმწიფო მომსახურების სფეროების გაციფრულება დაიწყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყნის მთავრობა ინტერნეტში გადაბარგდა და მას წაყვა ხალხიც.

მალევე დაინერგა ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომლითაც წუთებში იყო შესაძლებელი ნებისმიერ სახელმწიფო სერვისის მიღება. ელექტრონული პირადობის ბარათის მფლობელებს მის მისაღებად ესტონეთში ყოფნაც კი არ სჭირდებოდათ, ბიზნესის გახსნიდან დაწყებული, საბანკო ანგარიშის გახსნით და არჩევნებზე ხმის მიცემით დამთავრებული, ყველაფერი ამ ელექტრონული ბარათით მარტივად იყო შესაძლებელი. 2002 წლიდან ესტონეთის მთავრობამ უარი თქვა სამუშაო პროცესში ქაღალდის გამოყენებაზე. 

შედარებისთვის, 2005 წლის არჩევნებში ელექტრონულად ხმა თითქმის 10 000-მა ესტონელმა მისცა, რაც მოსახლეობის თითქმის 2%-ს შეადგენს. ქვეყანაში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, 2019 წელს, ელექტრონულად ხმა მისცა დაახლოებით 250 000-მა მოქალაქემ, რაც ჯამურად არჩევნებზე მისული მოქალაქეების 44%-ს უტოლდება. 

2009 წლიდან ესტონეთში მოქმედებს ელექტრონული ცენტრი [e- Estonia], რომელიც ქვეყნის შემდგომ ციფრულ ტრანსფორმაციაზე მუშაობს, რომლის მიზანიც ესტონელების ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივება და სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდაა.

ქვეყნის მასობრივ ინტერნეტიზაციას ზემოთჩამოთვლილი ეფექტების გარდა, ჰქონდა კიდევ ერთი დადებითი ასპექტი - ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდამ სფეროს მიმართ ახალგაზრდების ინტერესი გააღვივა, რაც საბოლოოდ იმაში გადაიზარდა, რომ დღეს ესტონეთი ისეთი ინტერნაციონალური კომპანიების სამშობლოა, როგორიცაა BOLT, Skype და სხვები.

ესტონური სასწაული დღეს

 

ესტონეთის ნატოში გაწევრიანების ცერემონია, 2004 წლის 2 აპრილი

დღეს ესტონეთი მსოფლიოს უმდიდრეს სახელმწიფოთა რიცხვს განეკუთვნება - 2004 წლიდან მოყოლებული ქვეყანა ნატოს და ევროკავშირის წევრია. მშპ ერთ სულ მოსახლეზე ესტონეთში აღემატება 26 000 დოლარს, ამ მაჩვენებლით ესტონეთი მსოფლიოში 35-ე პოზიციაზეა. ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით 70%-ს სერვისები შეადგენს, 25%-მდე მერყეობს ინდუსტრიული სექტორის წილი, ხოლო სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ 3%-ს შეადგენს. 

ქვეყანაში მოქმედებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა, ეკონომიკა კონკურენტული და თავისუფალია. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით ესტონეთი მსოფლიოში მერვე ადგილს იკავებს. ესტონეთი მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ სახელმწიფოდ. ქვეყანაში დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. უკვე დიდი ხანია ქვეყანამ მიაღწია სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობას, რომელშიც მეტნაკლებად ყველა მოქალაქეს აქვს სოციალური დაცვის გარანტიები, მათ შორის ყველასთვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვა და განათლება. ესტონეთი არის ქვეყანა, სადაც მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილია თანაბარი სასტარტო პირობები ყველასთვის.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესტონეთი პოსტ-საბჭოთა სივრცის ნამდვილი ჩემპიონია. ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანამ მოახერხა განვითარებულიყო და თავისი უსაფრთხო ადგილი დაემკვიდრებინა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნების რიგში.

სტატიის მომზადებისას ერთერთმა რესპონდენტმა [ესტონეთის პარლამენტის წევრმა], საქართველოსა და ესტონეთის საერთო წარსულზე საუბრისას თქვა, რომ თქვენ [ქართველები] ამაყი ხალხი იყავით, ჩვენ კი ჯიუტები და თანმიმდევრულები. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს იმ დრამატულად განსხვავებული გამოცდილების ერთ-ერთი მიზეზი, რაც ჩვენმა ქვეყნებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში მიიღეს.

მსგავსი სიახლეები