-

კრიზისი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც 3 თვის წინ, ღაზის სექტორში დაწყებულმა ომმა გამოიწვია ყოველდღიურად ღრმავდება, რეგიონში საპასუხო დარტყმებისა და ძალადობის ზრდის ფონზე, იზრდება დიდი ომის საფრთხეც. 

რისკები მატულობს იმის მიუხედავად, რომ მთავარი მოთამაშეები ირანისა და მისი პროქსი დაჯგუფებების სახით ამ დრომდე თავს არიდებენ ისრაელთან სრულმასშტაბიან კონფლიქტს 

რეგიონის კომენტატორების აზრით, არსებულ ვითარებაში მოთამაშეების განსხვავებული მოტივაციებისა და მიზნების გათვალისწინებით ნებისმიერმა მისკალკულაციამ ან მისკომუნიკაციამ შესაძლოა უმართავი სიტუაცია შექმნას. 

"ისინი ძალიან საშიშ თამაშს თამაშობენ, ნებისმიერი მისკალკულაცია შესაძლოა დიდ ესკალაციაში გადაიზარდოს",- საერთაშორისო კრიზის ჯგუფის ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი, იოსტ ჰილტერმანი. 

მხოლოდ გასულ დღეებში რეგიონში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: 3 იანვარს ბეირუთის სამხრეთ ნაწილში დრონის თავდასხმის დროს მოკლეს ჰამასის პოლიტბიუროს თავმჯდომარის მოადგილე, სალეჰ ალ-არური.

4 იანვარს ამერიკული დრონის თავდასხმის დროს ლიკვიდირებულია პრო-ირანული სამხედრო დაჯგუფების ლიდერი მუშთაქ ალ-ჯავარი.

დეკემბრის მიწურულს ისრაელის საჰაერო დარტყმის დროს დამასკოში ლიკვიდირებულია რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალების მეთაური სირიაში, სეიდ რეზა მუსავი. 

წითელ ზღვაში გრძელდება ირანთან დაკავშირებული ჰუსიტების თავდასხმები კომერციულ გემებზე, დაჯგუფების ლიდერები შემდგომი დარტყმებით იმუქრებიან. 

მოულოდნელი დარტყმის შემდეგ ძალებს იკრებს ირანიც - რეგიონში მოქმედი ანტი-ამერიკული ე.წ. წინააღმდეგობის რკალის მთავარი სპონსორი. ბაღდადში მოკლული ყასემ სოლეიმანის დაღუპვის მეოთხე წლისთავზე მის საფლავზე მომხდარი აფეთქებების შედეგად მოკლულთა რიცხვი 100-ს უახლოვდება. 

დეკემბრის მიწურულს ქნესეთის თავდაცვის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ქვეყანა თავს იცავდა რამდენიმე ფრონტზე, ღაზისა და ოკუპირებული დასავლეთ ნაპირის გარდა. 

"ღიად ვაცხადებ - ნებისმიერი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს ჩვენი პოტენციური სამიზნეა, არავის აქვს იმუნიტეტი",- განაცხადა გალანტმა. 

გთავაზობთ რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებში განვითარებული მოვლენების მოკლე მიმოხილვას: 

ლიბანი

 

3 იანვარს ბეირუთის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული დრონის თავდასხმის შედეგად ლიკვიდირებულია ჰამასის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი, სალეჰ ალ-არური. ოპერაცია ისრაელის სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელ მანერაში ჩატარდა, თუმცა ისრაელი დაუწერელი წესის მიხედვით, არც ადასტურებს და არც უარყოფს ოპერაციაში მონაწილეობას. 

სალეჰ ალ-არური ამ დრომდე ჰამასის ყველაზე გავლენიანი ლიდერია, რომლის ლიკვიდაციაც 7 ოქტომბრის შემდეგ მოხერხდა. ალ-არური საკვანძო ფიგურა იყო ჰამასისა და ირანის ურთიერთობებში, ის გავლენიანი იყო ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზეც.

ჰეზბოლას მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ლიბანის სიღრმეში განხორციელებული დარტყმის შემდეგ კვლავ გააქტიურდა საუბრები ომში ჰეზბოლას პირდაპირი ჩართვის შესახებ.

7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე შეტაკებები მუდმივად მიმდინარეობს, ბოლო ცნობებით ისრაელის დარტყმების შედეგად დაჯგუფების 100-ზე მეტი მებრძოლია მოკლული. ამის მიუხედავად, მიიჩნევა, რომ ჰეზბოლა ამ დრომდე ერიდობოდა ისრაელთან კონფლიქტის ესკალაციას და სრულმასშტაბიანი ომის ეტაპზე გადასვლას. 

სალეჰ ალ-არურის ლიკვიდაციის შემდეგ გავრცელებულ უკვე რიგით მესამე სატელევიზიო მიმართვაში ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა ისრაელს "სასჯელითა და შურისძიებით დაემუქრა."

საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი, რიმ მომთაზი ამბობს, რომ ჰეზბოლა გრძნობს წნეხს მხარდამჭერებისგან, მაგრამ მათ უწევთ ანგარიში გაუწიონ ლიბანის არასახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობას. 

"ლიბანის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ახალ ომს ისრაელთან გამანადგურებელი შედეგი ექნება, განსაკუთრებით იმ ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით რაშიც უკვე წლებია ცხოვრობენ",- ამბობს მომთაზი. 

მსოფლიო ბანკის ბოლო მონაცემებით ლიბანის მოსახლეობის 82% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. 

ერაყი 

 

4 იანვარს ბაღდადის ერთ-ერთ უბანში ამერიკული დრონის დარტყმის შედეგად ლიკვიდირებული პრო-ირანული სამხედრო დაჯგუფება ჰარაქათის ლიდერი, მუშთაკ ჯავად ქაზიმ ალ-ჯავარი. ალ-ჯავარი აქტიურად მონაწილეობდა ერაყში განთვასებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მომხდარ თავდასხმებში.

ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დაწყებული სამხედრო კამპანიის შემდეგ რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმები გახშირდა. 

ამგვარი თავდასხმები მოხდა სირიაშიც, თუმცა დაძაბულობის ეპიცენტრად ერაყი რჩება. ქვეყანაში ამ დრომდე 2 500-მდე ამერიკელი სამხედრო მსახურობს, 17 ოქტომბრიდან ამ დრომდე პრო-ირანულმა დაჯგუფებებმა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ჯამურად 100-ზე მეტი შეტევა მიიტანეს. 

ჰარაქათი ირანის მიერ ერაყში ორგანიზებული, გაწვრთნილი და შეიარაღებული სამხედრო დაჯგუფებებიდან ერთ-ერთია, რომელსაც როგორც წესი მობილიზაციის პოპულარული ძალების სახელით იცნობენ. ამ ქოლგაში შემავალი პრო-ირანული სამხედრო დაჯგუფებები არ ექვემდებარებიან ერაყის არმიას.

სირია 

 

7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის ავიაცია პერიოდულად ბომბავს პრო-ირანული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურას სირიის ტერიტორიაზე. 

დეკემბრის მიწურულს ირანული მედიები წერდნენ, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დამასკოს ერთ-ერთ უბანში მოკლულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალების მეთაური სირიაში, სიედ რეზა მუსავი. 

ირანული წყაროების ცნობით, მუსავი 2020 წელს ბაღდადში მოკლული ყასემ სოლეიმანის გარემოცვის უახლოესი წევრი იყო. რეგიონის ექსპერტის, რანდა სლიმის ცნობით, მუსავის სიკვდილი უფრო დიდი დარტყმაა ჰეზბოლასა და ირანისთვის, ვიდრე სალეჰ ალ-არურის სიკვდილი. 

ირანის ელჩი სირიაში მუსავის სიკვდილისთვის ისრაელს შურისძიებით დაემუქრა - "ამ დანაშაულს პასუხი სწორ დროსა და შესაბამის ადგილას გაეცემა."

იემენი და წითელი ზღვა 

 

7 ოქტომბრის შედეგად რეგიონში კიდევ ერთი მზარდი დაძაბულობის კერად ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი იემენის საზღვაო სანაპირო იქცა. ამ დროის განმავლობაში ირანის მიერ კონტროლირებადმა ჰუსიტებმა სრუტეში გამავალ გემებზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს. 

სრუტეში გაზრდილი საფრთხეების ფონზე საზღვაო კომპანიები თავს არიდებენ ამ პოპულარული მარშრუტს. ჰუსიტების თავდასხმებზე საპასუხოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წითელ ზღვაში საზღვაო კოალიციის შექმნა გამოაცხადა - ძალისხმევის ფარგლებში წითელ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემების სისტემური პატრულირება დაიწყო. 

მხოლოდ გასულ დღეებში ამერიკული ფლოტის გემებმა ჰუსიტების სამი ნავი გაანადგურეს. დარტმის საპასუხოდ გამოქვეყნებულ განცხადებაში ჰუსიტები საპასუხო ზომებით დაიმუქრნენ - "ამერიკული აგრესია არ დარჩება უპასუხოდ."

იემენის ტერიტორიიდან ჰუსიტები ისრაელის მიმართულებით პერიოდულად უშვებენ რაკეტებსა და დრონებს, მათი უმეტესობა ვერ აღწევს მიზანს ან ჰაერშივე ნადგურდება, თუმცა ჰუსიტები ამბობენ, რომ ამგვარი შეტევები მომავალშიც გაგრძელდება. 

მას შემდეგ რაც 2014 წელს ჰუსიტებმა იემენის დედაქალაქი დაიკავეს, ისინი რეგიონში ირანის მიერ კონტროლირებად ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ დაჯგუფებად წარმოჩდნენ. 

ირანი

 

ძალადობის ტალღამ გადაურა ირანსაც - 4 იანვარს ქალაქ ქერმანში, გუშაგთა კორპუსის ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის სასაფლაოზე მომხდარ აფეთქებებს 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო - აფეთქებებს 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 200-ზე მეტი. 

შემთხვევიდან 24 საათში ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ტელეგრამ არხებზე ვრცელი განცხადება გავრცელდა, რომელშიც დასახელებულები არიან შემსრულებლები და ნათქვამია, რომ აფეთქება ე.წ. შაჰიდის ქამრის გამოყენებით მოხდა. 

თვითმკვლელი ტერორისტის ვერსიას ავრცელებდნენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული მედიებიც.

"ისლამურ სახელმწიფოს უფრო მეტად სძულს ირანი, ვიდრე ისრაელს",- ამბობს იოსტ ჰილტერმანი. 

7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმების ან ოპერაციების შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა ისრაელის მთავრობის წევრები ამბობენ, რომ ისინი მზად არიან ამისთვის, თუ კონფლიქტი გაფართოვდება. 

"ასეთი ცალკეული შემთხვევები არ გამოიწვევს ომს, მაგრამ ამგვარი მკვლელობების გახშირება აახლოვებს წერტილს, როდესაც რომელიმე მხარემ შესაძლოა არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს და ამ შემთხვევაში ჩვენ რეგიონში დიდ ომს ვიხილავთ",- ამბობს რანდა სლიმი. 

მსგავსი სიახლეები