სოლეიმანის სასაფლაოზე აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

ირანის ქალაქ ქერმანში, მოკლული გენერლის ყასემ სოლეიმანის სასაფლაოს მახლობლად აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეთაურის სასაფლაოს მახლობლად 2 აფეთქება მოხდა, რასაც ჯამურად 103 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა 200-ს უახლოვდება. 

ქერმანის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა მომხდარი ტერორისტულ აქტად მოიხსენია. მისი თქმით, აფეთქება სოლეიმანის სასაფლაოდან დაახლოებით 700 მეტრის დაშორებით მოხდა, რასაც მალევე რამდენიმე წუთში მეორე აფეთქებაც მოჰყვა. 

ქერმანში დღეს ხალხმრავლობა იყო - სოლეიმანის დაღუპვის 3 წლისთავზე მოსახსენიებელ ცერემონიაზე ათასობით ადამიანი მიემართებოდა. ადგილობრივი ტელევიზიების კადრებში ჩანდა ხალხმრავალი მსვლელობა, მცირე პაუზის შემდეგ პირდაპირი ეთერი აფეთქების შემდეგ გადაღებული კადრებით გაგრძელდა, რომელზეც აფეთქების შემდგომი ქაოსია აღბეჭდილი. 

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული ერთ-ერთი მედიის ცნობით, აფეთქება დისტანციურად იმართებოდა, ხოლო ასაფეთქებლები 2 ჩანთაში იყო დამალული. 

კონტექსტი 

ყასემ სოლეიმანი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური ყუდსის დანაყოფის მეთაური იყო. წლების განმავლობაში სწორედ სოლეიმანი მიიჩნეოდა რეგიონში პრო-ირანული შეიარაღებული დანაყოფების ქსელის ორგანიზატორად და კოორდინატორად. 

ყასემ სოლეიმანი 2020 წლის 3 იანვარს ქალაქ ბაღდადის აეროპორტის მახლობლად ამერიკული დრონის თავდასხმისას მოკლეს. 

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნები ხშირად კვდებიან იდუმალ გარემოებებში ირანის ტერიტორიაზეც. მაგალითად,  გახმაურებული შემთხვევა ირანის ბირთვული პროგრამის წამყვანი ფიზიკოსს უკავშირდებოდა - მოჰსენ ფახრიზადე საკუთარ ავტომობილში დისტანციურად მართული ტყვიამფრქვევით მოკლეს. 

საყურადღებოა, რომ 2 იანვარს ჰამასის ბეირუთის ოფისზე განხორციელებული დრონის დარტყმის შედეგად მოკლეს ორგანიზაციის პოლიტ-საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სალეჰ ალ-არური. 

ისრაელი ამ დრომდე არ ადასტურებს მონაწილეობას ალ-არურის ლიკვიდაციაში. 

მსგავსი სიახლეები