ე.წ. რუსული კერძო სამხედრო კამპანია ვაგნერი ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო ხშირად ექცევა დასავლური მედიის ყურადღების ქვეშ. ბოლო წლებში "ამ კერძო სამხედრო კომპანიის" ოპერაციებმა რამდენიმე ქვეყანა მოიცვა, მათ შორის სირიაც - ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომში რუსი დაქირავებული მებრძოლები ასადის მთავრობის მხარეს იბრძოდნენ. რუსი ბოევიკები იმყოფებიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც, სადაც ალმასის საბადოებს იცავენ.
ვაგნერი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული ორგანიზაციაა, რომლის შესახებაც სანდო ინფორმაცია თითქმის არ არსებობს. ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, BBC-ის რუსულმა და არაბულმა სამსახურებმა მოიპოვეს პლანშეტი და საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც სავარაუდოდ ლიბიაში დისლოცირებულ ვაგნერის მეომრებს ეკუთვნით.
გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული პლანშეტი და დოკუმენტები იძლევა დეტალურ წარმოდგენას ვაგნერის სტრუქტურასა და ლიბიაში მიმდინარე ოპერაციის მასშტაბზე. ამასთანავე, რუსეთის ხელისუფლების უარყოფის მიუხედავად იძლევა იმ ვარაუდის საფუძველსაც, რომ ვაგნერი სწორედ რუსეთის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხარდაჭერით სარგებლობს.
დანაღმვის ინსტრუქცია და სახელმძღვანელო მეღვინეობისთვის
აღნიშნულ პლანშეტის შესახებ BBC-ის ინფორმაცია ადგილობრივებმა მიმდინარე წლის თებერვალში მიაწოდეს. მათ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ დასავლეთ ლიბიაში, საომარი მოქმედებების ზონაში, იპოვეს სამსუნგის პლანშეტი, რომელიც სავარაუდოდ სწორედ ამ ორგანიზაციას ეკუთვნოდა - რუსი დაქირავებულები იმ დროს ხალიფა ჰაფთარის მხარეს, გაეროს მიერ აღიარებულ მთავრობის ძალებს ებრძოდნენ და უკან იხევდნენ.
პლანშეტში აღმოჩნდა ათეულობით ფაილი, რომლებიც მოიცავდა დანაღმვის ინსტრუქციას, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების სახელმძღვანელოს, ასევე უპილოტო აპარატით გადაღებულ სადაზვერვო კადრებს. პლანშეტის მფლობელს გადმოწერილი ჰქონდა რამდენიმე წიგნიც, მათ შორის ადოლფ ჰიტლერის "Mein kampf", ჯორჯ მარტინის "სატახტოთა თამაშები" და სახელმძღვანელო მეღვინეობისთვის.
ასევე, პლანშეტში ჩაწერილი იყო საომარი მოქმედებების ზონების რუკები, რუსულ ენაზე დატანილი აღნიშვნებით. რუკაზე დატენილი წერტილების უმეტესობა ტრიპოლის სამხრეთით, იმ ზონაში იყო კონცენტრირებული, სადაც 2020 წლის მაისში ვაგნერის მებრძოლები ლიბიის სამთავრობო ძალებს ებრძოდნენ.
რუკები ემთხვეოდა უპილოტო აპარატით გადაღებულ სადაზვერვო კადრებსაც.
საყურადღებოა ისიც, რომ ოფიციალურად კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი საერთოდ არ არსებობს - მებრძოლების დაქირავება აკრძალულია როგორც რუსეთის, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა მონაცემებით, ბოლო 7 წლის განმავლობაში ვაგნერთან ერთი კონტრაქტი მაინც აქვს გაფორმებული სულ ცოტა რუსეთის 10 000 მოქალაქეს.
"თანამედროვე ვიკინგები"
პლანშეტში მფლობელის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, რუკების მასშტაბის გაზრდისას შესაძლებელია წითელი წერტილების დანახვა, რომელში აღნიშნული სიტყვებიც საბრძოლო მეტსახელებს ჰგავს.
BBC-ის ჟურნალისტებმა პლანშეტში ამოკითხული საბრძოლო მეტსახელები უკრაინული მოხალისეობრივი გაერთიანების მშვიდობისმყოფელის მონაცემთა ბაზებში მოძებნეს. უკრაინული ბაზა ვაგნერის მებრძოლების საბრძოლო ფსევდონიმების გარდა, მათ რეალურ ვინაობასაც მოიცავს. ამ კუთხით ბევრის მომცემი იყო გაეროს მიერ ლიბიაში ვაგნერის საქმიანობის შესახებ შედგენილი ანგარიში, რომელმაც მედიაში გაჟონა.
ამ მეთოდით ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ მეტსახელი მეტლა სავარაუდოდ, რუსეთის 36 წლის მოქალაქეს, ფიოდორ მიტიოლკინს ეკუთვნის.
ფიოდორ მიტიოლკინი
უკრაინელი მოხალისეებისვე ცნობით, ფიოდორ მიტიოლკინი საკმაოდ გამოცდილი მებრძოლია და ჯგუფს პირველად 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას შეუერთდა. ცხადია, ვაგნერი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხარეს იბრძოდა.
სავარაუდოა ისიც, რომ დონბასის რეგიონში საბრძოლო ნათლობის შემდეგ, მებრძოლები მივლინებით მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში მიემართებიან. ამას ადასტურებენ ვაგნერის ყოფილი მებრძოლები, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს. ერთ-ერთი მათგანი BBC-ისთან საუბარში ამბობს, რომ 2019-დან 2020 წლის ივლისამდე მონაკვეთში ლიბიაში სულ მცირე 1000 დაქირავებული რუსი მებრძოლი იმყოფებოდა.
ვაგნერს არ გააჩნია ოფიციალური რეგისტრაცია, კომპანიაში სამსახურის დაწყება შუამავალი, ყალბი კომპანიის საშუალებით ხდება. ფიქტიური ხელშეკრულების შედგენის შემდეგ, მებრძოლებს ფიზიკურ მზაობასა და მენტალურ კეთილსაიმედოობაზე ამოწმებენ. მეომრები წვრთნას ვაგნერის საიდუმლო ბაზაზე გადიან, რომელიც კრასნოდარის მახლობლადაა განთავსებული.
ცნობილი ხდება, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ვაგნერში დასასაქმებლად კომპანიის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს ორი დამატებითი მოთხოვნა წარუყენა - მათ შორის პირველი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ცნობა დანტისტისგან. მებრძოლებს სამედიცინო შემოწმების ჩასაბარებლად ხშირად რამდენიმე კბილის ამოღება უწევთ.
სამედიცინო კომისიის გავლის და ფიზიკური მომზადების ტესტის ჩაბარების შემდეგ, მებრძოლებს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილებში გზავნიან. ანაზღაურება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სახიფათოა მივლინების წერტილი.
ერთ-ერთი ყოფილი მებრძოლი ამბობს, რომ ყველაზე უსაფრთხო მივლინებად სხვადასხვა ობიექტებისა და ფიზიკური პირების კერძო დაცვა მიიჩნევა, ხოლო საომარი მოქმედებების წერტილი წითელ ზონად მოიხსენიება - მებრძოლებმა წინასწარ იციან, რომ მათი სიკვდილის შემთხვევაში ნეშტს სამშობლოში არ დააბრუნებენ.
ვაგნერში გაწევრიანების ძირითადი მოტივი მაღალი ანაზღაურებაა - მებრძოლების უმეტესობა რუსეთის სხვადასხვა პროვინციიდანაა, სადაც კარგად ანაზღაურებადი სამსახურის შოვნა ძალიან რთულია. დაქირავებული მებრძოლების დიდი ნაწილი წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი, აქედან გამომდინარე, მათთვის სამართალდამცველ სტრუქტურებსა და რეგულარულ არმიაში გზა დაკეტილია.
მკვლელობა ესპიაში
პლანშეტში ნაპოვნ რუკებზე მონიშნული ერთ-ერთი ადგილი ტრიპოლისგან 45 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელი ესპიაა, რომელშიც 2019 წელს ოჯახი გაიტაცეს. გატაცებული ოჯახის 5 წევრიდან სამი მოკლეს. ცნობილია, რომ გამტაცებლები რუსულად საუბრობდნენ, მაგრამ კვლავ გაურკვეველია მათი მოტივები.
ოჯახის გადარჩენილი ორი წევრიდან ერთ-ერთი BBC-ისთან მომხდარზე საუბრობს. მისი თქმით 2019 წლის 23 სექტემბერს ის ქუჩაში რამდენიმე უცხოელს გადაეყარა, რომლებიც ჰაერში ისროდნენ. დაზარალებულის თქმით, უცხოელები მას სახლამდე აედევნენ და საბოლოოდ მის სახლში 7 მებრძოლი შეიჭრა.
სახლის ჩხრეკის შემდეგ, მებრძოლებმა ოჯახი 20 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ბენ-ჰაშირში წაიყვანეს. მოგვიანებით მებრძოლებმა ოჯახი ერთ-ერთი ფერმის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. დაზარალებულის თქმით, ადგილზე კიდევ დაახლოებით 30 მძევალი დახვდათ.
ცოტა ხნის შემდეგ ოჯახს თვალები აუკრეს და ხელზე ბორკილები დაადეს. ლიბიის მთავრობის ცნობით, ამ პერიოდში სოფელ ესპიაში ვაგნერის ბაზა იყო განთავსებული. გადარჩენილი მამაკაცის ყვება, რომ ოჯახი დილის ექვსი საათისთვის ფერმის ახლოს მდებარე ნაგებობასთან გაიყვანეს, სადაც მათ კალაშნიკოვის ავტომატით შეიარაღებული ორი ასევე უცხოელი მამაკაცი დახვდათ.
"უცხოელმა მებრძოლებმა" ოჯახის სამი წევრი ადგილზე დახვრიტეს.
გადარჩენილმა მამაკაცმა რაღაც მომენტში გამტაცებლების სახეები დაინახა. მას შემდეგ, რაც BBC-ის ჟურნალისტებმა მას ვაგნერის რამდენიმე მებრძოლის ფოტო აჩვენეს, დაზარალებულმა ერთ-ერთი მათგანი ამოიცნო. მისი თქმით, ეს თავდამსხმელი შესაძლოა ვლადიმირ ანდანოვი იყოს.
ვლადიმირ ანდანოვი
ესპიაში მომხდარი მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ ლიბიურ სოციალურ ქსელებში ანდანოვის ფოტო გავრცელდა. მომხმარებლები წერდნენ, რომ სწორედ ის იყო ერთ-ერთი თავდამსხმელი.
უკრაინულ მოხალისეობრივ გაერთიანება მშვიდობისმყოფელში ამბობენ, რომ ანდანოვი კავშირშია აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ მასობრივ მკვლელობებთანაც. მათივე ინფორმაციით, ანდანოვი ამჟამად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფება.
ესპიის გარდა ცნობილია ათუელობით შემთხვევა, როდესაც ვაგნერის მებრძოლები მასობრივ მკვლელობებში მონაწილეობდნენ.
ვაგნერის ყოფილი მებრძოლები ამბობენ, რომ ორგანიზაციაში არ არსებობს ადგილობრივებთან ურთიერთობის გაწერილი წესები და ყველაფერი მებრძოლზე და მის მიერ იმ ვითარების მყისიერ შეფასებაზეა დამოკიდებული.
მძევლებზე საუბრისას ყოფილი მებრძოლები ამბობენ, რომ თუ მძევალი ფასეულ ინფორმაციას არ ფლობს, ის შესაძლოა მარტივად მოკლან.
"ახალი ნაღმები"
ლიბიაში ვაგნერის მიერ დატოვებული "მემკვიდრეობის" კიდევ ერთი მაგალითი დანაღმული ველებია. პლანშეტში შენახულ ერთ-ერთ რუკაზე დატანილი იყო შავი წერტილები, რომლებიც დანაღმულ პოზიციებს აღნიშნავს. თითოეული ასეთი წერტილი კონკრეტული ნაღმების სახელწოდებებით იყო აღნიშნული.
აღნიშნულ რუკაზე სულ 35 ასეთი წერტილია, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც აიან-ზარის დასახლებაშია კონცენტრირებული.
35-დან 6 წერტილია მონიშნულია МОН-50-ის სახელწოდებით, რომელიც თავის მხრივ საბჭოთა წარმოების ნაღმების იდენტური ანალოგია. Human Right Watch-ის ანგარიშის მიხედვით, ადრეულ წლებში ასეთი ტიპის ნაღმები ლიბიაში არ მოიპოვებოდა და სავარაუდოა, რომ ისინი ქვეყანაში ბოლო წლებში შეიტანეს.
ლიბიის სამხედრო პროკურორის, მოჰამად ჰარუდის ცნობით, რუსული ნაღმები ყველაზე ხშირია და სწორედ ეს ნაღმები წარმოადგენენ ყველაზე დიდ საფრთხეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სახლებში ბრუნდებიან.
"გადაეცეს აღსასრულებლად"
პლანშეტის გარდა BBC-ის ჟურნალისტებმა მოიპოვეს რუსულ ენაზე შედგენილი 10-გვერდიანი დოკუმენტიც, რომელიც შეიარაღების მიწოდების შესახებ მიმართვას წარმოადგენს. დოკუმენტი 2020 წლის 19 იანვრითაა დათარიღებული და მასში ჩამოთვლილია შეიარაღების ტიპი და სამხედრო ტექნიკა, რომელსაც რუსი ბოევიკები სათავო ოფისისგან ითხოვენ.
ისინი ითხოვენ: 6 ჯავშანტრანსპორტიორს, 4 ტანკს, 12 სატვირთო და 44 ყველგანმავალ ავტომობილს. მოთხოვნილია ასევე 270 ერთეული კალაშნიკოვის ტიპის ავტომატიც.
სხვა საბრძოლო მასალებთან ერთად ჩამონათვალშია ოპტიკური მხედველობის მოწყობილობები, ჩაფხუტები და მედიკამენტები.
ამ დოკუმენტიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ვაგნერი რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის პირდაპირი მხარდაჭერით სარგებლობს. ჩამოთვლილიდან უმეტესობა თანამედროვე ტიპის შეიარაღებაა, რომელიც ამჟამად მხოლოდ რუსეთის არმიის შეიარაღებაშია.
დოკუმენტებიდან ასევე ნათელი ხდება, რომ მოცულობითი ფინანსური რესურსის გარდა, ვაგნერს წვდომა აქვს არამხოლოდ უახლეს შეიარაღებაზე, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის და შესაძლოა საიდუმლო გამოყენების იარაღზეც.
BBC-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებს შორისაა მოზამბიკში დისლოცირებული ვაგნერელების მიმართვა დაზიანებული ტექნიკის შეცვლის შესახებ.
დოკუმენტის ზედა კუთხეში არის წარწერა "გადაეცეს აღსასრულებლად", რომლის ქვეშაც დაფიქსირებულია ინიციალები დ.უ. იგივე წარწერა იკითხება ლიბიაში მოპოვებულ დოკუმენტებზეც. ეს წარწერა სავარაუდოდ ვინმე დიმიტრი უტკინს ეკუთვნის.
დიმიტრი უტკინი ГРУ [მთავარი სადაზვერვო სამმართველო] სპეც დანიშნულების რაზმის მეთაური იყო. სწორედ უტკინს მიიჩნევენ ვაგნერის ერთ-ერთ დამფუძნებლად და ხელმძღვანელად. ნაცისტური გერმანიის სიყვარულის გამო უტკინი წლების განმავლობაში "ვაგნერის" ფსევდონიმით იყო ცნობილი. მიიჩნევა, რომ სწორედ აქედან მოდის ორგანიზაციის სახელწოდებაც.
დიმიტრი უტკინი
ერთ-ერთი დოკუმენტის ზედა კუთხეში მიმართვის ადრესატად მითითებულია კომპანია ევრო პოლისი. სწორედ ეს რუსული კომპანია ახორციელებდა სირიაში ნავთობის და გაზის ჭაბურღილების დამუშავებას. რუსეთში ჩატარებული მრავალი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მკაფიო კავშირი დადგინდა კომპანია ევრო პოლისსა და "პუტინის მზარეულის" სახელით ცნობილ, ევგენი პრიგოჟინს შორის.
თავის მხრივ, ევრო პოლისთან და ვაგნერთან რაიმენაირ კავშირს პრიგოჟინი კატეგორიულად უარყოფს. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ 2018 წელს პრიგოჟინი ესწრებოდა ხალიფა ხაფტარისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრის შეხვედრას.
სავარაუდოა, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირი სწორედ ევგენი პრიგოჟინია
ვაგნერის ყოფილი მებრძოლები BBC-ისთან საუბარში ამბობენ, რომ ორგანიზაციაში პრიგოჟინს ხსენებაც კი ცუდ ტონად მიიჩნევა და მასზე საუბარი კატეგორიულად აკრძალულია.
2020 წლის იანვარში გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა ვაგნერის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა: "თუ ლიბიაში არიან რუსეთის მოქალაქეები, ისინი არ წარმოადგენენ რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს და არ იღებენ ანაზღაურებას რუსეთის ფედერაციისგან."
"მივლინებები აფრიკაში"
ორგანიზაცია ვაგნერის შესახებ პირველი ცნობები 2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელდა. მაშინ ვაგნერი იმ მრავალი მოხალისეობრივი გაერთიანებიდან ერთ-ერთი იყო, რომლებმაც მხარი დაუჭირეს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს.
ორგანიზაცია უფრო სერიოზული განხილვის საგანი გახდა 2016 წელს, როდესაც ცნობილი გახდა მათი ოპერაციების შესახებ სირიაში. მაშინ რუსულ მედიაში იწერებოდა, რომ რუსული კომპანია ევრო პოლისი ვაგნერის მებრძოლებს სირიაში ნავთობის ჭაბურღილების დასაცავად ქირაობდა.
მიმდინარე წლის მარტში რუსეთის საგამოძიებო დეპარტამენტს ვაგნერის მებრძოლების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა სირიელმა კაცმა. სირიის მოქალაქე მიიჩნევს, რომ 2017 წელს ვაგნერის მებრძოლებმა მისი ძმა მოკლეს. საუბარია სირიაში გადაღებულ ვიდეოზე, რომელზეც რუსულად მოლაპარაკე სამხედროები აწამებენ და ბოლოს თავს აჭრიან სირიელ კაცს.
ვაგნერის მოქმედების არეალი სირიით და ლიბიით არ შემოიფარგლება - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის არმია რუს მებრძოლებს ადგილობრივი აჯანყებულებისგან ალმასის საბადოების დასაცავად ქირაობს. სამი წლის წინ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი რუსი ჟურნალისტი მოკლეს, რომლებიც ქვეყანაში ვაგნერის საქმიანობის შესახებ ფილმს ამზადებდნენ.
ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირია ცნობები ვაგნერის მებრძოლების შესახებ მოზამბიკსა და სუდანშიც.