-

საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, დონალდ ტრამპმა თითქმის დაასრულა ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტება - უკვე განაწილებულია უმნიშვნელოვანესი თანამდებობები როგორც ფედერალური სააგენტოების ხელმძღვანელების, ასევე ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკურ გუნდში. 

გაეცანით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შემადგენლობას, საერთაშორიო პრესის შეფასებებს და პროგნოზებს საგარეო ურთიერთობების კუთხით რეალპოლიტიკას მასალაში. 

 

სახელმწიფო მდივანი  - მარკო რუბიო (53 წლის) 

ფლორიდის სენატორი კუბელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. სხვადასხვა წლებში იკავებდა მაღალ თანამდებობების კონგრესის საგარეო საკითხებისა და დაზვერვის კომიტეტებში. კენჭს იყრიდა 2016 წელს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისზე. 

რუბიო გახდება პირველი ლათინო-ამერიკელი, რომელიც სახელმწიფო მდივნის პოსტს დაიკავებს. რუბიო ტრამპის ირგვლივ დაბანაკებული რესპუბლიკელებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულ ქორად მიიჩნევა, რომელიც საერთაშორისო საქმეებში ამერიკის აქტიურ ჩართულობას უჭერს მხარს. გასულ წლებში რუბიო მხარს უჭერდა რეჟიმის ცვლილებას ვენესუელასა და კუბაში.

რუბიოს გამორჩეულად ხისტი პოზიციები აქვს ჩინეთთან მიმართებით, რომელიც მისი თქმით ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ცივ ომს აწარმოებს. მომავალ სახელმწიფო მდივანს არაერთხელ დაუფიქსირებია ხისტი პოზიციები რუსეთთან მიმართებითაც, მათ შორის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, თუმცა ბოლო პერიოდში რუბიო ამბობდა, რომ ომი ჩიხში შევიდა და მხარს უჭერდა დონალდ ტრამპის რიტორიკას ომის სწრაფად დასრულების აუცილებლობის შესახებ. რუბიო არ დაუჭირა მხარი უკრაინის დახმარების პაკეტს მიმდინარე წლის იანვარში.

მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - მაიკლ უოლცი (50 წლის

ამერიკის შეერთებული შტატების საარმიო სცეპრაზმის ვეტერანი, "მწვანე ბერეტი", მონაწილეობდა საომარ მოქმედედებში ავღანეთში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 

სხვადასხვა წლებში უოლცი მუშაობდა პენტაგონში დონალდ რამსფელდისა და ბობ გეიტსის მეთაურობის ქვეშ. იკავებდა ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის მრჩეველის პოსტს კონტრ-ტერორიზმის საკითხებში. 2018 წელს უოლცმა კენჭი იყარა ფლორიდის მეექვსე ოლქიდან კონგრესის არჩევნებზე. კონგრესმენის რანგში უოლცი იყო საგარეო საკითხების, შეიარაღებისა და დაზვერვის კომიტეტის წევრი. 

რუბიოს მსგავსად ჩინეთის საკითხზე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ "ქორად" მიიჩნევა მაიკ უოლციც - მისი აზრით, ჩინეთსა და აშშ-ს შორის უკვე მიმდინარეობს ცივი ომი. გასულ წლებში უოლცი უშვებდა ავღანეთში ამერიკული ჯარების დაბრუნების შესაძლებლობას "ქვეყანაში წესრიგის აღსადგენად."

უოლცის მიდგომა რუსეთ-უკრაინის საკითხზე ითვალისწინებს "რეალური სანქციების" მეშვეობით მოსკოვის იძულებას სამართლიანი მოლაპარაკებების დაწყებისკენ. უოლცის აზრით, ამისთვის საჭირო იქნება რეალური სანქციების დაწესება რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის და ამერიკაში წიაღისეულის მოპოვებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, ენერგეტიკული პოტენციალის გათავისუფლება და ამგვარად ნავთობის საერთაშორისო ფასების შემცირება.

თავდაცვის მდივანი - პიტ ჰეგსეტი (44 წლის) 

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის ვეტერანი, მსახურობდა ერაყში, ავღანეთში და გუანტანამოს ბაზაზე. სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ იყო ორგანიზაცია Concerned veterans for America-ს დირექტორი, რომელიც ვეტერანის უფლებების დაცვით იყო დაკავებული. 

2016 წლიდან ტრამპის აქტიური მხარდამჭერი, პირველ ადმინისტრაციაში ჰეგსეტს ვეტერანების საქმეთა მინისტრობას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მაშინ ტრამპმა არჩევანი სხვა კანდიდატზე შეაჩერა. 

გასული წლების განმავლობაში ჰეგსეტი კონსერვატიული Fox News-ის ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანი იყო. ჰეგსეტი ავტორია სამი წიგნისა: "ბრძოლა ამერიკული ცნობიერებისთვის", "ამერიკული ჯვაროსნული ლაშქრობა" და"თანამედროვე ომები." სამივე ბესტსელერია. 

ჰეგსეტის დანიშვნა პოსტ-საარჩევნო პერიოდის მთავარი მოულოდნელობა გახდა. ბევრი კომენტატორის აზრით, მას არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია ასეთი რთული პოსტისთვის, თუმცა ცნობილია, რომ დონალდ ტრამპს ძალიან მოსწონს ჰეგსეტის წიგნები. გარდა ამისა, არსებობს კითხვები ჰეგსეტის წარსულის სკანდალურ ეპიზოდებთან დაკავშირებითაც. 

სენატის მიერ ჰეგსეტის დამტკიცების დაბალი შანსის ფონზე, ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი კანდიდატის ჩანაცვლებას განიხილავს. Axios-ის ცნობით, ტრამპი ჰეგსეტის ნაცვლად, ფლორიდის გუბერნატორს და რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისში ყოფილ კონკურენტს, რონ დესანტისს განიხილავს.

ამერიკული მედიის ცნობით, ჰეგსეტის მთავარი მიზანი პენტაგონში კულტურული შემობრუნების ორგანიზება იქნება - მისივე თქმით, ის აპირებს სხვადასხვა კულტურული მრავალფეროვნების პროგრამების გაუქმებას და ე.წ. Woke გენერლების გათავისუფლებას. 

ხაზინის მდივანი - სკოტ ბესენტი (62 წლის) 

სკოტ ბესენტი ერთ-ერთი მსხვილი საფინანსო ფონდის, Key Square Capital Management-ის დამფუძნებელია. საკუთარ ფონდის გახსნამდე კარიერის დიდი ნაწილი ბესენტმა ჯორჯ სოროსის ფონდის უფროსი საინვესტიციო ოფიცრის პოსტზე გაატარა. 

გასულ წლებში ბესენტი ტრამპის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი და მისი მედია ადვოკატი იყო. ბესენტი Wall Street-ის ფავორიტად მიიჩნეოდა და მისი კანდიდატურის დასახელებაზე ფინანსურ ბირჟებს დადებითი რეაქცია ჰქონდათ. 

ბესენტი სახელმწიფო ობლიგაციებისა და ვალუტების ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტად მიიჩნევა. ის კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის ფისკალური დღის წესრიგის მთავარი გამყიდველი და აღმასრულებელი უნდა გახდეს. ტრამპის მიერ პირველ ვადაში დაწესებული საგადასახადო შეღავათების მოქმედების ვადა მომდევნო წელს იწურება, ხოლო პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანიაში გადასახადების ახალი შემცირების ტალღა დაანონსა. 

ბესენტი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი წარმომადგენელი მსოფლიოში ეკონომიკურ საკითხებში.

ტრამპის მიერ დაანონსებული სავაჭრო ტარიფების დაწესების საკითხზე ბესენტი ამბობს, რომ ეს პარტნიორებთან მოლაპარაკებებში საწყისი პოზიციაა და საბოლოოდ დონალდ ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა. 

გარდა ამისა, ბესენტი ამერიკის ფედერალური რეზერვის სისტემის მწვავე კრიტიკოსია. თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში ბესენტი პირველი ღიად გეი ხაზინის მდივანი გახდება. 

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო - ჯონ რეტკლიფი (59 წლის)

რეტკლიფმა კარიერა იურისტის რანგში დაიწყო, 2004-2012 წლებში იყო ტექსასის ქალაქ ჰიზის მერი, 2007-2008 წლებში პარალელურად იკავებდა საოლქო პროკურორის პოსტს. 

2014 წელს პირველად აირჩიეს კონგრესში. 2019 წელს დონალდ ტრამპის წინააღდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პირველი პროცედურის დროს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამცველი. 2020-2021 წლებში იკავებდა ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტს. 

ეროვნული დაზვერვის პოსტზე რეტკლიფის დანიშვნას წინააღდეგობა მოჰყვა რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც - კონგრესმენები შიშობდნენ, რომ კანდიდატი ზედმეტად პოლიტიზირებული იყო, რაც უაროყოფითად აისახებოდა უწყების მუშაობის ხარისხზე. 

რეტკილიფი საჯაროდ დებდა პირობას, რომ თავის გადაწყვეტილებებში აპოლიტიკური იქნებოდა, თუმცა მისი კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ რეტკლიფის დირექტორობის პერიოდში ხშირად აჟღერებდა მოსაზრებებს, რომლებიც არ შეესაბამებოდა უწყების მიგნებებს. კრიტიკოსების აზრით, რეტკილიფი მიზანმიმართულად ძირს უთხრიდა კარიერული მზვერავების გავლენას და ზღუდავდა მათ კარიერულ წინსვლას. 

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მთავარ საფრთხედ რეტკლიფი მისი კოლეგების მსგავსად ჩინეთს მიიჩნევს. 

ეროვნული დაზვერვის დირექტორი - ტულსი გაბარდი (43 წლის) 

ერაყის ომის ვეტერანი. გასულ წლებში იყო წარმომადგენელთა პალატის წევრი ჰავაის საარჩევნო ოლქიდან, მიეკუთვნებოდა დემოკრატიული პარტიის პროგრესულ ფრთას და იკავებდა პარტიის ეროვნული კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის პოსტს. 

2020 წლის საპრეზიდენტო პრაიმერისში წარუმატებელი მონაწილეობის შემდეგ, გაბარდმა პარტია დატოვა. გასული 2 წლის განმავლობაში დაახლოვდა დონალდ ტრამპთან და საჯაროდ დაუჭირა მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში. ამერიკული მედიის ცნობით, გაბარდი ამზადებდა დონალდ ტრამპს კამალა ჰარისთან დებატებისთვის. 

ჯერ კიდევ დემოკრატიული პარტიის წევრობისას გაბარდი საჯაროდ იზიარებდა დონალდ ტრამპის პოზიციებს რამდენიმე საგარეო საკითხზე. გაბარდი ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად გამოხატული ანტი-ინტერვენციონალისტია, რომლის მოქმედებების ხშირად წინააღმდეგობაში მოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ სახელმწიფო პოლიტიკასთან. 

მათ შორის ცნობილია, რომ გაბარდი ორჯერ შეხვდა სირიის უკვე ყოფილ დიქტატორს, ბაშარ ასადს. გარდა ამისა, გაბარდმა რამდენიმეჯერ გაიმეორა რუსული პროპაგანდის ნარატივი უკრაინაში ამერიკული ბიო-ლაბორატორიებთან დაკავშირებით, ხოლო სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის უსაფრთხოების "ლეგიტიმურ წუხილებზე" საუბრობდა. 

მრჩეველებისა და თეთრი სახლის აპარატის უფროსისგან განსხვავებით ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტი სენატის უმრავლესობის თანხმობას საჭიროებს - სავარაუდოა, რომ გაბარდის დამტკიცება თანამდებობაზე მარტივი არ იქნება და წინააღმდეგ დემოკრატების გარდა, რესპუბლიკელებიც იქნებიან. 

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი - კეშ პატელი (44 წლის)

ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ლოიალისტი და ე.წ. Deep State-თან მებრძოლი დონალდ ტრამპის გარემოცვაში, პირველი ადმინისტრაციაში პატელი თავდაცვის მდივნის აპარატის უფროსად მუშაობდა.

საკვანძო ძალოვანი, სადაზვერვო და საგამოძიებო უწყებების უფროსის პოსტზე ყველაზე მკვეთრი ლოიალისტების დანიშვნით, დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის ელიტების დასუსტებას ცდილობს, რომლებსაც უკვე დიდი ხანია მტრებად მიიჩნევს. 

პატელი პრაქტიკულად ერთ-ერთში იმეორებს დონალდ ტრამპის რიტორიკას ე.წ. Deep State-თან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ პატელი ამბობდა, რომ მზად იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს შენობა დაეხურა, მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე დღეს შენობაში Deep State-ის მუზეუმი გაეხსნა. 

Axios-ის ცნობით, პატელი სტივ ბენონის პროტეჟეა, რომლის დაწინაურებასაც ბოლო კვირებში აქტიურად ცდილობდა და მისი დანიშვნა ბენონის მნიშვნელოვანი გამარჯვება გახდა. 

სხვა პოსტების მსგავსად FBI-ის უფროსი სენატის უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს, სავარაუდოა, რომ პატელისთვის არ იქნება მარტივი ასეთი უმრავლესობის მოპოვება, თუმცა წყაროების ცნობით, მისი კანდიდატურმა ზომიერი რესპუბლიკელების კმაყოფილებაც გამოიწვია. 

ელჩი გაეროში - ელის სტეფანიკი (40 წლის)

ნიუ-იორკის 21-ე ოლქის წარმომადგენელი კონგრესში, ქვედა პალატაში რესპუბლიკური პარტიის კონფერენციის თავმჯდომარე, ელი სტეფანიკი პარტიაში გავლენით მეოთხე ფიგურაა. 

ჯონ რეტკლიფის მსგავსად სტეფანიკი აქტიურად იცავდა დონალდ ტრამპს დემოკრატიული პარტიის მიერ ინიცირებული პირველი იმპიჩმენტის პროცედურის დროს 2019 წელს. სტეფანიკისა და ტრამპს კარგი ურთიერთობები აქვთ, ტრამპმა რამდენიმეჯერ იმაზეც კი მიანიშნა, რომ სტეფანიკს 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების კარგი შანსი აქვს. 

სტეფანიკი გამოირჩევა მკვეთრად პრო-ისრაელური პოზიციებით, პოლიტიკოსმა ანტი-სემიტიზმში დაადანაშაულა იმ უნივერსიტეტების ადმინისტრაცია, რომლებშიც გასულ თვეებში პრო-პალესტინური დემონსტრაციები მიმდინარეობდა. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სტეფანიკი კონგრესში უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მტკიცე მხარდამჭერი იყო. 2022 წელს სტეფანიკი ითხოვდა უკრაინის მიღებას ნატოში და ქვეყნისთვის თითქმის ყველანაირი შეიარაღების გადაცემას. ამგვარი პოზიციებისთვის სტეფანიკი რუსეთის სასანქციო სიაშიც მოყვა, რაზეც განაცხადა, რომ მისთვის ეს პატივის ნიშანია. 

მიუხედავად ამისა, ბოლო თვეებში სტეფანიკი პირდაპირ აღარ პასუხობს კითხვას ემხრობა თუ არა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას - პოლიტიკოსის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ სტეფანიკის პოზიციები სრულ თანხვედრაშია არჩეულ პრეზიდენტის ხედვებთან. 

ვაჭრობის მდივანი - ჰოვარდ ლატნიკი (63 წლის) 

ლატნიკი მსხვილი ფინანსური კორპორაციის Cantor Fitzegarld-ის დირექტორია. კომპანიის ოფისი მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მდებარეობდა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებს კომპანიის ათეულობით თანამშრომელი ემსხვერპლა, მათ შორის ლატნიკის ძმაც. თავად ლატნიკი ტერაქტის დროს სავაჭრო ცენტრში არ იმყოფებოდა, თუმცა ცნობების გავრცელებისთანავე ადგილზე მივიდა - ლატნიკმა სერიოზული დაზიანებები მიიღო სამხრეთ ცათამბჯენის ნგრევისას. მომდევნო წლებში ლუტნიკმა ტერაქტების მსხვერპლთა ოჯახების დახმარების ფონდი დააფუძნა. 

ლატნიკი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი იყო. ბოლო დრომდე ლატნიკი ტრამპის გარდამავალი გუნდის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. 

მისი კომპანია კი ამერიკის სახელმწიფო ობლიგაციების შემნახველია. ლატნიკი ტრამპის ირგვლივ დაბანაკებული კრიპტო-ენთუზიასტია, მისი თქმით, ბიტკოინი უნდა ივაჭრებოდეს საერთაშორისო სასაქანლო ბირჟებზე, ისე როგორც ოქრო. 

ამერიკული მედიის ცნობით, ლატნიკის ხაზინის მდივნის პოსტი სურდა, ამაში მას მხარს უჭერდა მისი მეგობარი ელონ მასკიც, თუმცა, საბოლოოდ არჩევანი სხვა კანდიდატზე გაკეთდა. 

უსაფრთხოების მინისტრი - კრისტი ნოემი (52 წლის)

კრისტი ნოემი მრავალი წლის განმავლობაში საოჯახო ბიზნესით იყო დაკავებული. 2010 წელს გახდა წარმომადგენელთა პალატის წევრი სამხრეთ დაკოტადან, ხოლო 2019 წელს ამავე შტატის ისტორიაში პირველი ქალი გუბერნატორი გახდა. 

კორონავირუსის პანდემიის დროს აქტიურად ეწინააღმდეგებოდა შეზღუდვების დაწესებას. კრისტი ნოემი სახელდებოდა ვიცე-პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატებს შორის, თუმცა საბოლოოდ ტრამპის არჩევანი ჯეი დი ვენსზე შეჩერდა. 

მიმდინარე წელს გამოაქვეყნა მემუარები, რომელშიც ირწმუნება, რომ წლების წინ თავისი იარაღით საკუთარი 14 თვის ძაღლი მოკლა, მეტსახელად კრიკეტი. 

ნოემს მიგრაციის საკითხზე უმკაცრესი პოზიციები აქვს - აშშ-სა და მექსიკის საზღვარს კი საომარი მოქმედებების ზონას უწოდებდა.

გენერალური პროკურორი - პემ ბონდი (58 წლის)

პემ ბონდი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ტრამპის მეორე არჩევანია. თავდაპირველად აღნიშნულ პოსტზე პრეზიდენტმა განათლებით იურისტი მეტ გეტცი დაასახელა, რომელიც 2017 წელს გახდა წარმომადგენელთა პალატის წევრი ფლორიდის პირველი საარჩევნო ოლქიდან.

გეტცის პოლიტიკური კარიერა იმთავითვე დონალდ ტრამპის აქტიური მხარდაჭერით დაიწყო. მათ შორის გეტცი იმეორებდა დონალდ ტრამპის რიტორიკას 2020 წლის არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ. 

2020 წლის მიწურულს გეტცის წინააღმდეგ დაიწყო ფედერალური გამოძიება, ტრეფიკინგის ბრალდებით, მათ შორის არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით, თუმცა 2023 წელს გამოძიება შეწყდა და გეტცს ბრალდებები მოუხსნეს. ამავე წლის შემოდგომაზე გეტცი გახდა კონგრესის სპიკერის, კევინ მაკკარტის იმპიჩმენტის ერთ-ერთი ინიციატორი. 

სხვა თანამდებებობის მსგავსად გენერალური პროკურორობის კანდიდატს სენატი ამტკიცებს - თანამდებობაზე დამტკიცების დაბალი შანსის გამო გეტცმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. 

სავარაუდოა, რომ პემ ბონდის გენერალურ პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის ბევრად მეტი შანსი აქვს. ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალუროი პროკურორი ტრამპის ძველი მხარდამჭერია, მათ შორის მონაწილეობდა ტრამპის დაცვაში 2020 წლის იმპიჩმენტისა და სამართლებრივი დავების დროს.  

ენერგეტიკის მინისტრი - კრის რაიტი

პრესიტიჟული მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (MIT)  და ბერკლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კრის რაიტი ნავთობის მოპოვების ახალი მეთოდის პიონერია.

1992 წელს რაიტის მიერ დაარსებული კომპანია Pinnacle Technologies გახდა ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ფიქლის გაზის კომერციული მოპოვება დაიწყო. მოგვიანებით სათავეში ჩაუდგა ფიქლის ნავთობის ერთ-ერთი პირველ მომპოვებელ კომპანია Stroud Energy-ის. უკვე 2010 წელს კი დაარსა ნავთობ-სერვისის კომპანია Liberty Energy. 

გარდა ამისა, იყო კომპანია Okklo-ს დირექტორთა საბჭოს წევრი - კომპანია OPEN Ai-ის დირექტორის, სემ ალტმანის მონაწილეობით მცირე ზომის ატომურ რეაქტორების პროექტებზე მუშაობს. 

რაიტი კლიმატის ცვლილებების უარმყოფელია. 

შინაგან საქმეთა მინისტრი - დაგ ბურგუმი (68 წელი)

სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული დაგ ბურგუმი 2000-იან წლებში ტექნოგიურ კომპანი Great Plain Software-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც 2001 წელს Microsoft-მა 1.1 მილიარდ დოლარად შეიძინა. გარიგების შემდეგ, 2007 წლამდე ბურგუმი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. გარდა ამისა მუშაობდა სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ვენჩურული კაპიტალის პროექტებზე. ბურგუმი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსია. 

2016 წელს ბურგუმმა ჩრდილოეთ კაროლინას გუბერნატორის არჩევნებში გაიმარჯვა. 4 წლით ადრე მონაწილეობდა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერისში, თუმცა კანდიდატურა მალევე მოხსნა. 

მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიაში განიხილებოდა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად. ამერიკის შეერთებულ შტატებში შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალოვანი უწყებაა, რომელიც პასუხისმგებელია ფედერალური მიწების უსაფრთხოებასა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე. 

შინაგან საქმეთა მინისტრობის პარალელურად ბურგუმი დაიკავებს ენერგეტიკის ეროვნული საბჭოს მდივნის პოსტსაც - ეს ახალი უწყებაა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ყველა ტიპის ენერგეტიკული წარმოების, რეგულირებისა და ტრანსპორტირების საკითხებზე. 

თეთრი სახლის აპარატის უფროსი - სიუზი უაილსი (67 წლის)

პოლიტ-ტექნოლოგი, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის უფროსი ფლორიდაში 2016 და 2020 წლების საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რონ დესანტისის გამარჯვებაში ფლორიდის გუბერნატორის არჩევნებში.

მიმდინარე კამპანიაში სუზი უაილსი ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის თანათავმჯდომარის პოსტს იკავებდა. უაილსი გახდა თეთრი სახლის აპარატის პირველი ქალი უფროსი. უაილსი იშვიათად ჩნდება მედიასთან - დონალდ ტრამპი მასს ყინულის ქალს უწოდებს. 

ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში - სტივენ მილერი (39 წლის) 

მილერმა პოლიტიკური კარიერა კონგრესის წევრის, მიშელ ბახმანის პრეს-მდივნის რანგში დაიწყო - ბახმანი 2010-იან წლებში პოპულარული კონსერვატიული "ჩაის პარტიის" მოძრაობის ერ-ერთი ლიდერი იყო. გასულ წლებში მილერი ტრამპის უფროსი მრჩევლისა და სფიჩრაიტერის პოსტს იკავებდა - სწორედ მილერის დაწერილია დონალდ ტრამპის 2017 წლის საინაუგურაციო სიტყვა. 

მილერი იყო ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ტრამპის მიერ რიგი მუსლიმური ქვეყნებიდან მიგრაციის აკრძალვის აქტისა და ემიგრანტების ოჯახების განცალკევების წესის. უკიდურესად ხისტი პოზიციები აქვს მიგრაციის საკითხზე. 

საზღვრის მეფე - ტომ ჰომანი (62 წლის) 

30-წლიანი სტაჟით ტომ ჰომანი სასაზღვრო სამსახურის ვეტერანია, თუმცა განსაკუთრებულ კარიერულ წინსვლას ჰომანმა ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის წლებში მიაღწია. 2013 წლიდან იკავებდა დეპორტაციისა და იძულებითი აღსრულების დეპარტამენტის დირექტორის პოსტს. 2017-2018 წლებში იყო სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ამ პოსტზე ჰომანი ემიგრაციისა და საზღვრის უკანანო კვეთის საკითხზე ხისტ პოზიციებს იკავებდა, მათ შორის მხარს უჭერდა ოჯახების განცალკევების წესს. 

სახელმწიფო სამსახური ჰომანმა 2018 წელს დატოვა და Heritage Foundation-ის უფროსი მკვლევარი გახდა - ჰომანია პროექტ 2025-ის ერთ-ერთი, ავტორია რომელსაც მედია ხშირად მოიხსენიებდა ტრამპის სამოქმედო გეგმად არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. 

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი რამდენიმეჯერ დისტანცირდა პროექტისგან, სავარაუდოა, რომ პროექტის ზოგი დებულება ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებში იქნება, მათ შორის ქვეყანაში უკანონოდ მყოფი პირების მასობრივი დეპორტაცია - ეს დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. 

ამ თანამდებობაზე ჰომანი საზღვრის საკითხებში ყველაზე გავლენიანი ადამიანი იქნება და სწორედ მისი მისია იქნება ტრამპის მთავარი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება და არალეგალური ემიგრაციის პრობლემის მოგვარება. 

ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მინისტრი - ბობ კენედი უმცროსი (70 წლის) 

სენატორ ბობ კენედის შვილი და ამერიკის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილი. ნარკოტიკული ნივთიერებების უკანანო შენახვისთვის მისჯილი გამოსასწორებელი სამუშაოების დროს, გაიტაცა ეკოლოგიის საკითხებმა. მიიღო უმაღლესი განათლება ეკოლოგიურ სამართლის სფეროში. 1999 წელს დაარსა წყლის სისუფთავის მცველთა ალიანსი, რომელიც წყალსაცავების სისუფთავის საკითხებზე მუშაობდა. 

დროთა განმავლობაში გაერთო კონსპიროლოგიური თეორიებით: დარწმუნებულია, რომ მამის მკვლელობა ცენტრალური სადაზვერვო სამმართლოს ორგანიზებულია, გამოდიოდა კორონავირუსის აცრების წინააღმდეგ. 

მიმდინარე არჩევნებში კენედი დამოუკიდებელ კანდიდატად იყო რეგისტრირებული, თუმცა კამპანიის მიწურულს რბოლიდან გავიდა და მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა. 

განათლების მინისტრი - ლინდა მაკმაჰონი (76 წლის) 

1980 წელს მეუღლესთან ვინს მაკმაჰონთან ერთად დაარსა ამერიკული რესტლინგის კომპანია Titan Sports Inc. - მომდევნო წლებში წყვილმა შეიძინა ამერიკული რესტლინგის უმსხვილესი კომპანია (World Wrestling Entertaiment). 

სპორტული გართობის ინდუსტრიიდან პოლიტიკაში ლინდა მაკმაჰონმა 2009 წელს გადაინაცვლა, რამდენიმე წლის განმავლობაში იყო კონექტიკუტის შტატის განათლების საბჭოს წევრი. ორჯერ იყარა კენჭი სენატის არჩევნებში, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა. 

დონალდ ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში ხელმძღვანელობდა მცირე ბიზნესის ასოციაციას. წლების განმავლობაში იყო America First Policy Institute-ის საბჭოს თავმჯდომარე. იკავებდა ტრამპის გარდამავალი გუნდის თანათავმჯდომარე. გარდა ამისა რამდენიმე წლის განმავლობაში იყო წმინდა გულის კათოლიკური უნივერსიტეტის მესვეურთა საბჭოს წევრი. 

მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი - ელონ მასკი და ვივეკ რამასვამი

პლანეტის უმდიდრესი ადამიანი ბოლო თვეებში დონალდ ტრამპის საუკეთესო მეგობარი, მრჩეველი და უმსხვილესი დონორი გახდა. 

ვივეკ რამასვამი მონაწილეობდა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერისში, თუმცა კანდიდატურა ტრამპის სასარგებლოდ მოხსნა. 

ახალი სააგენტო არ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ნაწილი, შესაბამისად მასკი და რამასვამი არ იქნებიან საჯარო მოხელეები. სააგენტოს ფუნქცია იქნება კონსულტაციების გაწევა თეთრი სახლისთვის სამთავრობო ბიუროკრატიის შემცირების მიზნით.  მასკი და რამასვამი გაწევენ რეკომენდაციებს ჭარბი ნორმატიული აქტების გაუქმების, ფედერალური ხარჯების შემცირებისა და სხვა ფედერალური სააგენტოს რესტრუქტურიზაციის შესახებ. 

რუხი კარდინალი - ბორის ეპშტეინი 

პირველი ვადის მსგავსად დონალდ ტრამპის ირგვლივ კვლავ არიან ადამიანები, რომლებსაც ფორმალური თანამდებობები არ აქვთ, მაგრამ მაინც ძალიან დიდი გავლენით სარგებლობენ. 

თუ კი პირველ ვადაში ასეთ გავლენიან ფიგურებად ტრამპის ქალიშვილი ივანკა და მისი მეუღლე, ჯარედ კუშნერი მიიჩნეოდნენ, მიმდინარე პერიოდში იმავე დასავლური მედიის ცნობით, ტრამპის გარემოცვაში მზარდი გავლენით სარგებლობს მისი ერთ-ერთი ადვოკატი, ბორის ეპშტეინი. 

New York Times-ის ცნობით, ეპშტეინი, რომელიც გასულ წლებში ტრამპის სასამართლო დავების კოორდინატორი იყო ბოსის ჭარბი ნდობით სარგებლობს და გავლენას ახდენს მის საკადრო გადაწყვეტილებებზეც. გაზეთის ცნობით, ეპშტეინი თან ახლდა ვაშინგტონისკენ მიმავალ დონალდ ტრამპს, რომელიც თეთრ სახლში პრეზიდენტ ბაიდენს უნდა შეხვედროდა. 

წყაროების ცნობით, ამავე რეისზე ეპშტეინმა ტრამპს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის საკითხზე სპეციალურ წარმომადგენლად საკუთარი თავის დანიშვნა შესთავაზა. ეპშტეინს არ აქვს დიპლომატიური გამოცდილება, თუმცა ის არწმუნებდა ტრამპს, რომ კარგად იცის კონფლიქტის ანატომია, რადგანაც მოსკოვშია დაბადებული და ნათესავები კონფლიქტის ორივე მხარეს ჰყავს. 

წყაროების ცნობით, დიპლომატიური გამოცდილების არმქონე ეპშტეინის ინიციატივამ ბორტზე მყოფების გაკვირვება გამოიწვია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მის წინააღმდეგ არიზონაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს საქმე 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის შესახებ. 

გაზეთის წყაროს ცნობით, ეპშტეინის ჭარბი გავლენით გაკვირვებული დარჩა ელონ მასკიც, რომელსაც გამოცემა Axios-მა თავის მხრივ ყველაზე ძლევამოსილი არაარჩეული თანამდებობის პირი უწოდა

საყურადღებოა, რომ ეპშტეინი 2017 წელს თეთრი სახლის კომუნიკაციის აპარატში, თუმცა მალევე მოუწია თანამდებობის დატოვება საიდუმლო ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის საკითხზე შექმნილი პრობლემის გამო. წყაროს ცნობით, პრობლემა დღეს გადაწყვეტილია, თუმცა თავად ეპშტეინს სურს, რომ მომავალ ადმინისტრაციაში არ ეკავოს ფორმალური თანამდებობა. 

გაზეთის ცნობით, ტრამპის გარემოცვაში არავინ აყენებს ეჭვქვეშ ბორის ეპშტეინის გავლენას  - "ეპშტეინი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაციას იღებს ტრამპი, მათ შორის სხვადასხვა საკადრო გადაწყვეტილებებზე",- ნათქვამია მასალაში. 

წყაროების ცნობით, სწორედ ეპშტეინი ადვოკატირებდა მეტ გეტცკის დანიშვნას გენერალურ პროკურორად. 

სწორედ ეპშტეინი მიიჩნევა ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე ათეულობით სასამართლო საქმეების მთავარ სტრატეგოსად - ეპშტეინი კოორდინირებდა ტრამპის დაცვის პროცესს სხვადასხვა საქმეებში, სწორედ მისი იდეა იყო საპასუხო საჩივრებითა და აპალაციებით სასამართლოების გაწელვა, მიზანი ამგვარად პროცესის გაწელვა და საპრეზიდენტო არჩევნებთან მაქსიმალურად მიახლოება იყო, რასაც პოლიტიკური დევნის აღქმა უნდა შეექმნა. 

ეკლექტური კოალიცია 

"არჩეული პრეზიდენტის კაბინეტი სულ უფრო მეტად მოგვაგონებს ევროპული სტილის სამთავრობო კოალიციას, რომელიც მეტოქეობაში მყოფი იდეოლოგიური, მაგრამ დროებით გაერთიანებული ბანაკებისგან შედგება, გაერთიანებულების ერთიანი MAGA ხედვით",- ასე აფასებს ტრამპის ახალ ადმინისტრაციას გამოცემა Axios.

გამოცემა ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს 3 პირობით ფრაქციად ჰყოფს: "ამერიკა უპირველეს ყოვლის რესპუბლიკელები", ესტებლიშმენტის კონსერვატორები და დისიდენტი დემოკრატები. 

პირველ ჯგუფში "ჭეშმარიტი მორწმუნეები" არიან, რომლებიც ტრამპისთვის ყველაზე პრიორიტეტულ და მნიშვნელოვან პოსტებს დაიკავებენ. მათ შორის, გენერალურ პროკურატურაში, საემიგრაციო სამსახურსა და პენტაგონში. 

გენერალურ პროკურორი უნდა გახდეს ტრამპის სამართლებრივი შურისგების ერთგული აღმასრულებელი, თავდაცვის მდივნობის კანდიდატის მისია კი პენტაგონში ერთგვარი კულტურული გადატრიალების ორგანიზებაა. 

"საზღვრის მეფედ კურთხეული" ტომ ჰომანისა და სტივენ მილერი კი ტრამპის კამპანიის ცენტრალური დაპირების საზღვრის კრიზისის გადაჭრის არქიტექტორები უნდა გახდნენ. 

ესტაბლიშმენტის კონსერვატორები, რომლებიც ტრამპის პირველ კაბინეტში დომინანტურ ძალას წარმოადგენდნენ - მათ შორის იყვნენ ვიცე-პრეზიდენტი პენსი, სახელმწიფო მდივანი პომპეო, ვაჭრობის მდივანი სტივენ მნუჩინი და მთავარი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი - მნიშვნელოვნად დასუსტებულია, მაგრამ არა განადგურებული. 

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ელიტური წრეების განწყობები შედარებით დაამშვიდა ტრამპის ადრეულმა არჩევანმა: სახელმწიფო მდივნად, მარკო რუბიოს, მთავარ მრჩევლად მაიკ უოლცისა და გაეროში ელჩად ელი სტეფანიკის დანიშვნამ.

მაგრამ ე.წ. ქორების ბანაკის დაწინაურება პრობლემურია ტრამპის MAGA ბაზისთვის - ამ მოძრაობის ლიდერებმა საჯაროდ გამოთქვეს უკმაყოფილება მარკო რუბიოს ფიგურით და მას ნეოკონი უწოდეს, რომელიც ინტერვანციონისტულ პოლიტიკას ემხრობა. 

დისიდენტი დემოკრატები ტრამპის კოალიციის ახალი წევრები არიან და იდეოლოგიურად უფრო MAGA-ს ფრთას მიეკუთვნებიან. ანტი-ისტებლიშმენტური რიტორიკით მათ ტრამპის ბირთვული ამომრჩევლის მოხიბვლა შეძლეს. მაღალი ალბათობით, ეს ფრაქცია იქნება კოალიციაში ბზარების საფუძველი. 

ამ ფრაქციას მიეკუთვნება ელონ მასკიც, რომელიც ბოლო თვეებში მარ-ა-ლაგოს მუდმივი ბინადარი გახდა და პრესის ინფორმაციით უკვე მოასწრო დაპირისპირებოდა ტრამპს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თანაშემწეს, ბორის ეპშტეინს. 

დაპირისპირების მიზეზი კი საკადრო გადაწყვეტილებები გახდა, წყაროს ცნობით, მასკი დაეჭვდა ეპშტეინის საკადრო საკითხების კომპეტენციაში, მით უფრო იმის ფონზე, რომ გენერალური პროკურატურა და თეთრი სახლის აპარატი უმეტესად ეპშტეინის პროტეჟეებით დაკომპლექტდა. 

წყაროების ცნობით, საკითხი "ხმამაღალი კამათისა და ნამდვილი აფეთქების" მიზეზი გახდა ცოტა ხნის წინ ფლორიდის რეზიდენციაში გამართულ სადილზე. კამათისას მასკმა ეპშტეინი ტრამპის გარდამავალი გუნდის საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ მედიისთვის ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა. წყაროების ცნობით, ეპშტეინმა მასკს უპასუხა, რომ არ იცოდა რაზე საუბრობდა.

Washington Post-ის ცნობით, დაპირისპირება გაგრძელდა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ჰოვარდ ლატნიკის ინიციატივით გაიმართა და რომელზეც ის ბორის ეპშტეინს არ უშვებდა. წყაროების ცნობით, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა, თუმცა ეპშტეინი საბოლოოდ დაესწრო შეხვედრას. 

მომდევნო დღეებში ეპშტეინმა მასკის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ხაზინის ახალ მდივნად მისი კანდიდატი, სკოტ ბესენტი დაინიშნა. მასკი პოსტზე ჰოვარდ ლატნიკის დანიშვნას ადვოკატირებდა.

"ბესენტი სტატუს-კვოს კანდიდატია, მაშინ როდესაც ლატნიკი ნამდვილი ცვლილების სიგნალი იქნება, სტატუს-კვო აკოტრებს ამერიკას",- წერდა მასკმა კუთვნილ სოციალურ ქსელზე. 

ტრამპის გარემოცვის უმეტესობა შეეგუა მასკის გამოჩენას და მასთან მუშაობასაც აუღეს ალღო, ის განსაკუთრებულად კარგ ურთიერთობებშია ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან და ტაკერ კარლსონთან, ასევე დონალდ ტრამპის ვაჟებთან დონ ჯუნიორსა და ერიკთან. "ელონს უკვე ბიძიის სტატუსი აქვს"- წერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთობლივ ფოტოზე ტრამპის შვილიშვილი, კაი ტრამპი. 

"ძია ელონი და მამა პარიზში",- ამ სათაურით გამოაქვეყან საკუთარ სოციალურ ქსელში მასკისა და დონალდ ტრამპის ფოტო, მისმა უმცროსმა ვაჟმა ბარონ ტრამპმა. ამერიკული მედიის ცნობით, მამის გარემოცვაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბარონ ტრამპიც, რომელიც ამ დროისთვის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტუდენტია. წყაროების ცნობით, სწორედ ბარონ ტრამპმა ურჩია მამას პოპულარულ პოდკასტერებთან სტუმრობა, რაც წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

არ არი გასაკვირი, რომ მასკის მზარდი გავლენა პრეზიდენტის ამალაში ზოგის გაღიზიანებას იწვევს - NBC-ის ცნობით, ტრამპის ძველი თანაშემწეები მიიჩნევენ, რომ მასკი საკუთარ მოვალეობებს სცდება. მასკის გავლენაზე მეტყველებს მისი მონაწილეობაც დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარში. 

მოლოდინები 

რუსეთ-უკრაინის ომი 

27 ნოემბერს დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე სპეციალურ წარმომადგენლად, თადარიგის გენერალი კიტ კელოგი დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიის ამომრჩევლებს ჰპირდებოდა, რომ ომს 24 საათში დაასრულებდა, თუმცა არცერთხელ პირდაპირ არ გაუჟღერებია კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც აპირებს ამის გაკეთებას. 

ასეთ ვითარებაში ტრამპის ირგვლივ მცურავი რესპუბლიკელები და დასავლური მედია პრეზიდენტის გარემოცვის წევრებზე დაყრდნობით სხვადასხვა შესაძლო გეგმებზე წერდნენ. 

სწორედ ერთ-ერთი ასეთი გეგმის თანა-ავტორია, კიტ კელოგი. ივნისში Reuters-მა გაასაჯაროვა ფრედ ფლეიცთან ერთად დაწერილი გეგმა კონფლიქტის დარეგულირებისთვის. გეგმა ითვალისწინებს უკრაინის მიერ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარის შემთხვევაში დახმარების შეწყვეტას. თუ მოლაპარაკებებზე უარს რუსეთი იტყვის გეგმა უკრაინის სამხედრო დახმარების ზრდას და შეიარაღების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას გულისხმობს. 

"ჩვენ უნდა ვუთხრათ უკრაინელებს თქვენ უნდა დასხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში დახმარება შეწყდება. ასევე, უნდა ვუთხრათ პუტინს, რომ მოლაპარაკებებზე უარის შემთხვევაში უკრაინას მივცემთ ყველაფერს რაც საჭიროა რუსეთის არმიის გასანადგურებლად ბრძოლის ველზე",- ამბობდა კელოგი ივნისში. 

მოლაპარაკებებზე რუსეთის დასათანხმებლად გეგმა ითვალისწინების უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხის გაყინვას განგრძობადი პერიოდით. ფრედ ფლეიცის თქმით, მათი გეგმის მიხედვით, უკრაინას არ მოუწევს ტერიტორიების ფორმალურად დათმობა, თუმცა დასძენს, რომ უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყანამ ამ ტერიტორიებზე კონტროლი დაიბრუნოს. 

"ჩვენი მთავარი წუხილი ის არის, რომ კონფლიქტი გადაიზარდა გამოფიტვის ომში, რომელიც ახალგაზრდა კაცების მთელ თაობას გაანადგურებს" - ამბობს ფრიცი. 

გეგმის ავტორების მტკიცებით, ხანგრძილივი მშვიდობისთვის აუცილებელი იქნება უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები, ამის საკვანძო ელემენტი უკრაინის კბილებამდე შეიარაღებაა.

"ის (კელოგი) თავიდანვე გვერდში მედგა. ერთად ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას ძალის მეშვეობით და ამერიკა და მსოფლიო კვლავ უსაფრთხო გახდება"- წერს ტრამპი კელოგის დანიშვნის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში. 

3-ვარსკვლავიანი გენერალი კიტ კელოგი ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში რამდენიმე პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსადაც, თუმცა უფრო დიდი ხნის განმავლობაში იყო ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. 

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, კელოგი უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებით გამოდიოდა და ბაიდენის ადმინისტრაციას სხვადასხვა ტიპის შეიარაღების გადაცემისკენ და მედი დინამიზმისკენ მოუწოდებდა. 

20 ნოემბერს Fox News-თან ინტერვიუში კელოგმა მხარი დაუჭირა ბაიდენის გადაწყვეტილებას ამერიკული წარმოების რაკეტების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის შესახებ. კელოგის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 1 წლის წინ უნდა მიეღო, თუმცა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება დოანლდ ტრამპს მოლაპარაკებებში მეტ მოქნილობას მისცემს.

"კიტ კელოგის ნომინაცია ზრდის ალბათობას, რომ ესკალაცია დე-ესკალაციისთვის ამერიკის სტრატეგიის ნაწილი გახდება, თუმცა რთული სათქმელია იქნება თუ არა ეს მიდგომა მაფორმირებელი"- წერს ევროპის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ფრანც-სტეფან გადი. 

ქაღალდზე დონალდ ტრამპის არჩევა უკრაინისთვის ყველაზე შემზარავ კოშმარად მოსჩანს - ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ შეწყვეტდა უკრაინის დახმარებას, უარს ამბობდა ცალსახად დაეგმო შეჭრა, გამოხატავდა აღფრთოვანებას პუტინის მეთოდებზე და 2019 წელს ვოლოდიმირ ზელენსკის 'დაშანტაჟებაც" სცადა სამხედრო დახმარების დაპაუზებით. 

"აქედან გამომდინარე ბევრისთვის სიურპრიზი იყო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვის არაერთი წევრი ტრამპის გამარჯვებას გულშემატკივრობდა - ეს არის ინდიკაცია თუ რამდენად გაუარესდა ქვეყნის მდგომარეობა ბოლო თვეებში. გადარჩენისთვის მინიმალური დახმარების გაგრძელებასა და ამოუცნობ პრეზიდენტს შორის, რომელიც ამოაყირავებდა თამაშის წესებს და მაღალი ალბათობით შეწყვეტდა დახმარებას, ზელენსკის ირგვლივ მზად იყვნენ გაერისკათ"- წერს გამოცემა The Economist. 

ამ მზაობაზე მეტყველებდა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბარი, რომელიც პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე გაიმართა. 

საქმე ის არის, რომ ზელენსკის გუნდში დროთა განმავლობაში იზრდებოდა იმედგაცრუება იმით, რასაც თავად ბაიდენის ადმინისტრაციის თვით-შეკავების სტრატეგიას უწოდებენ. უკრაინელები მიუთითებდნენ, რომ ესკალაციის შიშმა თეთრი სახლი პარალიზამდე მიიყვანა, ხოლო რიტორიკასა და ქმედებებს შორის მანძილი სულ უფრო იზრდებოდა. 

უკრაინისთვის განსაკუთრებულ იმედგაცრუებას იწვევდა ბაიდენის ადმინისტრაციის გაჭიანურებული გადაწყვეტილება ამერიკული რაკეტების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ამას ემატებოდა შეიარაღების გადაცემის დაყოვნება და უკრაინისთვის უსაფრთხოების ქმედითი გარანტიების მიცემის უუნარობა - ამ ყველაფრის ფონზე ბაიდენის გუნდი უკრაინაში სუსტ და ფარისევლურ ადმინისტრაციად მიიჩნეოდა. ამ ვითარებაში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ ზელენსკის შესაძლოა შესთავაზოს გამოსავალი კარგ შემთხვევაში სისხლიანი ჩიხიდან ან უარეს შემთხვევაში მარცხიდან.

ტრამპის გამარჯვება უკრაინული არმიისთვის ურთულეს პერიოდს დაემთხვა - რუსეთის წინსვლის ტემპები დონეცკის ოლქში ბოლო თვეებში საგრნოძბლად გაიზარდა და ზოგი დათვლით 2022 წლის ზაფხულის მაჩვენებლებს დაუბრუნდა. რუსეთი უტევს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ლოჯისტიკურ უმნიშვნელოვანეს ქალაქ კურახოვეს, რომლის ბედიც მაღალი ალბათობით გადაწყვეტილია. გარდა ამისა შეტევები მიმდინარეობს ჩასოვ იარის, პოკროვსკისა და კუპიანსკის მიმართულებით. უკრაინული წყაროები საუბრობენ რუსეთის მოსალოდნელ იერიშზე ზაპორიჟიის მიმართულებით. პარალელურად უკრაინამ უკვე დაკარგა კონტროლი კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიის დაახლოებით 40%-ზე. ამ დროისთვის რუსეთს დნეპროპეტროვსკის ოლქთან 10 კილომეტრზე ნაკლები აშორებს. 

პარალელურად მცირდება პოლიტიკური ლიდერებისა და ინსტიტუტების ნდობა. მობილიზაციის ახალი კანონის მიუხედავად უკრაინა გეგმას მხოლოდ 2/3-ით ასრულებს, იზრდება სამხედრო ნაწილისა და საბრძოლო პოზიციების თვითნებურად დატოვების შემთხვევებიც. 

სირთულეების მიუხედავად, მოლოდინი რომ უკრაინული არმია ბრძოლას შეწყვეტს გაუმართლებელია, ჯერჯერობით ქვეყანას აქვს საკმარისი შეიარაღების მარაგი და მომავალში მისაღები დასავლური შეიარაღება. 

ტრამპი ხშირად ამაყობს იმით, რომ მსოფლიო ლიდერებში არაპროგნოზირებადი პრეზიდენტის რეპუტაცია აქვს - მისი თქმით, არაპროგნოზირებადობა განაპირობებს სხვების სიფრთხილეს. ტრამპის მიერ უკრაინის სრულად მიტოვება ნაკლებად სავარაუდოა და არამხოლოდ და არა იმდენად იმიტომ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება არ იქნება პოპულარული მის ამომრჩევლებში. ტრამპს უბრალოდ არ სურს უკრაინის დამარცხების ავტორი გახდეს და ეს მის მემკვიდრეობად აქციოს. 

როგორც ტრანზაქციული პოლიტიკოსი ტრამპმა უკრაინისგან შესაძლოა მოითხოვეს რამე სანაცვლოდ, მაგალითად უკრაინის სასარგებლო წიაღისეულზე წვდომა. 

ეჭვგარეშეა, რომ ტრამპს სურს მაქსიმალურად სწრაფი შეთახნმება, სასურველია 20 იანვრამდე (ინაუგურაციის თარიღი), თუმცა აქ კიდევ ერთი არც თუ უმნიშვნელო ელემენტია - ვლადიმირ პუტინი და მისი პირობები. დასავლური წყაროების ცნობით, პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მხოლოდ საკუთარ პირობებზე, რომელიც ყირიმის გარდა უკრაინის კიდევ 4 ოლქის ანექსიის დაკანონებას, უკრაინის ნეიტრალიტეტსა და ჯარის შემცირებას გულისხმობს. მარტივად, რომ ვთქვათ კაპიტულაციას. 

ტრამპის მიერ წარმატებული გარიგების ორგანიზების შანსს ამცირებს ბრძოლის ველზე შექმნილი მდგომარეობაც - პუტინი დარწმუნებულია, რომ ომში იმარჯვებს, მისი არმია წინ მიიწევს, ხოლო კაპიტულაცია სულ ახლოსაა. 

"დღეს პუტინის არ სურს არანაირი სამშვიდობო შეთანხმება. მან მოიშუშა 2022 და 2023 წლის ჭრილობები, დაიბრუნა სამხედრო და ეკონომიკური თავდაჯერება და ფიქრობს, რომ საბოლლოოდ გახედნა იღბალი, მას სჯერა, რომ გამოფიტვის ომში დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს"- წერს Carnegie-ის ფონდის რუსეთის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრ ბაუნოვი. 

საქმე ის არის, რომ გარკვეული გაგებით ბლიცკრიგის ჩავარდნის შემდეგ კრემლის გამარჯვების გეგმა სწორედ ტრამპის გამარჯვებაზე იყო დაფუძნებული. თუ კი ასეთი ამერიკელი პრეზიდენტის წინადადებაც კი პუტინისთვის მიუღებელი აღმოჩნდება ეს რუსეთის გამარჯვების გეგმის დასასრული იქნება, მით უფრო, რომ ამერიკასთან დიდ გარიგებაზე დამყარებული იმედები ტრამპის პირველ ვადაში არ გამართლდა. როგორც შედეგი მიმდინარე არჩევნებზე ტრამპის გამარჯვებას 2016 წელთან შედარებით რუსი პროპაგანდისტებისა და ოფიციალური პირების მოკრძალებული სიხარული მოჰყვა.

ახლო აღმოსავლეთი 

რუსეთ-უკრაინის ომის და ჩინეთთან ურთიერთობების გამწვავების მნიშვნელობის გათვალისწინებითაც მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია პირველი დღეებში სწორედ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებით იქნება დაკავებული. 

დონალდ ტრამპის მიერ ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გუნდში უმაღლეს თანამდებობებზე შერჩეული 3 პოლიტიკოსს ამერიკული პოლიტიკის კომენტატორები გაბრაზებულ ვეტერანებად მოიხსენიებენ  ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ხანგრძლივი ომის მონაწილეები. 

ასეთები არიან: ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, თავდაცვის მდივნობის კანდიდატი, პიტ ჰეგსეტი და ეროვნული დაზვერვის დირექტორობის კანდიდატი, ტულსი გაბარდი. 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, უამრავი ახალგაზრდა ამეიკელი ჩაეწერა მოხალისედ ტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებული გლობალური ომში. ეს იყო ბრძოლა, რომელიც დაიწყო ავღანეთიდან ალ-ქაიდას ამოძირკვის მიზნით, თუმცა მალევე გაფართოვდა ერაყზეც და საბოლოოდ გადაიზარდა იმაში, რაც დღეს ამერიკის "უსასრულო ომების" სახელით არის ცნობილი. 

ამგვარად აშშ-ს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების უწყებებს პირველად უხელმძღვანელებენ ადამიანები, რომლებიც ძალიან სკეპტიკურად აფასებენ ამერიკის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო საქმეებში და რაც უფრო მნიშვნელოვანია ისინი უარყოფითად არიან განწყობილი პოლიტიკური ელიტისა და ინსტიტუტების მიმართ, რომლებმაც მათი თქმით ეს ომები წამოიწყო და შემდეგ ვეტერანები ბედის ანაბარა დატოვა. 

სავარაუდოა, რომ ტრამპის მეორე ვადის საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნად იქნება განსაზღვრული ასეთი ვეტერანების ხედვით, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, თუმცა უშუალოდ ადგილზე პასუხისმგებლებად დონალდ ტრამპმა თავისი უახლოესი გარემოცვის წევრები შეარჩია. 

ახლო აღმოსავლეთში სპეციალურ წარმომადგენლად დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და უძრავი ქონების მაგნატი, სტივ უიტკოფი დანიშნა, ხოლო რეგიონის საკითხებზე მრჩევლად კი თავისი მზახალი, მასად ბულუსი. 

უიტკოფის დანიშვნით დონალდ ტრამპი ცდილობს მაქსიმალურად დააჩქაროს საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება. ამაზე მიანიშნებს სტივენ უიტკოფის ერთ-ერთი პირველი აქტივობაც - 13 დეკემბერს უიტკოფი საუდის არაბეთის დედაქალაქში კრონ-პრინცს, მოჰამედ ბინ-სალმანს შეხვდა. ეს საუდის არაბეთისა და ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წევრის პირველი შეხვედრაა. 

წყაროების ცნობით, ტრამპს სურს რომ საუდის არაბეთის და ისრაელის სამშვიდობო შეთანხმება მოიცავდეს გარკვეულ ნაბიჯებს ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის დასრულების შესახებ. უიტკოფმა და მოჰამად ბინ-სალმანმა შეხვედრაზე განიხილეს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმება, ღაზაში მიმდინარე მოვლენები და საუდის არაბეთისა და ამერიკის ურთიერთობები. 

"მე მსურს ხანგრძლივი მშვიდობა, მე არ ვამბობ, რომ ამის მაღალი ალბათობააა, მაგრამ მე მინდა მშვიდობა, რომელშიც მომდევნო 4 წლის მანძილზე აღარ მივიღებთ ახალ 7 ოქტომბერს. მე მინდა ყველა ბედნიერი იყოს",- ამბობდა ტრამპი Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გასულ კვირას. 

გარდა ამისა, ცნობილია, რომ უიტკოფი რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ კრიპტო ვალუტის კონფერენციაზე. ვიზიტის ფარგლებში უიტკოფი შეხვდა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, შეიხ თაჰნუნ ბინ-ზაიედს

პარალელურად შეხვედრებს აგრძელებს მასად ბულუსიც - გასულ კვირას დონალდ ტრამპის მრჩეველი, დოჰაში კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მალევე ცნობილი გახდა ვაშინგტონში ბულუსისა და იორდანიის მეფის, აბდალას აუდიენციის შესახებაც. 

ამავე დღეს უიტკოფი და ბულუსი შეხვდნენ ისრაელის სტრატეგიული საკითხების მინისტრს და ბიბი ნეთანიაჰუს უახლოესი გარემოცვის წევრს, რონ დერმერს. გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ისრაელში ელოდებიან ტრამპის მიერ მძევლების საკითხზე დანიშნული ადამ ბოელერს 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობდა საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე, გარკვეული აზრით, სწორედ ეს წარმოადგენდა ადმინისტრაციის რეგიონული სტრატეგიის ქვაკუთხედს. წყაროების ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია მზად იყო ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ საუდის არაბეთისთვის შეეთავაზებინა თავდაცვითი ხელშეკრულება და ასევე დახმარება სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებაში. 

შეთანხმებისთვის მზაობის სიგნალებს იძლეოდა მოჰამად ბინ-სალმანიც, თუმცა ვითარება 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ შეიცვალა. ისრაელის მიერ ღაზასა და ლიბანში წამოწყებული სამხედრო ოპერაციების ფონზე, საუდის არაბეთთმა ნორმალიზაციის წინაპირობას პალესტინური სახელმწიფოს შექმნა დაასახელა, რამაც პროცესი პრაქტიკულად ჩიხში შეიყვანა. 

საუდის არაბეთის უმაღლესი თანამდებობის პირები საჯაროდაც და კერძო საუბრებშიც ამბობენ, რომ ისინი კვლავ დაინტერესებულები არიან ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციით, თუმცა საკვანძო წინაპირობა პალესტინური სახელმწიფოს შექმნის გზაზე მკაცრად განსაზღვრული კონკრეტული ნაბიჯები და ვადები სახელდება. 

თავის მხრივ ბიბი ნეთანიაჰუ კატეგორიულ უარს ამბობს პალესტინურ სახელმწიფოს საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ დათმობაზე - ისრაელის პრემიერის გარემოცვაში ფიქრობენ, რომ ირანისა და მისი პროქსი ძალების წინააღმდეგ ბოლო თვეებში მიღწეული გამარჯვებების ფონზე საუდის არაბეთი შეარბილებს საკუთარ წინაპირობებს. გარდა ამისა, ნეთანიაჰუს იმედი აქვს, რომ ტრამპის პირობებში ისრაელს სრულად გაეხსნება ხელი ჰამასისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლაში და აღარ მოუწევს ამერიკელი პრეზიდენტის განცხადებების მოსმენა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აუცილობლობაზე. 

უნდა ითქვას, რომ ნეთანიაჰუს იმედი უსაფუძვლო არ არის - პირველ ვადაში ტრამპი არ ჩანდა დიდად დაინტერესებული პალესტინელების ბედით. პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, რომელიც საელჩოს თელ-ავიდიდან იერუსალიმში გადატანით და გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერინიტეტის აღიარებაში გამოიხატა, ტრამპი მხარს უჭერდა ისრაელის ახალშენების ზრდას ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე. 

თუმცა 2016 წლის მსოფლიო დღევანდელისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა - ამჯერად ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულება და რეგიონში ვითარების სტაბილიზაციაა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ტრამპი მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებისთვის. ამ წნეხს ერთ-ერთ მხარეს საჯაროდ ვხედავთ, როდესაც ტრამპი ჰამასს ჯოჯოხეთით ემუქრება იმ შემთხვევაში თუ მძევლებს მის ინაუგურაციამდე არ გაათავისუფლებენ. 

Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპს არ უსაუბრია მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში წარმოდგენილი ისრაელ-პალესტინური კონფლიქტის მშვიდობიან გეგმაზე, რომელიც 2 სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებდა. გეგმა, რომლის არქიტექტორის დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი იყო არაბებმა არ მოიწონეს და ზომაზე მეტად უსამართლოდ მიიჩნიეს.

მკვლევარ მარკ დუბოვიცის თქმით, რომელიც კარგად იცნობს ტრამპის საგარეო გუნდის წევრებს ახალი ადმინისტრაციის რეგიონული სტრატეგიის ქვაკუთხედად პრეზიდენტი ძველ გეგმას აირჩევს, რომლის მთავარი ნაწილი რეგიონის ეკონომიკური განვითარებაა. 

"ეს არის საკვანძო საკითხი ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციაში, ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ღაზაში ომის დასრულებას და ასევე ომის დასრულების შემდეგ სექტორის რეკონსტრუქციის, განვითარებასა და უსაფრთხოებას სპარსეთის ყურის მონარქიების აქტიური მხარდაჭერით",- ამბობს დუბოვიცი. 

დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრების თქმით, პრეზიდენტი იმედგაცრუებული იყო, რომ ვერ დაიმსახურა ნობელის პრიზი მშვიდობის დარგში მისი პირველი ვადის დროს გაფორმებული აბრაამის შეთანხმებებისთვის. სავარაუდოა, რომ საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმება ამერიკის 47-ე პრეზიდენტის შანსებს საგრძნობლად გაზრდის. 

საუდის არაბეთი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს არამხოლოდ ისრაელის კონტექსტში არამედ, უფრო ფართე რეგიონალურ ჭრილში. არაბულ სახელმწიფოებს იმედი აქვთ, რომ ტრამპის ახალ გუნდთან ურთიერთობების გამართვაში სწორედ მოჰამედ ბინ-სალმანი დაეხმარება. 

არაბული სახელმწიფოების შფოთვა განსაკუთრებით გაძლიერდა დონალდ ტრამპის საკადრო გადაწყვეტილებების შემდეგ, რომლის ფარგლებშიც მან საკვანძო პოზიციებზე ისრაელის აქტიური მხარდამჭერები დააწინაურა. მათ შორის ისრაელში ამერიკის ელჩად დაინიშნა მაიკლ ჰაკაბი, რომელსაც წარსულში ნათქვამი აქვს, რომ პალესტინელი ერი არ არსებობს. 

ერთის მხრივ ისრაელში იმედოვნებენ, რომ ტრამპის სახით ისრაელის დიდი მეგობრის დანიშვნა იორდანეს ოკუპირებული დასავლეთ ნაპირის ანექსიის შესაძლებლობებს გააჩენს, ხოლო მეორეს მხრივ არაბი ლიდერები იმედოვნებენ, რომ პროცესს ხელს შეუშლის საუდის არაბეთის განსაკუთრებული როლი რეგიონში. 

ამ პროცესში კი ყველაზე ფრთხილად ირანის რეჟიმი უნდა იყოს. ტრამპის მიდგომა ირანის მიმართ პირველი ადმინისტრაციის დროს მაქსიმალურად ხისტი იყო, რაც ბირთვული შეთანხმების დატოვებასა და მკაცრი სანქციების რეჟიმის ამოქმედებაში გამოისახა. ამ თვალსაზრისით ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია, ამაზე მიანიშნებს მარკო რუბიოსა და მაიკ უოლცის დანიშვნა საკვანძო თანამდებობებზე - ორივე მათგანი ირანის მიმართ მაქსიმალური წნეხის მომხრეა.

მოსალოდნელია, რომ ჰეზბოლას დეკაპიტაციის, სირიაში ასადის რეჟიმის დამხობისა და შიდა პრობლემების ფონზე ირანის მიმართ წნეხი ტრამპის მეორე ვადაში კიდევ უფრო გაიზრდება. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ბირთვული შეთანხმების ჩამოშლის შემდეგ ირანი ბირთვული იარაღისთვის საჭირო ურანის გამდიდრების პროცესი მკვეთრად დააჩქარა.

ამ მოცემულობაში დონალდ ტრამპმს აქვს არჩევანი ირანთან ახალ შეთანხმებასა და აიათოლების რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯებს შორის. ტრამპს ბევრჯერ უთქვამს, რომ არ დაუშვებს ირანის ხელში ბირთვული შეიარაღების არსებობას. მიუხედავად ამისა, მკაფიოდ ჩანს, რომ ტრამპს დიდად არ იზიდავს ირანთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციის პროსპექტი. ირანთან ომის არასურველობაზე საუბრობს ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და მიუთითებს, რომ ზოგჯერ ამერიკისა და ისრაელის ინტერესები ერთმანეთს სცდება. 

მიუხედავად ამისა, ტრამპის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც უკვე ბევრი წელია ირანში რეჟიმის ცვლილების პოლიტიკის დაწყებას ითხოვენ. ტრამპთან დაკავშირებული რეფორმების რუკა, პროექტ 2025-ში ირანთან მიმართებით რეკომინდირებული მაქსიმალურად მკაცრი სანქციების დაწესება, არ არის რეკომენდირებული პირდაპირი სამხედრო კონფრონტაცია და გამოსავლად დასახულია არაბი პატრნიორების მიერ ირანისგან თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება. 

იმავე Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა არ გამორიცხა ომი ირანთან და განაცხადა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მსგავსი პოზიცია გააჟღერა The Economist-ისთვის დაწერილ სვეტში ტრამპს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცმა - მისი თქმით, ამერიკამ უნდა შეიმუშავოს სამხედრო მოქმედების რეალური გეგმა, რათა თეირანში აღიქვან, რომ ამერიკა არ დაუშვებს ირანის ხელში ბირთვული იარაღს.

რთული სათქმელია რა იყო ტრამპის პირველი ვადაში წარმოებული "მაქსიმალური წნეხის" პოლიტიკის საბოლოო მიზანი ირანთან მიმართებით: იყო ეს უკეთესი შეთანხმების მიღწევა, იძულება საგარეო პოლიტიკის ცვლილებისკენ თუ საერთოდაც რეჟიმის ცვლილება. ბაიდენის ადმინისტრაციამ საპირისპირო შეცდომა დაუშვა - მისი გუნდი წარუმატებლად ცდილობდა ირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენას, ხოლო სანქციების აღსრულების შესუსტებამ 2020 წელთან შედარებით გაასამმაგა ირანის სანავთობო შემოსავლები. 

ამ ვითარებაში ტრამპი შეეცდება ირანის სანავთობო შემოსავლების გადაკეტვას და გაზრდის წნეხს ევროპელ მოკავშირეებზე ირანისთვის დაწესებული სასანქციო რეჟიმების აღდგენის კუთხით, ასევე წნეხის ქვეშ მოექცევა აბუ-დაბიც, რომელიც ირანისთვის პარალელური იმპორტის მთავარი წყაროა. 

თუმცა წნეხი მხოლოდ განტოლების ნახევარია, წარმატებისთვის აუცილებელი იქნება ირანელებმა პოტენციური ჯილდოც დაინახონ. ირანთან ვითარების სტაბილიზაციას ემხრობიან სპარსეთის ყურის მონარქიებიც, რომლებიც ერთ დროს ტრამპის მაქსიმალური წნეხის პოლიტიკის მხურვალე მხარდამჭერები იყვნენ. მათი პოზიციების ცვლილებების მიზეზი შიშია, შიში რომ მაქსიმალური წნეხის პირობებში ირანთან ურთიერთობები ესკალაციის გზით წავა და ირანი 2019 წლის მსგავსად შეტევას ამერიკის მოკავშირე მეზობელ ქვეყნებზე მიიტანს. 

ერთი შეხედვით ირანმა არაერთხელ უარყო ამერიკელთა მოთხოვნები ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ, თუმცა ამჯერად ვითარება განსხვავებულია: რეჟიმი 1980-იანი წლების შემდეგ ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაშია. შეკავების სტრატეგია, რომელზეც ირანი ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა, დაზღვევის მთავარ პოლისთან, ჰეზბოლასთან ერთად პრაქტიკულად განადგურებულია, ჰეზბოლას ხელმძღვანელობასთან ერთად ისრაელმა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. ამგავარად ქვეყნის ბირთვული ობიექტების დაბომბვა გამარტივებულია, ცოტა ხნის წინ დაემხო ბაშარ ასადი, ირანის მთავარი არაბი მარიონეტი ლიდერი, ინფლაცია მაღალია, ხოლო ახალგაზრდა ირანელები გაბრაზებულები არიან, 85 წლის ალი ხამენეის არ ჰყავს გამოკვეთილი მემკვიდრე, მისი გარდაცვალება კი რეჟიმს დესტაბილიზაციის ახალი ტალღის რისკის წინაშე დააყენებს. 

საყურადღებო იქნება დონალდ ტრამპის მიდგომა სირიასთან მიმართებაშიც. ბაშარ ასადის გაქცევის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ომით დასუსტებულმა რუსეთმა ვეღარ შეძლო მისი დაცვა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ბრძოლა არ არის ამერიკის ბრძოლა.

მალევე ტრამპმა განაცხადა, რომ სირიელ ამბოხებულებს თურქეთი აკონტროლებს და რეჯეფ თაიპ ერდოღანს მიდგომა მოუწონა. მნიშვნელოვანია როგორი იქნება ტრამპის პოზიციები სირიაში მცხოვრები ქურთული უმცირესობის საკითხზე, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ამერიკული არმიის მთავარი მოკავშიირები იყვნენ. პირველ ვადაში დონალდ ტრამპმა უგულებელყო ქურთების ინტერესები და ერდოღანის მოთხოვნებს დათანხმდა. საკითხი მით უფრო მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში უკვე მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები ქურთულ დანაყოფებსა და პრო-თურქულად განწყობილ ფორმირებებს შორის. 

ჩინეთი 

კომუნისტური პარტიის ლიდერებისთვის დონალდ ტრამპის ხელმეორედ არჩევა ამყარებს მათ შეხედულებას, რომ ამერიკული დემოკრატია შეუქცევადი დაღმასვლის ფაზაშია. 

დასავლური პრესის ცნობით, ტრამპის პირველი ვადის მიწურულს ჩინელი მაღალჩინოსნები დიპლომატიურ საუბრებში ტრამპზე ამბობდნენ, რომ მან ბევრი არაფერი იცის მსოფლიოზე და ძირითადად მის პირად ინტერესებზე ზრუნავს. 

ტრამპის პირველი გამარჯვება 2016 წელს ჩინელმა კომუნისტებმა ეკონომიკური უთანასწოროებით გამოწვეული პოპულიზმითა და ამერიკული საზოგადოების გულგრილობით ახსნეს - ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპის მეორე გამარჯვება მათ ამ რწმენას შეარყევს. 

ჩინეთის ერთპიროვნული და ყველაფრის მაკონტროლებელი ლიდერის მთავარი ამოცანაა ისარგებლოს ტრამპის დაბრუნებასთან დაკავშირებული შესაძლებლობებით და თავიდან აირიდოს მომდევნო ადმინისტრაციისგან მომავალი რისკები - სი ძინფინგი ახალ გაურკვევლობებს 20 იანვრიდან, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღიდანვე უნდა ელოდეს. 

საქმე ის არის, რომ თუ კი ტრამპი წინასაარჩევნო პერიოდში არ ტყუოდა ის პრეზიდენტობის პირველივე დღეს დაუწესებს ტარიფებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ამერიკასთან დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვთ. ამ პოლიტიკის ცენტრში კი რასაკვირველია ჩინეთი იქნება, რომლის შენელებულ ეკონომიკასაც გაუჭირდება ახალი 60%-იანი ამერიკული ტარიფების მონელება. თუმცა, ჩინეთს ექნება დასავლეთის გახლეჩის შანსი, თუ კი ახალი პრეზიდენტი ტარიფებს არამხოლოდ ჩინეთს, არამედ ევროპელ მოკავშირეებსაც დაუწესებს. 

ჩინეთისთვის კიდევ ერთი პრიზი იქნება თუ დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას იჩქარებს და დაპირისპირება რუსეთისთვის მომგებიან პირობებზე მორჩება. "კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნები გახარებულები იქნებიან, თუ ტრამპი უკრაინას მიატოვებს"- ამბობს The Economist-თან საუბარში ჩინური სახელმწიუფო ანალიტიკური ცენტრის მკვლევარი. 

ამ შემთხვევაში ჩინეთს შეეძლება უთხრას ამერიკის მოკავშირეების თავის რეგიონსა და ევროპაში, რომ ვაშინგტონის დაპირებები კაპიკად არ ღირს. ჩინეთი მსგავს შესაძლებლობას განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენებს ტაივანელების მორალის ძირის გამოსათხრელად. 

უკვე 40 წელია ამერიკა ტაივანთან მიმართებით სტრატეგიული ორაზროვნების პოლიტიკას ინარჩუნებს, რომლის ფარგლებშიც ვაშინგტონი ტაივანზე ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში მოქმედების ან უმოქმედობის ოფციას ინარჩუნებს. ამ პოლიტიკიდან საგრძნობლად გადაუხვია ჯო ბაიდენმა, რომელმაც საკუთარი პრეზიდენტობის პერიოდში რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში ტაივანის დასაცავად ჯარებს გაგზავნიდა. 

კითხვაზე - გაგზავნის თუ არა ამერიკელ ჯარისკაცებს კუნძულის დასაცავად? დონალდ ტრამპი პირდაპირ არ პასუხობს. წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპმა განაცხადა, რომ ტაივანმა დაცვისთვის ამერიკას ფული უნდა გადაუხადოს და დაიწუწუნა, რომ ტაივანმა ამერიკას მოწინავე კომპიუტერული ჩიპების ბიზნესი წაართვა. 

ტაივანის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, პირველ ვადაში ტრამპმა კუნძულის მხარდაჭერის ნიშნად, რამდენიმე დემონსტრაციული ნაბიჯი გადადგა: გახშირდა ამერიკული სამხედრო გემების ვიზიტები ტაივანის სრუტეში და გაიზარდა კუნძულისთვის მიყიდული შეიარაღების მოცულობა და კლასიფიკაცია. 

ტრამპი აცხადებს, რომ ტაივანი თავდაცვაზე ოთხჯერ მეტს უნდა ხარჯავდეს, რაც მშპ-ს 10%-ს გაუტოლდება - ეს განცხადება პეკინისთვის უსიამოვნოა, თუმცა დიდ ენთუზიაზმს არც ტაივანელ პოლიტიკოსებში იწვევს. 

ამერიკული პოლიტიკის კომენტატორები ამბობენ, რომ "ვაშინგტონში ხშირად ისე ხდება, რომ პერსონა თვითონ არის პოლიტიკა." ამ თვალსაზრისით ჩინეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ადმინისტრაციის შემადგენლობა. მართალია, ტრამპმა უარი თქვა მისი ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დასაქმებაზე, რომელიც ჩინეთში მიუღებელ ქორად მიიჩნეოდა, თუმცა არც მარკო რუბიოსა და მაიკლ უოლცის პოზიციებია ნაკლებად ხისტი. 

კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნებს ნაწილი იმედოვნებს, რომ გულის სიღრმეში დონალდ ტრამპი ნიუ-იორკელი ბიზნესმენია, რომლის მთავარი მიზანიც კარგი გარიგებაა და ამ ვითარებაში სი ძინფინგი შეძლებს მასთან შეთანხმებას, მით უფრო, რომ ამერიკელი პრეზიდენტი საჯაროდ ამაყობს ჩინეთის ლიდერთან კარგი პერსონალური ურთიერთობებით და უწონებს მმართველობის სტილს. 

ათწლეულების განმავლობაში ჩინეთი ცდილობდა დაერწმუნებინა მსხვილი ამერიკელი ბიზნესმენები, რომ მათ თავის მხრივ გავლენა მოეხდინათ პრეზიდენტებზე და დაერწმუნებინათ თეთრი სახლის ბინადარები  ყოფილიყვნენ უფრო პრაგმატულები, რომ ჩინეთთან ურთიერთმომგებიანი თანაარსებობა შესაძლებელია. ამგვარი რჩევის გამცემმა ბიზნესმენებმა ტრამპის პირველი ვადის მიწურულს საკუთარი გავლენა სრულად დაკარგეს. 

ამჯერად ჩინელებს ელონ მასკის იმედი აქვთ, რომლის Tesla-ს ჩინეთში დიდი ინტერესები აქვთ - კომუნისტურ პარტიაში ფიქრობენ, რომ პლანეტის უმდიდრეს ადამიანს შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს 2 ქვეყნის ურთიერთობებზე. 

ამ იმედის მიუხედავად ჩინეთში დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკისგან ეკონომიკური დაშორება დროის საკითხია, ხედავენ რა, რომ 2 ქვეყნის ურთიერთობები სულ უფრო მეტად ემსგავსება გეოპოლიტიკურ მეტოქეობას. 

ამ მოცემულობაში ჩინელები შეეცდებიან მაქსიმალური სარგებელი ნახონ ტრამპის უნილატერალიზმში - ცნობილია ტრამპის სკეპტიკური დამოკიდებულების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ. ჩინეთი უკვე დიდი ხანია პოზიციონერებს როგორც განვითარებადი ქვეყნების "ჩემპიონი" და განვითარების ალტერნატიული მოდელი. სწორედ ამ სტრატეგიის ქვაკუთხედია "ერთი გზა, ერთი სარტყელის" პროექტი, მილიარდიანი ინვესტიციები ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებში. 

ჩინეთი ამერიკას ეგოისტურ და მჩაგვრელ იმპერიად წარმოაჩენს და ეს მიდგომა ტრამპის ოვალურ ოფისში დაბრუნების შემდეგ მხოლოდ გაძლიერდება. 

მიუხედავად ამისა, ჩინეთმა შესაძლოა ბევრი დაკარგოს დონალდ ტრამპის ამერიკა უპირველესყოვლისა პოლიტიკის შედეგად. ამ რისკებს კარგად იაზრებენ ჩინეთის ლიდერები და მაღალი ალბათობით, სწორედ ამით არის განპირობებული მათი ძალისხმევა რაც შეიძლება სწრაფად დაამაყარონ კომუნიკაცია ტრამპის ახალი გუნდის წევრებთან. 

Financial Times-ის ცნობით, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩინეთის ელჩი ვაშიგნტონში ყველანაირი მეთოდებით ცდილობს კონტაქტი დაამყაროს ტრამპის ახალ გუნდთან, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. წყაროს ცნობით, რესპუბლიკელები ვერ ხედავენ მსგავსი შეხვედრების აუცილებლობას, ვინაიდან დარწმუნებულები არიან, რომ ასეთ შეხვედრებზე მათი ჩინეთის სახელმწიფო პროპაგანდის გზავნილების მოსმენა მოუწევთ. 

წარუმატებელი კომუნიკაციის ფონზე, ჩინეთმა ტრამპის შესაძლო ნაბიჯებისთვის მზადება უკვე დაიწყო და 23 ნოემბერს ექსპორტიორი კომპანიების მხარდაჭერის ახალი ზომების შესახებ გამოაცხადა. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში ამბობენ, რომ დაეხმარებიან ბანკებს საექსპორტო სექტორის უფრო ეფექტიან დაკრედიტებასა და კომპანიებს, რომლებიც უცხოურ ვალუტაში ვაჭრობენ. 

"ჩვენ დავეხმარებით კომპანიებს, რომლებიც ექსპორტზე მუშაობენ გაუმკლავდნენ გაუმართლებელ სავაჭრო ბარიერებს",- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. 

ჩინეთი დამოკიდებულია ექსპორტის ზრდასა და წარმოებაზე, განსაკუთრებით უძრავი ქონების სექტორის მასშტაბური კრიზისისა და სუსტი შიდა მოთხოვნის ფონზე. ამ თვალსაზრისით ტრამპის ტარიფებმა ჩინეთის ეკონიმიკას შესაძლოა მძიმე დარტყმა მიაყენოს. 

ეკონომისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ახალ სავაჭრო ტარიფებს ჩინეთმა შესაძლოა საკუთარი ვალუტის მიზანმიმართული გაუფასურებით უპასუხოს, რაც კიდევ უფრო გააიაფებს ექსპორტს, თუმცა ეს წინააღმდეგობაში მოდის ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის ოფიციალურ პოზიციასთან. 

სი ძინფინგმა არაერთხელ მკაფიოდ მოუწოდა ცენტრალურ ბანკს შეინარჩუნოს სტაბილური გაცვლითი კურსი - მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი ცდილობს საიმედო სავაჭრო პარტნიორის იმიჯი შეიქმნას.

ევროპა 

5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისს, რომ გაემარჯვა ამერიკის ევროპელი მოკავშირეები შვებით ამოისუნთქავდნენ და მაღალი ალბათობით ძილს გააგრძელებდნენ. 

ტრამპის პირველ ვადა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ევროპისთვის ხმაურიანი მაღვიძარა უნდა ყოფილიყო. ამ ფონზე გერმანიის კანცლერმა ისტორიული Zeitenwende გამოაცხადა, რომელიც 35-წლიანი გერმანული პაციმიზმის დასასრული და ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების დასაწყისი უნდა ყოფილიყო. 

თუმცა, მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება ხანგრძლივ გამოფიტვის ომში, გამძლეობის ტესტში გადაიზარდა ევროპელი ლიდერები ამომრჩეველთა იმწამიერ წუხილებზე გადაერთნენ, მაღალ ინფლაციაზე, ხელფასების ზრდაზე, პრობლემების მქონე ჯანდაცვის სისტემასა და მიგრაციაზე. ბევრი ევროპული სახელმწიფო ჩვეულ უმოქმედობას დაუბრუნდა, რომელსაც ისინი ამერიკის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ გატარებული 80 წლის განმავლობაში შეეჩვივნენ. 

დონალდ ტრამპის გამარჯვება ნიშნავს, რომ ეს ეპოქა დასრულებულია. 

ტრამპის მეორე ადმინისტრაციას ევროპაზე უზარმაზარი გავლენა ექნება - ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ამომრჩევლებს ევროპასთან სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრას დაჰპირდა. რაც უფრო მნიშვნელოვანია ტრამპი ევროპელ მოკავშიირებს დააყენებს ფაქტის წინაშე, რომ ისინი მხოლოდ ამერიკის იმედად ვერ იქნებიან და საკუთარი თავდაცვისთვის მეტი უნდა გააკეთონ.

თითქოს იმის ნიშნად, რომ ევროპა არ არის მზად არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ევროპის უმსხვილესი ქვეყნის, გერმანიის მმართველი შუქნიშნის კოალიცია დონალდ ტრამპის გამარჯვების დღესვე დაიშალა. 

დონალდ ტრამპი ევროპის უსაფრთხოებას ტრანზაქციული ლოგიკით უდგება - ერთ-ერთი წინასაარჩევნო მიტინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ დაიცავს ნატოს მოკავშირე იმ ქვეყნებს, რომლებიც თავდაცვაზე არასაკმარისს ხარჯავენ. ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა ტრამპის პრეზიდენტობის წლებში უსაფრთხოების ამ ფუნდამენტურ გარანტიას გამოცდა ელის. 

ასეთი სეისმური შოკებისთვის ევროპისთვის უარესი დრო რთულად წარმოსადგენია: რუსეთი უკრაინულ ფრონტზე ნელ-ნელა წინ მიიწევს, თუმცა წინსვლა დაჩქარდება, თუ ფრონტი ჩამოიშლება, ვლადიმირ პუტინი საჯაროდ ამბობს, რომ მისი მიზანი ნატოსა და ევროკავშირისთვის ძირის გამოთხრაა. ასეთ პირობებში უკრაინისთვის არახელსაყრელი მშვიდობის თავს მოხვევა ან ნატოს ქმედითობაში ეჭვის შეტანა ევროპას უფრო სერიოზულ რისკებს შეუქმნის. 

გასული 15 წლის განმავლობაში ევროზონის კრიზისადან, მიგრაციის, ბრექსიტის, პანდემიისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რთული სათქმელია როდის სრულდება ერთი და იწყება ახალი კრიზისი ევროკავშირისთვის. 

ვიქტორ ორბანის გარდა, თითქმის არცერთი ევროპელი ლიდერი არ მოელოდა და შესაბამისად არ ემზადებოდა დონალდ ტრამპის დაბრუნებისთვის. ყველაზე მეტი შფოთვა სავარაუდოდ დაკავშირებული იქნება უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებასთან ამერიკის გარეშე, თუმცა ეკონომიკური რისკები ევროკავშირის ლიდერების საზრუნავთა სიაში მყარ მეორე ადგილს დაიკავებს.

ამ ვითარებაში კრიზისთან ახლოს მყოფი ევროკავშირის ეკონომიკა გაერთიანების წინაშე არსებულ გამოწვევებს კიდევ უფრო ამძაფრებს. არცთუ დიდი ხნის წინ ევროკავშირის ფოკუსში ე.წ. ჰორიზონტალური სტრატეგია იყო, რომლის მიზანიც ბლოკის კონკურენტუნარიანობის ზრდა, ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერა, რეგულაციების მოთოკვა და ერთიან ბაზარზე მეტი დინამიზმის შემოტანა იყო. 

ტრამპის პროტექციონისტულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან გამკლავება ევროკავშირისთვის არ იქნება მარტივი, მით უფრო იმის ფონზე, რომ ბლოკის ეკონომიკური ისტორია ბოლო წლებში ძირითადად ახალი პროექტებისთვის ხარჯების მზარდი სიას წარმოადგენს: კარბონის შემცირების ხარჯები, პენსიების სუბსიდირების მზარდი საჭიროება მოსახლეობის დაბერების ფონზე, თუ ინდუსტრიისთვის გაცეული სუბსიდიები. თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნებასთან ერთად ამ ხარჯების სია კიდევ უფრო გაიზარდა, ხოლო ხარჯების გასტუმრების რესურსი შემცირდა. 

ყველაზე ცუდი გაურკვევლობაა - არავინ იცის რას აპირებს დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხზე, სავსებით შესაძლებელია გეოგრაფიული სიახლოვის გამო დონალდ ტრამპმა მოკავშირის მხარდაჭერის ტვირთი ძირითადად ევროპას გადააბაროს, ეჭვგარეშეა, რომ მომდევნო 4 წელიწადში ნატოს წევრ ევროპულ სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების გაზრდა მოუწევთ. 

ბლოკი გაცილებით უფრო მეტს ჰყიდის ამერიკაში, ვიდრე ყიდულობს, ამ პირობებში ტრამპის მიერ ევროპულ იმპორტზე დაწესებული თუნდაც 10%-იანი სავაჭრო ტარიფები სერიოზულ პრობელემებს შეუქმნის ევროკავშირის ეკონომიკურ ზრდას. გარდა ამისა, ევროკავშირისთვის შესაძლოა ირიბი პრობლემები შეუქმნას ტრამპის დაპირებამ ჩინეთის ექსპორტისა და ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. 

სექტემბერში ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, მარიო დრაგიმ 400-გვერდიანი რეფორმების დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც ითვალისწინებს ერთიანი ბაზრის გაღრმავებას, რეგულაციების შესუსტებას და მეტი ეკონომიკური დინამიზმის ხელშეწყობას. ბლოკის უმრავლესობა თანხმდებოდა, რომ დრაგის რეფორმები უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ტრამპის გამარჯვებასთან ერთად ბლოკი კიდევ ერთხელ იძულებული გახდება გადაუდებელ პრობლემებს დაუბრუნდეს და განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიები ხვალისთვის გადადოს. 

ერთი შეხედვით ევროპას აქვს საკმარისი რესურსები და ტექნოლოგიები პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ეს სოციალური ხარჯების გადახედვას საჭიროებს, რაც მმართველი პარტიებისთვის ელექტორალურ პრობლემებს ნიშნავს. გარდა ამისა, დღეს ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობა აკმაყოფილებს თავდაცვის ხარჯებზე დაწესებულ მშს-ს 2%-იან ნიშნულს, თუმცა ამ წილის კიდევ უფრო გაზრდა ბლოკის არაერთი წევრისთვის პრობლემური იქნება. ევროპის თავდაცვის ინდუსტრიას არ ჰყოფნის რესურსები და შიდა კონკურენციის ფონზე ინდუსტრია ფრაგმენტირებულია. 

იმ შემთხვევაშიც კი თუ ევროპა საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად რესურსებს მოიძიებს პრობლემად რჩება ლიდერის საკითხი - გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშალა, ვადამდელი არჩევნები კი მომდევნო წლის მარტშია ჩანიშნული, საფრანგეთში ემანუელ მაკრონმა საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა და ქვეყანა მწვავე პოლიტიკურ კრიზისშია, გარდა ამისა მთელ კონტინენტზე ძლიერდება ავტოკრატული ტენდენციები. 

სავარაუდოა, რომ ევროკავშირი შეეცდება უკრაინის მხარდაჭერის "ტრამპგამძლე" ფორმატი შეიმუშავოს. აქედან გამომდინარე გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა საგანგებო შეხვედრა ითხოვა ფრანგ კოლეგასთან უსაფრთოხების საკითხების განსახილველად. 

ამ ვითარებაში მოსალოდნელია, რომ რუსეთის საკითხზე ყველაზე გამორჩეულ ქორებად ტრანსფორმირებული მაკრონი, რომელიც არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას, ევროკავშირის მომდევნო სამიტებზე გააცოცხლებს თავის ძველ იდეას სტრატეგიული ავტონომიის შესახებ. ამ თვალსაზრისით ევროკავშირის მოუწევს მოიფიქროს უკრაინისთვის უსაფრთხოების ქმედითი გარანტიების ფორმატი, მათ შორის სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნის შესაძლებლობა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ევროპული პრესის ცნობით, ამ შინაარსის საუბრები ბლოკის დედაქალაქებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა კონსენსუსამდე ჯერ შორია. 

ამ ვითარებაში ბალტიისპირა და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები დაიკავებენ პოზიციას, რომ არაპროგნოზირებადი ამერიკა უფრო ეფექტური დაზღვევა რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე სუსტი გერმანია და საფრანგეთი. 

შესაძლოა დონალდ ტრამპის არჩევით გამოწვეულმა კრიზისმა აიძულოს ევროპა საბოლოოდ დაივიწყოს ძველი ჩვევები და უფრო მტკიცე ერთიანობას დაუდოს საფუძველი, ეს ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალტერნატიული სცენარებიც არსებობს. 

საქართველო 

2016 წელს დონალდ ტრამპის არჩევას რუს პროპაგანდისტებსა და ოფიციალურ თანამდებობების პირების ზეიმი, დუმის კაბინეტებში შამპანურების გახსნა მოჰყვა - ამერიკასთან დიდი შეთანხმების მოლოდინით გახარებულ რუსეთის დედაქალაქში დონალდ ტრამპის პოსტერებით ავტონოკოლონებიც გამოჩნდა. 

2016 წლის მოსკოვთან შედარებით, მიმდინარე წლის ნოემბერში ზეიმი არ გვინახავს ქართული ოცნების ოფისებში, თუმცა მათი მაღალჩინოსნების განცხადებებში ღია სიხარული, შესაძლოა ერთგვარი შვებაც მარტივად იკითხებოდა, ეს არც არის გასაკვირი. საქმე ის არის, რომ ქართულმა ოცნებამ 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებით  "უნიკალური" და ძალიან სარისკო თამაში აწარმოა. 

ბაიდენის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, ქართული ოცნების დამფუძნებელმა პრაქტიკულად უარი თქვა ვაშინგტონთან კომუნიკაციაზე. ამგვარად ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები და უსაფრთხოების ერთადერთი, არასრულყოფილი, მაგრამ ერთადერთი გარანტია ივანიშვილის პირადი კეთილდღეობის საკითხის მძევალი აღმოჩნდა. 

მთელი გასული წლის განმავლობაში ივანიშვილსა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობები ნელ-ნელა, მაგრამ შეუქცევადად ფუჭდებოდა. ამ მოცემულობაში პირველად საქართველოს ისტორიაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა ქართველ თანამდებობების პირებს. საბოლოოდ ეს ყველაფერი ამერიკის მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მექანიზმის შეჩერებით დასრულდა. ვითარებიდან გამოსავლად ოცნებაში ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებს ასახელებდნენ და არ მალავდნენ, რომ ვითარების გამოსწორების ერთადერთი შანსი მათთვის დონალდ ტრამპის გამარჯვება იქნებოდა. 

ამ დროისთვის ოცნების ფსონი გამართლდა, დონალდ ტრამპმი ამერიკის 47-ე პრეზიდენტია, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ივანიშვილმა პირადი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენა და ამერიკის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში გამოკვეთილი პოზიცია დაიკავა. გარდა ამისა, დონალდ ტრამპის გამარჯვება ვერ ცვლის იმ ზიანს, რომელსაც უკვე ვხედავთ, პირველად დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველო დარჩენილია ამერიკული დახმარების გარეშე როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, გაზრდილია უსაფრთხოების რისკები.

ქართული ოცნების ფსონი ნაწილობრივ გამართლდა, უფრო ზუსტად მათთვის ყველაზე ცუდი სცენარი არ განხორციელდა და დემოკრატიული პარტია თეთრ სახლს ტოვებს, თუმცა ბოლომდე გაუგებარია რით არის განპირობებული მათი რწმენა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გადატვირთვას შეძლებენ. უკვე გასაგებია თუ როგორ და რა მეთოდებით შეეცდება ოცნება ტრამპის გუნდთან დაახლოებას და საერთო ენის პოვნას, მაგრამ მათი მიდგომის წარმატება მრავალი ფაქტორის გამო ძალიან საეჭვოა. 

"როგორც ტრამპი იტყვის ისე იქნება"- განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში ხმალამაღლებული ებრძოდა "დასავლურ კოლონიალიზმს" საქართველოში და ქვეყნის სუვერენიტეტის ისტორიულ განმტკიცებაზე საუბრობდა." ამასთანავე, კობახიძე უარყოფს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მემკვიდრეობითობის ხანგრძლივ ტრადიციას, ინსტიტუციონალურ მეხსიერებას და ფართე ორპარტიულ კონსენსუსს საქართველოსთან მიმართებით და ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებებით ცდილობს მაქსიმალურად გაურთულოს ვითარება ტრამპის გუნდს - "ეს დროებითი მოვლენაა"- ამბობს კობახიძე. 

ქართული ოცნების პროპაგანდისტები თავიანთ შეფასებებში ნაკლებად დიპლომატიურები არიან და სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებებს მიმავალი ადმინისტრაციის "კუდის ბოლო მოქნევად" აფასებენ.

ამგვარად დონალდ ტრამპის მეორედ მოსვლამ თეთრ სახლში ქართული ოცნებას კვაზირელიგიური მოლოდინები გაუჩინა, რომლის შემდეგაც ყველაფერი ჯადოსნური მეთოდით, მარტივად და სწრაფად "დალაგდება." რაც უფრო მნიშვნელოვანია ეს ამ დროისთვის მმართველი პარტიის პროპაგანდის გენერალური ხაზია, რომლითაც ცდილობს შეინარჩუნოს პროდასავლური ძალის იმიჯი და მომხრეებს შთააგონოს, რომ იციან რას აკეთებენ.

შესაძლოა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მართლაც იცოდეს და გააზრებული ჰქონდეს რასაც აკეთებს, თუმცა ამგვარი რწმენის დამყარება ადამიანზე, რომელიც საგარეო ურთიერთობებში ე.წ. შეშლილის (Mandmen Theory) თეორიის მიმდევარია და მთავარ აქტივად და უპირატესობად მის არაპროგნოზირებად ხასიათს მიიჩნევს როგორც მინიმუმ გადაჭარბებულ ოპტიმიზმად მოსჩანს. 

ამგვარი ოპტიმიზმი უფრო გადაჭარბებულია იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპის გარდამავალ ადმინისტრაციასა და ოცნებასა შორის საჯარო კომუნიკაცია ჯერ კიდევ არ გვინახავს. მეტიც, ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ივანიშვილის გუნდმა რამდენიმეჯერ სცადა დონალდ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზება, თუმცა ყოველ ჯერზე წარუმატებლად.

რეალპოლიტიკას წყაროს ინფორმაციით, ივნისში ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას ირაკლი კობახიძის ოფისმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მეშვეობით სცადა ტრამპის გუნდთან დაკავშირება, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. იმის გათვალისწინებით, რომ პირველ დეკემბერს თანამდებობა დატოვა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანმა, ამგვარი კომუნიკაციის ალბათობა გასულ კვირებში არ გაზრდილა. 

ასევე ჯერჯერობით არ შემდგრა შეხვედრა ამერიკის ელჩთან საქართველოში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე ცოტა ხნით ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში დაანონსა. 

კობახიძის თქმით, ქართულ ოცნებას აქვს კომუნიკაცია ტრამპის გუნდთან, თუმცა უარს ამბობს დეტალების გასაჯაროებაზე და მიუთითებს, რომ ეს "შიდა სამზარეულოა." ქართული ოცნება ბოლო თვეებში უპრეცედენტო საგარეო იზოლაციაშია, პარტიისთვის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ მიულოცია არცერთ დასავლურ დემოკრატიას, უნგრეთის და სლოვაკეთის გარდა. დასავლელი კოლეგების მილოცვის გარეშე დარჩა ქართული ოცნების მიერ არჩეული მიხეილ ყაველაშვილიც.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერჯერობით არ მიუღია 26 ოქტომბრის არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის გადაწყვეტილება და მაღალი ალბათობით, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს ეს ეუთო-ოდირის ვრცელი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მოხდება.  

დონალდ ტრამპთან კომუნიკაციის ნაწილში უფრო წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც დონალდ ტრამპს 7 დეკემბერს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საზეიმო გახსნაზე ცოტა ხნით შეხვდა. იმის გათვალისწინებით, რომ ზურაბიშვილი არ ცნობს ქართული ოცნების ლეგიტიმურობას და მათ არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს მას შესაძლოა ეპოვა "სწორი სიტყვები" ტრამპთან საუბრისას, რომელიც თავის მხრივ დღემდე არ აღიარებს 2020 წლის არჩევნების შედეგების სამართლიანობას. 

თავად ტრამპი ამერიკის რიგით მესამე პრეზიდენტია, რომელიც საქართველოში ნამყოფია: რიჩარდ ნიქსონი, ამერიკის 37-ე პრეზიდენტი საქართველოს უკვე ყოფილი პრეზიდენტისა და ჯორჯ ბუშ უფროსის წარმომადგენლის რანგში, 1991 წელს გამართული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ ეწვია. ჯორჯ ბუში ამ დრომდე ამერიკის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. რაც შეეხება დონალდ ტრამპს ის საქართველოს პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე, 2012 წელს, უძრავი ქონების მაგნატის რანგში სტუმრობდა. 

იმ დროს დონალდ ტრამპი ცდილობდა საკუთარი ბიზნესების გაფართოებას ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებში, ხოლო საქართველოში ვიზიტი და მისი ბრენდის შემოსვლა New York Times-ის ცნობით, ტრამპისა და მიხეილ სააკაშვილის 2-წლიანი მეგობრობის შედეგი იყო. ამას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის ყოფილი მეუღლის, ივანა ტრამპის ვიზიტი ბათუმში Silk Road Group-ის მოწვევით, რომელიც მოგვიანებით უნდა გამხდარიყო კიდეც პროექტის მთავარი ინვესტორი. საქართველოში ჩამოსვლამდე ტრამპმა ქვეყანაში მისი ადვოკატი მაიკლ კოენი გამოგზავნა, რომელიც მოგვიანებით ერთ-ერთ საქმეზე მისი უფროსის წინააღმდეგ საკვანძო მოწმე გახდა.

დონალდ ტრამპის ვიზიტიდან 6 თვეში ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო არჩევნები წააგო. ტრამპის ბრენდის შემოსვლა შეფერხდა - პროექტი, რომლის ღირებულებაც 300 მილიონ დოლარს უტოლდებოდა და რომლის ფარგლებშიც თბილისსა და ბათუმში ტრამპის ბრენდის ქვეშ მოქმედი 2 სასტუმრო უნდა აშენებულიყო გაჭიანურდა. საბოლოოდ პროექტი 2016 წელს დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ "ინტერესთა კონფლიქტის" გამო ჩაიშალა. ბათუმის სანაპიროზე აშენებული სასტუმრო ტრამპის ბრენდის გარეშე გაიხსნა, ხოლო თბილისის პროექტის მშენებლობა არც დაწყებულა. 

პროექტს გამოეხმაურა არჩევნებში გამარჯვებული ივანიშვილი და განაცხადა, რომ ტრამპი საქართველოში ინვესტირებას არ აპირებდა (რედ. კონტრაქტი არ ითვალისწინებდა ტრამპისგან პროექტში ინვესტირებას) - "ეს ერთგვარი ტრიუკი იყო, ტრამპს ფული გადაუხადეს და ორივე მათგანი შეთანხმებულად მოქმედებდა. როგორც იცით სააკაშვილი ასეთი ტყუილების ოსტატია. მე არ ვიცი ეს რა პროექტია, არასდროს დავინტერესებულვარ, მაგრამ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ასეთ ზღაპრებზე დაფუძნებით",- ამბობდა ივანიშვილი. 

სააკაშვილი ტრამპთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნების პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგაც ცდილობდა. ამ ძალისხმევის ფარგლებში სააკაშვილი ამერიკის კონსერვატიული მედიის ხშირი სტუმარი იყო 2019 წელს. ამ დროს რობერტ მიულერის გამოძიების დასკვნა გამოქვეყნდა, რომელიც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევას და ტრამპის გუნდთან კავშირებს ეხებოდა. Fox News-ზე მიწვეული სააკაშვილი მხურვალედ იცავდა ტრამპს და ამბობდა, რომ რუსეთთან მისი კავშირების შესახებ გავრცელებული ხმები თავიდანვე "სისულელედ" მიაჩნდა. 

გაპრეზიდენტების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ დიდწილად გააგრძელა წინა ადმინისტრაციების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, თუმცა იყო პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვანი და ახალი გზავნილები. მათ შორის სწორედ ტრამპის პრეზიდენტობის წლებში მიიღო საქართველომ და უკრაინამ Javelin-ის ტიპის ანტი-სატანკო სისტემები. ამავე პერიოდში კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავდა იმ ქვეყნებთან თანამშრომლობას, რომლებიც აღიარებდნენ ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების დამოუკიდებლობას. 

2017 წლის 31 ივლისს საქართველოს ეწვია ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი. მაშინ ტურნეს ფარგლებში პენსი აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრ სახელმწიფოებს სტუმრობდა, საქართველო ალიანსის ერთადერთი არაწევრი სახელმწიფო იყო, რომელსაც ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტი ეწვია. ამას წინ უძღოდა ამავე წლის 8 მაისს, საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიღება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. უკვე ტრამპის პირველი ვადის მიწურულს საქართველოს ეწვია სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო. 

მაიკ პენსს დონალდ ტრამპთან ურთიერთობები 2020 წლის არჩევნების შემდეგ მალევე გაუფუჭდა. მოგვიანებით პენსი შიდა პარტიულ პრაიმერისზე ტრამპის კონკურენტიც იყო, თუმცა მისი მცდელობა მალევე კრახით დასრულდა. რაც შეეხება მაიკ პომპეოს, მან შეძლო დონალდ ტრამპთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება, პომპეო სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკური პარტიის კონვენციაზეც. ამერიკული პრესა პომპეოს მომავალ ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა მალევე დონალდ ტრამპმა მსგავსი შესაძლებლებლობა მკაფიოდ გამორიცხა. 

2016 წელს საპრეზიდენტო არჩევენებში გამარჯვება მოულოდნელი იყო არამხოლოდ მოწინააღმდეგეებისთვის, არამედ თავად ტრამპისთვისაც. ამ ვითარებაში ანტი-ისტემბლიშმენტურ ტალღაზე მოსული ტრამპი იძულებული იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში მისი ინსტიქტის გარდა, რესპუბლიკური პარტიის გამოცდილ კადრებს დაყრდნობოდა - იმ პოლიტიკური ფილოსოფიის სკოლის წარმომადგენლებს, რომლებსაც ქორებად მოიხსენიებენ.

ამჯერად ვითარება განსხვავებულია, როგორც მსოფლიოში, ასევე ტრამპის გარემოცვაში. ეჭვგარეშეა, რომ 2021 წლის 6 იანვრის შემდეგ ტრამპის საკადრო გადაწყვეტილებების მთავარი პრინციპი არაკომპეტენტურობა არამედ პერსონალური ლოიალობაა. ტრამპის ირგვლივ მცურავი რესპუბლიკელები შეგვიძლია 3 პირობით ბანაკად დავყოთ: იზოლაციონისტები, ქორები, პრიორეტისტები. კაბინეტის ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიციების დაკომპლექტების შემდეგ ნათელია, რომ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით კვლავ ქორების ბანაკი დაწინაურდა და ეს მაღალი ალბათობით არ არის კარგი ამბავი ქართული ოცნებისთვის. 

სახელმწიფო მდივნად დანიშნული მარკო რუბიო საქართველოს აქტიური მხარდამჭერია და კარგად იცნობს საქართველოს კონტექსტს, ის რუსეთის მიმართ ხისტი პოლიტიკის მომხრეა. გარდა ამისა, რუბიო ირანისა და ჩინეთის მიმართ გამორჩეულად მკაცრი პოლიტიკის მომხრეა. სავარაუდოა, რომ ქართულ ოცნებას გაუჭირდება რუბიოსთან საერთო ენის გამონახვა იმ ფონზე, როდესაც მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველომ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ჩინეთთან, რომელსაც მომავალი სახელმწიფო მდივანი ამერიკის სტრატეგიულ მეტოქედ და მთავარ საფრთხედ აღიქვამს.

ამასთანავე უნდა ვივარაუდოთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის კითხვის ნიშნებს გააჩენს ქართული ოცნების გადაწყვეტილება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომელიც ახალი კონტრაქტით ჩინურმა სახელმწიფო კომპანიამ უნდა ააშენოს და რომლის მიმართ ტრამპის პირველ ადმინისტრაციას თავისი ინტერესები ჰქონდა.

სავარაუდოა, ტრამპის ადმინისტრაციასთან "დიდი დალაგების" გზაზე ქართული ოცნებას სერიოზულად დაბრკოლებად დახვდება ირაკლი კობახიძის ვიზიტები თეირანში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰამასის აწ უკვე გარდაცვლილი ლიდერის, ისმაილ ჰანიეს გვერდით პოზირებდა.

ირანისა და მისი პროქსი ძალების მიმართ კიდევ უფრო მკაცრი პოზიციები აქვს, დონალდ ტრამპს მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ უოლცს. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე The Economist-ში გამოქვეყნებულ სვეტში უოლცი წერდა, რომ აშშ-მ ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად სამხედრო მოქმედების გეგმა უნდა შეიმუშავოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ადმინისტრაციის საკვანძო ფიგურაა, რომელიც კოორდინირებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას სადაზვერვო, სამხედრო, საკანონმდებლო და აღმასრულებელ უწყებებს შორის. 

ქართული ოცნებასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობების გადატვირთვა კიდევ უფრო სათუა იმის გათვალისწინებით, რომ მაიკლ უოლცს კონგრესმენის რანგში, 2020 წელს ხელმოწერილი აქვს წერილი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას სთხოვდა. დოკუმენტის ხელმომწერთა შორისაა კონგრესის სპიკერი, მაიკლ ჯოსნონი. 

ავტორები წერდნენ, რომ "არსებული სანქციები საკმარისად არ მიემართება პუტინის მარიონეტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, არის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში."

"დიდი დალაგება" კიდევ უფრო სათუოდ მოსჩანს, თუ საკანონმდებლო დონეზე არსებულ ვითარებას და ძალთა ბალანსს გავითვალისწინებთ. 5 ნოემბრის არჩევნების შედეგად რესპუბლიკური პარტიამ კონგრესის ორივე პალატაში მყარი უმრავლესობა მოიპოვა. სენატში საკუთარი ადგილები შეინარჩუნა 14-დან (6 რესპუბლიკელი და 8 დემოკრატი) 13 სენატორმა, რომლებიც გაზაფხულზე ქართულ ოცნებას ე.წ. რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდობდნენ. მეტიც, მათგან ერთ-ერთი ჯიმ რიში იანვრიდან ზედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდება. რიში ქართული ოცნების აქტიური კრიტიკოსი და ხისტი ზომების მომხრეა. 

ოცნებისთვის ვითარება უკეთესად არ გამოიყურება კონგრესის ქვედა პალატაშიც, რომელშის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ივანიშვილის ვლადიმირ პუტინის მარიონეტს უწოდებს, არ ცნობს ქართულ ოცნების ლეგიტიმაციას და სახელმწიფო დეპარტამენტს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ჯო უილსონი კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო ცნობებით, რბოლაში ბრაიან მასტი დაწინაურდა. მიუხედავად ამისა, უილსონი დონალდ ტრამპის ძველი მხარდამჭერი და მისი გარემოცვის წევრია და მისი გავლენა განახლებულ კონგრესშიც შენარჩუნდება. 

რაც უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მიმართ ორივე პალატაში საკმაოდ ხანგრძლივი ორპარტიული მიდგომაა - ამაზე მეტყველებს საქართველოს მხარდამჭერი კონგრესსა და სენატში რეგისტრირებული 2 ორპარტიული საკანონმდებლო აქტი. MEGOBARI აქტი, რომლის ინიციატორიც ჯო უილსონია და რომელსაც მხარს უჭერს კიდევ 3 რესპუბლიკელი კონგრესმენი ითვალისწინებს იმ პირების სანქცირებას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე. 

გარდა ამისა, სსაუბარია ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის ავტორებით შედგენილ "ქართველი ხალხის აქტზე", რომელიც მიმდინარე წლის მაისში დარეგისტრირდა და საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას და ურთიერთობების გადახედვას ითვალისწინებს. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც, რამის დარწმუნებით თქმა უბრალო მარჩიელობა იქნება - დონალდ ტრამპი ტრანზაქციული ბუნების ადამიანია, რომელიც პოლიტიკას გარიგებების პრიზმაში აღიქვამს, თუმცა აქაც ბოლომდე გაუგებარია თუ რა შეიძლება შესთავაზოს ოცნებამ ამერიკის 47-ე პრეზიდენტს.

ქართული ოცნებაში ტრამპთან საერთო ენის პოვნის გზად თვალთმაქცობა წარმოუდგენიათ - ისინი ცდილობენ თავი იმავე იდეოლოგიური ბანაკის წევრებად წარმოადგინონ, რომელსაც ტრამპი მიეკუთვნება. რეალობის ჩანაცვლებით საქართველოსა და დასავლეთში არსებული სოციალური დისკურსების აღრევით ისინი ცდილობენ თავი იმავე მემარჯვენე-კონსერვატიულ პოლიტიკურ ძალებს მიაკუთვნონ, მერე რა, რომ პარტია გარიცხვამდე (2023 წლის ივნისი) ევროპის მემარცხენე სოციალისტური გაერთიანების წევრი იყო. ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკური ტანსაცმლის გამოცვლა პირველ რიგში ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტია.

სავარაუდოა, რომ ტრამპთან კომუნიკაციის ნაწილში ოცნების მთავარი იმედები უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს უკავშირდება, რომელიც ევროპაში ტრამპის მთავარი მოკავშირის იმიჯის დამკვიდრებას ცდილობს. მიუხედავად ამისა, ორბანის მედიაციის თუ ასეთი არსებობს შედეგები ჯერ არ გვინახავს. ამასთანავე, ოცნებაში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ვიქტორ ორბანი ტრამპზე მეტად ტრანზაქციული ხასიათის პოლიტიკოსია და მის მიერ პრინციპული პოზიციის შეცვლა პირველ რიგში სწორი ფასის საკითხია. როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ორბანი მზად არის იცვალოს ფერი თუ კი ამაში კარგ ფასს შესთავაზებენ. თვისობრივად ასე მოხდა ოცნების შემთხვევაშიც - ვიქტორ ორბანი ერთ დროს თავს მიხეილ სააკაშვილის ერთგულ მეგობარს უწოდებდა და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებსაც გმობდა, თუმცა დღეს ამ მეგობრობისგან არაფერია დარჩენილი - "ბიზნესი, არაფერი პირადული."

ტრამპთან პერსონალურად ურთიერთობის განმხუტვის შანსს ამცირებს ისიც, რომ საქართველო და ზოგადად სამხრეთ კავკასია მაღალი ალბათობით ამერიკელი პრეზიდენტის პრიორეტიტეტების სიის ბოლოშია, მით უფორ იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წლებში სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა შესამჩნევად მცირდება. ამგვარად მოსალოდნელია, რომ საქართველოს მიმართ პოლიტიკა უმთავრესად კონგრესში ჩამოყალიბდება და დიდწილად რესპუბლიკური პარტიის ხედვებს დაემყარება. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის წარმოქმნილი უთანხმოება ინსტიტუციონალური ხასიათისაა და ეს უთანხმოებები ვერ გადაწყდება პერსონალურ დონეზე. 

თუმცა ჩვენ არ ვიცით რას გულისხმობს ქართული ოცნება ურთიერთობების დალაგებაში. ქართული ოცნების ოფიციალური პირებისა და პროპაგანდისტების მიერ გაჟღერებული რიტორიკაზე დაკვირვებამ შესაძლოა გარკვეული მინიშნებები მოგვცეს. ოცნების წევრები სულ უფრო ხშირად საუბრობენ მსოფლიოს გადალაგებაზე, ახალი წესრიგის დაბადებაზე, მრავპოლუსიან სამყაროზე, დასავლეთის ჰეგემონიის დასასრულზე და ა.შ. 

ამ თვალსაზრისით ქართული ოცნებისა და ვლადიმირ პუტინის მოლოდინები და სურვილები სრულ თანხვედრაშია - პუტინიც და ივანიშვილიც იმედოვნებენ, რომ დონალდ ტრამპი კრემლთან "ახალ იალტას" გააფორმებს, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო გავლენის სფეროებად დაიყოფა, რუსეთი მიიღებს იმ ტერიტორიებს, რომლებსაც საკუთარი "ლეგიტიმური ინტერესების" ზონად მიიჩნევს და ამ ვითარებაში საქართველოც "ბუნებრივად" აღმოჩნდება რუსეთის ორბიტაზე. 

ბოლოს და ბოლოს როგორც მამუკა ხაზარაძესთან ანაკლიის პორტის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა ივანიშვილმა - "რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში."

მსგავსი სიახლეები