-

ფრონტიდან მოსული ბოლო ცნობების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ლიმანის ოპერატიულ ალყაში მოქცევის ოპერაცია წარმატებით დაასრულეს. 

ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის თქმით, ქალაქი და შიგნით მყოფი ოკუპანტების დაჯგუფება სრულყოფილ ალყაშია მოქცეული - მოჭრილია მომარაგებისა და უკან დასახევი უკანასკნელი გზა. ჰაიდაის თქმით, საუბარია დაახლოებით 5 ათას ოკუპანტზე. 

"მათ 3 არჩევანი აქვთ: შეეცადნონ ალყის გარღვევას, ჩაბარდნენ ტყვედ ან მოკვდნენ",- ამბობს სერჰი ჰაიდაი. 

როგორ ვითარდებოდა უკრაინის შეტევა

ლიმანის მიმართულებით უკრაინის არმიის სწრაფი წინსვლის შესახებ, პირველი ცნობები ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში, ბალაკლეასთან განვითარებული კონტრ-იერიშის შემდეგ გავრცელდა. 

ხარკოვთან განვითარებულმა კონტრიერიშმა და ოკუპანტების ფრონტის კატასტროფული სიჩქარით ჩამოქცევამ, უკრაინელების მანევრირების სივრცე გაუხსნა, მათ შორის ლიმანის მიმართულებითაც. ქალაქის გათავისუფლება თავის მხრივ უკრაინას კიდევ უფრო მეტ ოპერატიულ სივრცეს მიანიჭებს. 

ამ მიმართულებით, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის ჩანაფიქრი შემდეგნაირად გამოიყურებოდა - მათ უარი თქვეს ლიმანის პირდაპირ შტურმზე და დარტყმები ფლანგებიდან მიიტანეს. მიზანი რაიონში დისლოცირებული რუსული ძალების სრულად განეიტრალება იყო. 

ჩრდილოეთის ფლანგიდან, კერძოდ კი სოფელ ლოზოვაიადან მოქმედი ЗСУ-ს დანაყოფის მთავარი მიზანს, მდინარე ჟერებეცზე მდებარე წყალსაცავზე გამაგრება წარმოადგენდა. ამოცანა უკრაინელმა მებრძოლებმა 28 სექტემბერს შეასრულეს. 

წყალსაცავზე გამაგრების შემდეგ, აქ მოქმედმა უკრაინულმა დაჯგუფებამ წარმატებით მოჭრა ოკუპანტების მომარგების გზები ჩრდილოეთიდან. იმავე ნაწილებმა გააგრძელეს წინსვლა და რამდენიმე საათში, ბრძოლები უკვე ქალაქ ტორსკოესთან მიდიოდა, რომელიც ლიმანიდან 12 კილომეტრითაა დაშორებული და მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. 

სწორედ ტორსკოეზე გადიოდა ლიმანის დაჯგუფების მომარაგების და უკან დახევის უკანასკნელი გზა. 

პარალელურად, მოქმედებაში მოვიდა ЗСУ-ს სამხრეთის დაჯგუფებაც, რომელმაც წარმატებით გაარღვია ოკუპანტების თავდაცვითი ზღუდეები ლიმანიდან 13 კილომეტრში მდებარე დასახლება იამპოლთან. 

იამპოლთან დაწინაურებას, მალე მოჰყვა უკრაინელების მოულოდნელი დარტყმა კრემენნაიას მიმართულებით. შემდეგ, უკრაინელი მებრძოლები ქალაქ ტორსკოეს მიმართულებით დაიძრნენ და პირველი ცნობები, ტორსკოეში უკრაინის დივერსიული დაჯგუფების გამოჩენის შესახებ, უკვე 27 სექტემბერს გავრცელდა. 

უკრაინელი მებრძოლები წინ მიიწევდნენ სხვა მიმართულებებიდანაც - მათ შორის მალევე მათ დაიკავეს ქალაქ ლიმანიდან 8 კილომეტრით დაშორებული ნოვოსიოლოვკა, წარმატებული შეტევები განხორციელდა დრობიშევოდან. 

რკალი სამხრეთ-დასავლეთის ფლანგიდან, შუროვოდან ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დიბროვადან წამოსულმა დაჯგუფებებმა შეკრეს. 

რას წარმოადგენს ოკუპანტების ლიმანის დაჯგუფება

ღია წყაროების მიხედვით, ლიმანში რუსეთის ძალიან განსხვავებული, მაგრამ საკმაოდ ბრძოლისუნარიანი შენაერთები მოქმედებენ.

პირველ რიგში, ეს არის რუსეთის მეოცე გვარდიული არმიის დანაყოფები, კერძოდ კი 752-ე პოლკი, რომლის მუდმივი დისლოცირების წერტილი ბელგოროდის რაიონის ქალაქი ვალუიკია. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს პოლკი მონაწილეობდა ჩეჩნეთის პირველ ომის დროს ქალაქ გროზნოს შტურმში. 1995 წლის მიწურულს, პოლკი ჩეჩნური დაჯგუფებების ალყაში მოექცა და პირადი შემადგენლობის ნახევარი დაკარგა. 

ლიმანშივე მოქმედებს რუსეთის ბალტიის ფლოტის საზღვაო ქვეითების დანაყოფები, რომლებიც ძირითადად საარტილერიო დარტყმებს ახორციელებენ. 

რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფების გარდა, ლიმანში მოქმედებს "დონბასის მოხალისეების კავშირის" ეგიდით შექმნილი შენაერთი - "რუსული ლეგიონი". აქვე არიან ე.წ. ლუჰანსკის სახალხო დროშის ქვეშ მობილიზებული შენაერთები. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინის კონტრშეტევის ფონზე, რუსეთის გენერალური შტაბი სრულ დუმილს ინარჩნებდა და ლიმანთან განვითარებულ მოვლენებზე ცნობებს არ იძლეოდა. 

თავდაცვის სამინისტროს დუმილის ფონზე, ლიმანთან მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ, დუმდნენ რუსი პროპაგანდისტებიც. სამხედრო ექსპერტების აზრით, ამგვარმა მოულოდნელმა მარცხმა შესაძლოა დამანგრეველი გავლენა იქონიოს რუსეთის არმიის იმ ნაწილებზე, რომლებიც მსგავს ვითარებაში არიან. 

რას ნიშნავს რუსეთისთვის ლიმანის დაკარგვა

პატარა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი, ოკუპანტებმა მაისის მიწურულს დაიკავეს. ლიმანთან პლაცდარმის დაკავება ოკუპანტებს სლავიანსკ-კრამატორსკის ხაზზე ჩრდილოეთიდან წინსვლის საშუალებას აძლევდა. ამ მიმართულებით, რუსების მთავარი მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალების, დონბასის მსხვილი დაჯგუფების ალყაში მოქცევა იყო. 

გარდა ამისა, ლიმანზე კონტროლით, ოკუპანტები ჭრიდნინ სევერსკისა და სლავიანსკის დამაკავშირებელ მაგისტრალს. 

ლიმანის გათავისუფლება უკრაინის არმიას ოპერატიულ სივრცეს უხსნის - აქედან უკრაინელ მებრძოლებს საშუალება ექნებათ, რომ შეუტიონ სვატოვას მიმართულებით, რაც თავის მხრივ, მდინარე ოსკოლის თავდაცვითი ზღუდეებიდან ნაჩქარევად გამოსული რუსული შენაერთების ალყაში მოქცევის პერსპექტივას ქმნის. 

გარდა ამისა, ლიმანიდან უკრაინელებს შეუძლიათ დარტყმები მიიტანონ ოკუპანტების საყრდენ პუნქტებზე, რომელსაც ტროიცკოე-სვატოვოს მაგისტრალზე რუსები ახლა აგებენ. 

უკრაინელებს ასევე შეუძლიათ შეტევა აღმოსავლეთით ქალაქ სევერო დონეცკისკენ განავითარონ და ქალაქის მისადგომებს, ჩრდილო-დასავლეთის ფლანგიდან შეუტიონ. 

ამ მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები განსაკუთრებით გაძლიერდა ბელოგორლოვკას გათავისუფლების შემდეგ - ეს საშუალებას აძლევს უკრიანას სევერო დონეცკ-ლისიჩანსკის აგლომერაციის მისადგომებს დასავლეთიდან მიუახლოვდეს. 

ზოგადად, ლუჰანსკში რუსეთის არმიის პოზიციებს მკვეთრად ასუსტებს, რეზერვების მწვავე უკმარისობა - იზიუმიდან ნაჩქარევი გაქცევის შემდეგ, რუსებმა ჯერ კიდევ მოახერხეს ახალი თავდაცვითი ზღუდეების გამართვა. 

რატომ დატოვა რუსეთმა ნაწილები ალყის მკაფიო საფრთხის მიუხედავად

სექტემბრის დასაწყისში, როდესაც იზიუმთან მსგავსი ვითარება შეიქმნა და რუსული დაჯგუფებების ირგვლივ უკრაინელებმა რკალის შეკვრა დაიწყეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქიდან უკან დახევის ბრძანება გასცა. 

იმ მომენტისთვის რუსების განკარგულებაში ერთადერთი, უკან დასახევი გზა რჩებოდა და რუსეთის არმიაც ამ გზით გაიქცა. შეუძლებელი იყო უკვე ალყაში მოყოლილი დაჯგუფებების დახმარება, მათ ადგილზე ძალიან ბევრი საბრძოლო მასალისა და ჯავშნიანი ტექნიკის დატოვება მოუწიათ, მაგრამ არმია განადგურებას გადარჩა. 

რთული სათქმელია, თუ რატომ მიიღო რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ ამჯერად განსხვავებული გადაწყვეტილება და მთელი არმიის ბედით გარისკა. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარაუდი არსებობს: 

შეცდომა 

ხარკოვთან განცდილმა სამარცხვინო მარცხმა რუს ურა-პატრიოტებულ და პროპაგანდისტულ წრეებში ცხარე დებატები გამოიწვია - "ვინ არის დამნაშავე"

'დებატების' შედეგად რუსი პროპაგანდისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაფერში დამნაშავეები ადგილზე მყოფი სამხედრო მეთაურები იყვნენ, რომლებმაც არ ააგეს ეშელონირებული თავდაცვა და მოწინავე ფლანგზე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშის ქვეშ მობილიზებული შენაერთები განალაგეს. 

სინამდვილეში, რუსმა სამხედროებმა იზიუმთან განცდილი მარცხისგან სწორი გაკვეთილები გამოიტანეს და ლიმანში თავდაცვითი ზღუდეები სამხედრო საქმის კანონების სრული დაცვით ააგეს. ისინი შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ თავდაცვითი ზღუდეები მათ უკრაინის იერიშის მოგერიების საშუალებას მისცემდა. 

როგორც ჩანს, რუსი სამხედრო მეთაურები კიდევ ერთხელ შეცდნენ და არასწორად შეაფასეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა. ამგვარი გათვლის შემთხვევაში ლიმანიდან უკან დახევა უკვე დაგვიანებულია. 

წნეხი კრემლიდან

კიევთან, ხარკოვთან, ოდესასთან და უკრაინის სხვა მსხვილ ქალაქებთან განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გეგმა შეცვალა. ამოცანა დონბასის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა იყო. 

ამის შემდეგ დაიწყო დონბასის შტურმი, რომლის ფარგლებშიც რუსეთის არმია "ცეცხლოვანი ტალღის" ტაქტიკით მოქმედებდა - მასირებული და მუდმივი საარტილერიო ცეცხლით ოკუპანტები მიწასთან ასწორებდნენ უკრაინელების საყრდენ გამაგრებულ რაიონებს. 

საყურადღებოა, რომ უკრაინელების გამაგრებული რაიონების დანგრევის შემდეგ საკუთარი ზღუდეების აგება რუსეთის არმიის ამოცანებში არ შედიოდა - ბრძანების მიხედვით მათ წინსვლა უნდა გააგრძელებინათ და რა აზრი აქვს რომელიმე რაიონის გამაგრებას, თუ იქ დიდხანს არ უნდა გაჩერდე.

სანამ რუსეთის არმია ომში სტრატეგიულ ინიციატივას ფლობდა, მათთვის უკვე დაკავებული რაიონების შენარჩუნების პრობლემა აქტუალური არ ყოფილა. ვითარება ზაფხულის მიწურულს შეიცვალა და ოკუპანტებს თავდაცვაში გადასვლა მოუწიათ.

  • ISW: პირველად ომის დაწყების შემდეგ უკრაინა სტრატეგიულ ინიციატივას ეუფლება

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ რუსები უწევთ თავი დაიცვან იმ გამაგრებულ რაიონებში, რომლებიც ცოტა ხნის წინ თვითონ გაასწორეს მიწასთან. 

ლიმანიდან გაქცევა კრემლისთვის არსებით პოლიტიკურ სირთულესაც შეიცავს - თუ ხარკოვთან განცდილი მარცხი "ნაწილების გადაჯგუფების" აუცილებლობით აიხსნა, დონეცკის ოლქიდან უკან დახევის ახსნა, რომელიც ვლადიმირ პუტინის აზრით 30 სექტემბერს რუსეთის ნაწილი გახდა გაცილებით რთულია. 

აუცილებელი მსხვერპლი

ლიმანთან შექმნილ მდგომარეობაზე საუბრისას, სამხედრო ექსპერტები ხშირად ავლებენ პარალელს მარიუპოლში შექმნილ სურათთან - მაშინ ЗСУ-ს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარდაუვალი ალყის რისკის მიუხედავად, ქალაქში უკრაინის არმიის მნიშვნელოვანი ნაწლები დაეტოვებინა. 

მარიუპოლში მერბძოლმა უკრაინულმა დაჯგუფებებმა ფრონტის ამ მიმართულებით მოქმედი რუსული შენაერთების მნიშვნელოვანი ნაწილი შეაკავა, რამაც უკრაინელებს, რეზერვების მობილიზების და პოზიციების გამაგრებისთვის საჭირო დრო მისცა. 

მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა რუსეთის არმია ხარკოვთან განცდილი მარცხის შემდეგ - ჯერ კიდევ არ არის აგებული ახალი თავდაცვითი ზღუდეები, არ არის მობილიზებული საკმარისი რეზერვები, ხოლო მოწინააღმდეგე მთელი ძალით იერიშზეა გადმოსული. 

მაღალი ალბათობით, რუსეთის სამხედრო ხელმღვანელობა ფიქრობს, რომ ლიმანის ასაღებად უკრაინელებს რაც შეიძლება მეტი რესურსი და დრო დაახარჯვინონ, რამაც თავის მხრივ იერიშის ტემპი უნდა შეანელოს. 

მსგავსი სიახლეები