ISW: შემდეგი გარდამტეხი ბრძოლის ადგილი ქალაქი სლავიანსკი იქნება

განცდილი მარცხის სერიების შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის სრულად დატოვეს ჩრდილოეთ უკრაინის ტერიტორია. სამხედრო ექსპერტების აზრით, ჩრდილოეთ უკრაინიდან ძალების გამოყვანის შემდეგ, ოკუპანტების მთავარი ამოცანა მომდევნო დღეებში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, სლავიანსკის დაკავება იქნება. 

ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შესწავლის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

კვლევის მიხედვით, კიევის ოლქიდან გამოყვანილი ნაწილები აღარ არიან ბრძოლისუნარიანები და რუსული სარდლობა მათ ეფექტურად გამოყენებას ვეღარ შეძლებს. 

სლავიანსკი კიევის აღმოსავლეთით, 400 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქია, რომლის მოსახლეობაც მცირედით აღემატება 100 ათასს. 

სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, მოსალოდნელია სლავიანსკზე შეტევა ქალაქ იზიუმის მხრიდან განხორციელდება, რომელიც სლავიანსკიდან 30 კილომეტრითაა დაშორებული. ამით ოკუპანტები შეეცდებიან ალყაში მოაქციონ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები. 

ომის შესწავლის ინსტუტის ანგარიშის მიხედვით, სლავიანსკისთვის ბრძოლა ომის ამ ეტაპის გარდამტეხ მოვლენად შეიძლება იქცეს.

ბოლო დღეების განმავლობაში სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთმა შეცვალა თავდაპირველი კალკულაციები და ამ დროისთვის აღმოსავლეთის მიმართულებით კონცენტრირდება. 

არსებული წარმოდგენით, რუსი ოკუპანტების მთავარი მიზანი დონბასში დისლოცირებული უკრაინული ნაწილების ალყაში მოქცევა ან განადგურებაა. აღსანიშნავია, რომ ჯამურად დონბასში დაახლოებით 70 ათასი უკრაინელი ჯარისკაცია დისლოცირებული. ხაზგასასმელია ისიც, რომ ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე კარგად გაწვრთნილი, შეიარაღებული, გამოცდილი და ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილებია. 

სლავიანსკის სტრატეგიულმა მდებარეობამ რუსეთს შესაძლოა მისცეს საშუალება პირდაპირ დაუკავშიროს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში განთავსებული ძალები სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ნაწილებს. 

საინტერესოა ისიც, რომ სწორედ სლავიანსკიდან დაიწყო რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ბოევიკების ორგანიზებით სეპარატისტული მოძრაობა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს. 

ამავდროულად, ომის შესწავლის ინსტიტუტში ამბობენ, რომ სლავიანსკში წარუმატებლობა ოკუპანტებისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება. 

"ამ შემთხვევაში რუსების მცდელობა სრულად დაიკავონ ლუჰანსკის და დონეცკის ოლქები მაღალი ალბათობით ჩავარდება", - ნათქვამია ანგარიშში. 

ომის მიმდინარეობისას ქალაქზე შეტევა ჯერჯერობით არ განხორციელებულა, სლავიანსკის მერის თქმით, ამ დროისთვის ქალაქიდან ევაკუირებულია 20 ათასზე მეტი მოქალაქე. 

"შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წყალობით, დღეს ქალაქის მცხოვრებლებს აქვთ დენი, გაზი, გათბობა, ინტერნეტი და შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია", - ამბობს ქალაქის მერი იგორ ლიაკი.

გასულ კვირას ქალაქის მერმა და დონეცკის ოლქის გუბერნატორმა ადგილობრივების ევაკუაციისკენ მოუწოდა. 

გასულ დღეებშივე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი იზიუმი დაიკავეს. სწორედ იზიუმს იყენებენ ოკუპანტები დაზიანებული ტექნიკის შესაკეთებლად და მარაგების შესავსებად. 

ჟურნალისტებთან საუბარში ქალაქის მერმა განაცხადა, რომ იზიუმი პრაქტიკულად აღარ არსებობს:

"დღეს იზიუმი მარიუპოლის მცირე ვერსიაა."

მსგავსი სიახლეები