-

ტაივანის სრუტეში დაძაბულობის მატებასთან ერთად, კუნძულოვანი ქვეყანა გეოპოლიტიკური ჭადრაკის დაფის ცენტრში ექცევა. ტერიტორიული დავებისა და ძალაუფლების თამაშების ფონზე, ტაივანის სწრაფვა საერთაშორისო აღიარებისა და უსაფრთხოებისთვის ცენტრალურ ადგილს იკავებს.

მაისის ბოლოს ჩეხური ორგანიზაცია Bakala Foundation-ისა და Sinopsis-ის მიერ ევროპელი ჟურნალისტებისთვის ორგანიზებულ პრესტურს შევუერთდი. ამ სტატიაში ტაივანის რთულ პოლიტიკურ ვითარებასა და მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე გიყვებით.

"ტაივანელები მშვიდობისმოყვარე ხალხია, რომლებიც სხვებს სიკეთით ეპყრობიან. ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ ქვეყნის ლიდერი ხალხის კეთილდღეობას ყველაფერზე მაღლა დააყენებს, მაშინ მშვიდობა ტაივანის სრუტეში, ორმხრივი სარგებელი და აყვავებული თანაცხოვრება საერთო მიზნები იქნება", - განაცხადა ტაივანის ახალმა პრეზიდენტმა უილიამ ლაიმ 20 მაისს გამართულ ინაუგურაციაზე.

ტაივანის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ფოტო: ლანა კოკაია

ლაის განცხადებით, მთავრობა არ დათმობს ტაივანს, არც პროვოცირებას მოახდენს და შეინარჩუნებს სტატუს-კვოს. 

ახალმა პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ჩინეთს, შეწყვიტოს ტაივანის პოლიტიკური და სამხედრო დაშინება და ომის შიშისგან თავისუფალი მსოფლიო უზრუნველყოს.

"ჩემო თანამოქალაქეებო, როდესაც ჩვენ მივყვებით მშვიდობის იდეალს, არ უნდა გვქონდეს რაიმე ილუზიები, სანამ ჩინეთი უარს არ იტყვის ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, ტაივანში ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თუნდაც მივიღოთ ჩინეთის პოზიციის მთლიანობა და დავთმოთ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩინეთის ამბიცია ტაივანის ანექსიაზე უბრალოდ არ გაქრება", - განაცხადა ლაიმ თავის ინაუგურაციაზე, რომელიც სამხედროსთან ერთად, სხვადასხვა შოუ აქტივობების ფონზე ჩაიარა.

პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი შოუ ტაიპეიში, 20 მაისი. ფოტო: ლანა კოკაია

ტაივანი, ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა (ROC), რომელიც დაახლოებით 36,193 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, აღმოსავლეთ აზიაში მდებარეობს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ოფიციალური ენა მანდარინი ჩინურია.

ტაიპეის ცენტრალური მოედანი. ფოტო: ლანა კოკაია

ტაივანის პოლიტიკური სტატუსი რთული და საკამათოა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (PRC) მას საკუთარ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ის საბოლოოდ პეკინს უნდა დაუბრუნდეს. ჩინეთი გაერთიანების მისაღწევად ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს, მაშინ როცა ტაივანში ბევრი მხარს უჭერს სტატუს კვოს-შენარჩუნებას, ან ფორმალური დამოუკიდებლობის ძიებას.

კუნძული ტაივანი საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ძირძველი ტომების სახლი იყო. 1949 წელს ჩინეთის რესპუბლიკა (ROC) ტაივანში გადავიდა, რადგან წააგო სამოქალაქო ომი მაო ძედუნის კომუნისტებთან, რომლებმაც შექმნეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. მას შემდეგ 75-ე წელია ტაივანი ჩინეთისგან დამოუკიდებლად იმართება. 

თევზაობა პრობლემურ წყლებში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე

62 წლის ამინგი ხვალისთვის თევზის ამოსაყვან ბადეს ამზადებს. დღევანდელი თევზაობით კმაყოფილი არ არის, "თევზი არ მოვიდა დღეს ჩემთანო", - ამბობს მეთევზე, რომელიც კინმენის კუნძულზე დაიბადა და მთელი ცხოვრება აქ ცხოვრობს.

ამინგი. ფოტო: ლანა კოკაია

კინმენის კუნძული რამდენიმე კუნძულის არქიპელაგია ტაივანის სრუტეში. ის ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან უფრო ახლოს (დაახლოებით, 10 კმ) მდებარეობს, ვიდრე თავად ტაივანთან (დაახლოებით, 187 კმ).

კუნძულის სტრატეგიულმა მდებარეობამ ტაივანის სრუტეში მრავალი დაპირისპირება გამოიწვია. მთელი ცივი ომის განმავლობაში, კინმენი იყო კრიტიკული სამხედრო ფორპოსტი ტაივანისთვის, მუდმივი დაძაბულობისა და პერიოდული დაბომბვის წინაშე ჩინეთიდან. კუნძულების დემილიტარიზაცია 1990-იანი წლებიდან დაიწყო. 

კინმენი. ფოტო: ლანა კოკაია

"ხელისუფლებები ღელავენ, მაგრამ ხალხს შორის დაძაბულობას მე ვერ ვამჩნევ. ხშირად დავდივარ ჩინეთში. ბევრი მეგობრები მყავს იქ", - ამბობს მეთევზე და დასძენს, რომ ეს არ არის ყველაზე ცუდი დრო. "ყველაზე დაძაბულ პერიოდში ყველაზე ცუდი დრო იყო მაშინ, როცა ჩინეთიდან ყველა ნავს შეეძლო მთელი კინმენზე ალყის შემორტყმა და ჩვენ გარეთაც ვერ გავდიოდით. მაშინ, დაახლოებით, 18 წლის ვიყავი", - იხსენებს ის.

ამინგის აზრით, თევზაობას მომავალი არ აქვს და რომ აქ ადამიანები ბედს შეეგუვნენ, მაგრამ არ უნდა მისმა შვილებმა იგივე საქმე აკეთონ. ამინგისთვის თევზაობა გასართობი, სპორტული აქტივობა უფროა, რათა ჯიბის ფული იშოვოს და შვილებს რამეში დაეხმაროს. ოთხი შვილი ჰყავს, ორი ტაივანში მუშაობს, ორი ამ კუნძულზე. 

კინმენი "ტაივანის ყირიმი"? 

კინმენში ჩვენმა ყოფნამ ჩინეთის სამხედრო წვრთნების ფონზე ჩაიარა ტაივანის, კინმენისა და სხვა კუნძულების გარშემო.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ჩინეთის სამხედრო აგრესია ტაივანში შესაძლოა კინმენიდან დაიწყოს, რადგან ამ პატარა კუნძულის მოსახლეობის დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ ბევრად უფრო ლოიალურია, ვიდრე დანარჩენ ტაივანში.

“თუ ჩინეთის შეჭრას გადაწყვეტს, ის ამას კინმენიდან დაიწყებს, რადგან ეს რეგიონი ადვილი იქნება მისთვის. მაგრამ ისინი თუ ამას გადაწყვეტენ, ყველაზე პროჩინურ ნაწილს ანტიჩინურად გადააქცევენ. ასეთი ნაბიჯი გრძელვადიან პერსპექტივაში ჭკვიანური არ იქნება. ჩინეთი ომს პოლიტიკური საჭიროებისთვის დაიწყებს და არა სტრატეგიული საჭიროებისთვის. არ ვიცი ზუსტად კინმენს აირჩევენ თუ არა, მაგრამ ტაივანს და ჩვენს მოკავშირეებს გვაქვს გეგმა და ეს მათთვის ადვილი არ იქნება", - გვითხრა ტაივანის პარლამენტის წევრმა, საგარეო საქმეთა და ეროვნული თავდაცვის კომიტეტიდან ვანგ ტინგ-იუმ.

ვანგ ტინგ-იუ. ფოტო: ლანა კოკაია

საარჩევნო სასწავლო ცენტრის, ეროვნული ჩენჩის უნივერსიტეტის მიერ ბოლო 2023 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ტაივანის მოსახლეობის 61% თავს იდენტიფიცირებს, როგორც ტაივანელი;

  • გამოკითხულთა 32% - როგორც ტაივანელი და ჩინელი;

  • მოსახლეობის 4%-მა კითხვას პასუხი არ გასცა;

  • გამოკითხულთა მხოლოდ 2,5% მიიჩნევს თავს ჩინელად. 

რაც შეეხება კითხვას ტაივანის დამოუკიდებლობისა თუ ჩინეთთან გაერთიანების შესახებ, მოსახლეობის 33%-ს სტატუსის განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნება სურს;

  • 28% სტატუს-კვოს შენარჩუნების და მისი მოგვიანებით გადაწყვეტის მომხრეა;

  • 22%-ს სტატუს-კვოს შენარჩუნება უნდა, დამოუკიდებლობისკენ სვლით;

  • 6%-ს სურს შეინარჩუნოს სტატუს კვო, მაგრამ გაერთიანებისკენ სვლით;

  • 6%-მა არ გასცა კითხვას პასუხი;

  • 4%-ს სურს დამოუკიდებლობა, რაც შეიძლება მალე;

  • 1%-ს გაერთიანება უნდა, რაც შეიძლება მალე.

"ადრე გვქონდა ავტორიტარიზმი და ავტორიტარულ ტაივანში დაბრუნება არ გვინდა. გვინდა დემოკრატია და თავისუფლება. ისინი [ჩინეთის ეროვნული პარტია, KMT] ყიდიან ტაივანს”, - სკანდირებენ ტაივანის პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები.  

საპროტესტო აქცია ტაივანის პარლამენტთან, 21 მაისი. ფოტო: ლანა კოკაია

ტაივანი ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, სადაც მოქმედებს ერთპალატიანი "საკანონმდებლო იუანი" - იგივე პარლამენტი. საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას ამჟამად ოპოზიციური პარტია გომინდანი - "ჩინეთის ეროვნული პარტია", (KMT) ფლობს. მმართველმა ძალამ "დემოკრატიული პროგრესული პარტია", (DPP) საპრეზიდენტო არჩევნებში ზედიზედ მესამედ გამარჯვების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოიპოვა.

"ისინი [KMT] აპირებენ კანონის მიღებას, რომელზეც დისკუსია არ ყოფილა. ეს კანონი ადამიანის უფლებებს არღევს. თუ შეძლებენ ამ კანონის მიღებას, მომავალში კიდევ უფრო მეტი კანონი იქნება, რომელსაც საჯარო განხილვის გარეშე გაიტანენ", - გვეუბნება 31 წლის ტობი.

ტობი საპროტესტო აქციაზე. ფოტო: ლანა კოკაია

საპროტესტო აქცია საკანონმდებლო ორგანოს წინ ტაივანის 40-ზე მეტი სამოქალაქო ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. ერთ-ერთი მათგანი ეკონომიკური დემოკრატიის კავშირის წარმომადგენელი, ტაივანელი იურისტი ლაი ჩუნგ-ჩიანგია.

ლაი ჩუნგ-ჩიანგი 21 მაისის აქციაზე. ფოტო: ლანა კოკაია

"პარტია ეწინააღმდეგება ყველაზე ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს და არ იცავენ ჩვენი პარლამენტის ოფიციალურ პროცედურებს. ისინი ცდილობენ განახორციელონ ეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გააფართოვებს მათ უფლებამოსილებას", - ამბობს ის. 

ტაივანის პარლამენტი. ფოტო: ლანა კოკაია

თეთრი ტერორის ექო: რეპრესიების ბნელი ეპოქის გახსენება ტაივანში

19 მაისს ტაივანში თეთრი ტერორის შედეგად დაღუპულებსა და დაზარალებულებს იხსენებენ, რომელიც 74 წლის წინ, 1949 წლის 19 მაისს საომარი მდგომარეობის გამოცხადებით დაიწყო. ტაივანში თეთრ ტერორს უწოდებენ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ არნახულ პოლიტიკურ რეპრესიებს, რომელიც კუომინტანგის - KMT, ანუ ჩინეთის ნაციონალისტური პარტიის მმართველობის პირობებში 43 წელი გრძელდებოდა. 

ტაიპეი, 19 მაისი. ჯინგ მეის მემორიალურ ცენტრში 75 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ. ფოტო: ლანა კოკაია

"გვაპატიმრებდნენ, გვაწამებდნენ და გვაიძულებდნენ მიგვეცა ყალბი ჩვენებები დაკითხვაზე. ციხის ერთ ოთახში 24 ადამიანი ვცხოვრობდით, ექვსი მათგანი სიკვდილმისჯილი იყო", - 91 წლის ყოფილი პოლიტიკური პატიმარი ცაი კუან-იუ თეთრი ტერორის პერიოდს იხსენებს. 

ცაი კუან-იუ (Tsai Kuan-yu) ჯინგ მეის მემორიალურ ცენტრში სტუმრებს თავის ისტორიას უყვება.

ფოტო: ლანა კოკაია

1950-იან წლებში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ცაი გახდა ჩინეთის კომუნისტური რეჟიმის სამიზნე და მას ორჯერ წაუყენეს ბრალი. სულ 13 წელი გაატარა ციხეში.

ციხის საკნის მაკეტი, სადაც ცაისა და ათასობით პოლიტპატიმარს მრავალი წელი უწევდა ყოფნა.

ჯინგ-მეი და მწვანე კუნძული თეთრი ტერორის მემორიალური პარკები ერთადერთი შემორჩენილი ადგილებია, რომელიც სამხედრო სასამართლო პროცესისა და პოლიტპატიმრების წამების მოწმე იყო. 

ჯინგ-მეის თეთრი ტერორის მემორიალური პარკი, 19 მაისი. ფოტო: ლანა კოკაია

ცაი ასევე მონაწილეობდა ციხის აჯანყებაში 1970 წლის 8 თებერვალს. ის და სხვა პოლიტპატიმრები ციხიდან გაქცევას ცდილობდნენ, რათა დაეწყოთ შეიარაღებული აჯანყება რეჟიმის წინააღმდეგ.

ცაი კუან-იუს სტუმრები ესალმებიან ჯინგ-მეის მემორიალურ ცენტრში. ფოტო: ლანა კოკაია

ცაის თქმით, აჯანყების ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც ინციდენტიდან მალევე სიკვდილით დასაჯეს, სთხოვა მას, გადარჩენილიყო და მოეყოლა მსოფლიოსთვის ის, რაც გამოიარეს.

"ეს ჩემი მოვალეობაა ციხეში მყოფი ჩემი თანამემამულების წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს", - ამბობს ყოფილი პოლიტპატიმარი.

ტაივანელები ამბობენ, თეთრი ტერორი თავისით არ დასრულებულა, ხალხმა იბრძოლა და ამიტომ დასრულდა ის.

თეთრი ტერორის პერიოდში მოსახლეობის ნაწილი პატიმარი გახდა, ნაწილი კი სიკვდილით დასაჯეს. ავტორიტარულმა რეჟიმმა მოსპო თავისუფალი სიტყვისა და შეკრების კონსტიტუციური უფლებები. ტერორს ემსხვერპლა სულ მცირე 20 000 ადამიანი. საომარი მდგომარეობის პირობებში ადამიანები კარგავდნენ თავისუფლებას, ქონებას და სიცოცხლეს. ტაივანი ციხის კუნძულს დაემსგავსა.

დღესდღეობით ტაივანს ცალკე ქვეყნად ოფიციალურად 12 ქვეყანა აღიარებს. თავად ტაივანს დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ აქვს. ქვეყნების უმეტესობას ტაიპეისთან არაოფიციალური ურთიერთობები აქვს. 

კუნძული ჩართულია საერთაშორისო ვაჭრობაში, ძირითადი საექსპორტო ბაზრებით, მათ შორის ჩინეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იაპონიასა და ევროკავშირთან. ტაივანში ინვესტიციებს დებს როგორც აშშ, ისე ევროკავშირი. ვაშინგტონს ტაიპეისთან არაფორმალური სამხედრო კავშირებიც აქვს და ის კუნძულის უძლიერეს მოკავშირედ რჩება.

 

რაც შეეხება ჩინეთ-ტაივანის ურთიერთობებს:

  • თითქმის 3 000 ფრენა სრულდება ტაივანსა და ჩინეთს შორის კვირაში;

  • 2023 წლისთვის ტაივანის მთლიანმა ინვესტიციამ ჩინეთში 206 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა;

  • 2020 წლის მონაცემებით, ტაივანში ჩინელი სტუდენტების საერთო რაოდენობამ 26 000-ს მიაღწია;

  • 2023 წლისთვის ტაივანისა და ჩინეთის უნივერსიტეტებს შორის 1 900-ზე მეტი მემორანდუმი გაფორმდა;

  • ჯამში ტაივანმა და ჩინეთმა 34 ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

 

ტაივანის მოქალაქეები ტაივანური პასპორტით თავისუფლად გადაადგილდებიან როგორც აშშ-ს, ისე ევროპის, ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის უვიზოდაც. თუმცა საქართველოს საზღვარი ტაივანელებისთვის ჩაკეტილია. 

ტაიპეი, 2024 წლის 21 მაისი. ფოტო: ლანა კოკაია

"საქართველოდან ხარ? ჩვენ, სამწუხაროდ, შენს ქვეყანაში არ გვიშვებენ", - დამწუხრებით მეუბნება კასონ შიჰი, ტაივანის დრონების მწარმოებელი, DronesVision-ის აღმასრულებელი დირექტორი.

საქართველოში ტაივანის მოქალაქეებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უშვებენ. ტაივანის ორ წარმომადგენელს დიპლომატიური კორპუსიდან თბილისში, მაისის დასაწყისში შევხვდი. ისინი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში იმყოფებოდნენ.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოგვცა შემოსვლაზე ნებართვა, სხვა შემთხვევაში ვერ ჩამოვიდოდით. თბილისი ძალიან მოგვეწონა, საოცრად დადებითი განწყობა დამეუფლა ჩამოსვლისთანავე. განსაკუთრებით თქვენი ტრადიციული ცეკვებით მოვიხიბლეთ. ძალიან გვინდა ისევ დავბრუნდეთ და საქართველოს სხვა მხარეებიც დავათვალიეროთ", - მითხრეს სტუმრებმა.

ტაივანი ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყანაა. ძირითადი ინდუსტრიები მოიცავს ელექტრონიკას, მანქანა-დანადგარებს, ნავთობქიმიას, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. ტაივანშია მთავარი გლობალური კომპანიები, როგორიცაა TSMC (ტაივანის ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანია). მსოფლიო ელექტრონიკის დიდი ნაწილი - ტელეფონებიდან ელექტრომობილებამდე - ტაივანში დამზადებული კომპიუტერული ჩიპები არის ინტეგრირებული.

 

ავტორის შესახებ: ლანა კოკაია არის ჟურნალისტი 2015 წლიდან. ძირითადად, მუშაობს კონფლიქტების, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

მსგავსი სიახლეები