-

ბოლო დღეებში, ისრაელის ტერიტორიაზე ორი ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რასაც წინ უძღოდა ისრაელის სპეცსამსახურების ოპერაცია, პალესტინის ტერიტორიაზე მდებარე ჯენინის ბანაკში.

სპეცოპერაციის შედეგად 9 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური ჯიჰადის” წევრები და მშვიდობიანი მოქალაქე.

საპასუხოდ, სპეცოპერაციის ჩატარებიდან მეორე დღეს, იერუსალიმში მდებარე ერთ-ერთ სინაგოგაზე, შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაიჭრა.

ტრაგიკული ინციდენტი ამით არ ამოწურულა, რადგანაც მოგვიანებით, 13 წლის პალესტინელმა, იერუსალიმის ქუჩაში ცეცხლი გახსნა და ისრაელის 2 მოქალაქე დაჭრა.

ამას მალევე მოჰყვა ირანზე დრონებით განხორციელებული საჰაერო თავდასხმა, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებების ცნობით, ისრაელის უპილოტო საფრენმა აპარატებმა განახორციელეს.

რეგიონული საფრთხეების ზრდის, დასავლეთ სანაპიროზე და ირანთან გამწვავებული ურთიერთობების პარალელურად, ისრაელს ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეწვია. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერად დაბრუნების და მემარჯვენე-რელიგიური პარტიების კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უსაფრთხოებისა თუ სხვა სფეროებში, მრავალი რადიკალური ცვლილებაა დაანონსებული.

ამის გათვალისწინებით, საინტერესოა რა რეაგირება ექნება ისრაელის ხელისუფლებას ამ მოვლენებზე, არსებობოს თუ არა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის უფრო მეტად გამწვავების საფრთხე და უნდა ველოდოთ თუ არა ირანის ტერიტორიაზე ისრაელის სპეცოპერაციების გააქტიურებას.

ისრაელის არმიის რეიდი ჯენინში

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი ჯენინი, 1996 წლის შემდეგ, პალსტინური ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

ამის მიუხედავად, ისრაელის არმია, სპეცოპერაციას, დასავლეთ სანაპიროს მთელ ტერიტორიაზე ატარებს.

ქალაქ ჯენინის მოსახლეობა დაახლოებით 40 000 ადამიანს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 10 000, სხვადასხვა პერიოდის სამხედრო კონფლიქტების შედეგად ლტოლვილად ქცეული პალესტინელები არიან.

ჯენინში, კომპაქტურად მცხოვრები ლტოლვილთა დასახლება, ანტი-ისრაელური ტერორისტული მოძრაობა “ისლამური ჯიჰადის” ერთ-ერთი მთავარი საყრდენი წერტილია.

მძიმე სოციო-ეკონომიკური პირობები და ისრაელის ოკუპაციის ქვეშ ცხოვრება, ჯენინელი ახალგაზრდების რადიკალიზაციის ხელშემწყობ მიზეზად მიიჩნევა. 

ეს ქალაქი გასანკუთრებით მწვავე დაპირსიპირების ცენტრი 2000-იანი წლების დასაწყისში, მეორე ინტიფადის* დროს გახდა, როდესაც ქალაქში არსებული ტერორისტული ქსელის საწინააღმდეგოდ, ისრაელმა სპეცოპერაცია დაიწყო, რასაც ჯამში, ორივე მხრიდან, დაახლოებით 80 ადამაინი ემსხვერპლა. 

ჯენინში, დარბევის დროს, პალესტინელები ქვებს ესვრიან ისრაელის არმიის ბულდოზერს, 26 იანვარი

სწორედ ასეთი რთული პრეისტორიის მქონე დასახლებაში დაიწყო 2023 წლის 26 იანვარს ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) რეიდი, რასაც 9 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ისრაელის განცხადებით, მათი ძალები ჯენინში შევიდნენ, რათა დაეკავებინათ დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” ტერორისტები, რომლებიც “ჩართული იყვნენ ისრაელის მოქალქეებსა და სამხედროებზე მნიშვნელოვანი ტერორისტული თავდასხმების მზადებაში.”

მათივე ცნობით, სამხედროებმა ალყაში მოაქციეს შენობა, სადაც ისლამური ჯიჰადის წევრები იმყოფებოდნენ. დაჯგუფების წევრებმა ცეცხლი გახსნეს, რასაც სამხედროების პასუხი მოჰყვა.

IDF-ის ცნობით, ამ დროს ისლამური ჯიჰადის სამი წევრი გაანეიტრალეს. პარალელურად, სამხედროებს ცეცხლი სხვა შეიარაღებულმა პალესტინელებმაც გაუხსნეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ჯენინის ლტოლვითა ბანაკში სპეცოპერაციის ჩატარება აუცილებელი იყო, რადგან ამით ადგილობრივი ჯიჰადისტების ქსელის მიერ დაგეგმილი ტერაქტი ჩაიშალა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჯგუფს ასაფეთქებელი ნივთიერებები და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

ამ შეტაკების შემდეგ, “ჰამასის” მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით, მინიმუმ, ორი რაკეტა ისროლეს, რაზეც პასუხისმგებლობა არც ერთ ჯგუფს არ აუღია.

საპასუხოდ ისრაელის თავდაცვამ კონტრიერიში მიიტანა და მიწისქვეშა ობიექტები დაბომბა, სადაც რაკეტებს ამზადებდნენ.

პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, ისრაელის არმიის რეიდს "ხოცვა-ჟლეტა" უწოდა, რის შემდეგაც მისმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ისრაელთან, უსაფრთხოების საკითხებზე კოორდინაციას შეწყვეტდნენ.

ტერაქტები იერუსალიმში

ჯენინის რეიდიდან რამდენიმე დღეში, 27 იანვარს, იერუსალიმში მდებარე ერთ-ერთ სინაგოგაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი მოკლეს, 20 კი დაჭრეს. ისრაელის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი აღმოსავლეთ იერუსალიმის მაცხოვრებელია.

ეს 2011 წლის შემდეგ, ისრაელში მომხდარი ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო. მაშინ ტერორისტები, ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულიდან შევიდნენ და იერუსალიმში ისრაელის 8 მოქალაქე მოკლეს.

28 იანვარს კი აღმოსავლეთ იერუსალიმში 13 წლის პალესტინელმა ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი დაჭრა. პოლიციამ განაცხადა, რომ დაჭრილები მამა და შვილი არიან.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ დაჭრილი შვილი თადარიგის ოფიცერია, რომელიც შეიარღებული იყო და მან თავდამსხმელის დაჭრა შეძლო.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ტერორისტული თავდასხმის ადგილზე, იერუსალიმი

პალესტინის ისლამისტურმა მოძრაობა "ჰამასმა", ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმების სერიას "ბუნებრივი პასუხი" უწოდა. 

ტერაქტების შემდეგ პოლიციამ განგაშის სიგნალი უმაღლეს დონემდე გაზარდა და ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. პოლიციის კომისარმა, კობი შაბთაიმ, იერუსალიმში ელიტური “იამამის” კონტრტერორისტული ჯგუფი გაგზავნა.

ისრაელის ახალი, მემარჯვენე-რელიგიური კოალიცია წინა ხელისუფლებას, სადაც ცენტრისტული, მემარცხენე და ერთი არაბული პარტიაც კი შედიოდა, საარჩევნო კამპანიისას, ტერორისტების მიმართ კომპრომისულ მიდგომაში ადანაშაულებდა.

ამიტომ, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ბენიამინ ნეთანიაჰუს და მისი მთავრობის რეაქცია ამ თავდასხმების მიმართ.

ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების კაბინეტმა სხვადასხვა ზომების გატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რათა ტერორს დაუპირსპირდეს და ტერორისტებს და მათ მხარდამჭერების შესაბამისი ფასი გადაახდევინოს.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ პალესტინის ქალაქებში, ებრაელების მკვლელობას უბრალო მოქალაქეები ზეიმობდნენ, რის საპასუხოდაც, მან ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ებრაული ახალშენების გაძლიერება და მათი მშენებლობის გაფართოება დააანონსა.

გარდა ამისა, უსაფრთხოების კაბინეტმა, იერუსალიმის პირველი ტერაქტის ავტორის, ალქამ ხაირის სახლის დალუქვის და მისი ოჯახის გასახლების გადაწყვეტილება მიიღო.

ხელისუფლებამ ასევე გადაწყვიტა, რომ ტერორისტების ქმედებების მხარდამჭერ ოჯახის წევრებს დაზღვევა და ყველა სოციალური ბენეფიტი ჩამოართვას.

უახლოეს მომავალში, მთავრობის სხდომაზე, ტერორისტების ქმედებების მხარდამჭერი ოჯახის წევრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და მათი ისრაელიდან პალესტინაში გასახლება უნდა განიხილონ.

ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ გამარტივდება იარაღის ტარების ლიცენზიის მიღების პროცესი.

თავდასხმებზე უმწვავესი რეაქცია ჰქონდა ისრაელის უშიშროების მინისტრს, იტამარ ბენ გვირს. ის ულტრამემარჯვენე პარტია “ებრაული ძალის” ლიდერია, რომელიც სამთავრობო კოალიციის ნაწილია.

ყველა, ვინც კლავს, აზიანებს და ხოცავს მოქალაქეებს, ელექტროსკამზე უნდა დაჯდეს. - თქვა ბენ გვირმა ქნესეთში, მისი ფრაქციის სხდომაზე.

მინისტრის თქმით, ის ქნესეთში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც ზოგიერთი ტერორისტული ქმედებაზე, სიკვდილით დასჯა ამოქმედება. 

ირანის სამხედრო ობიექტებზე დრონების თავდასხმები

“ჩვენ გადავწყვიტეთ რამდენიმე დაუყოვნებელი ნაბიჯის გადადგმა, რაც დღეს საღამოს დაიწყება,"- ეს განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ 28 იანვარს, იერუსალიმში მომხდარი მეორე ტერაქტის შემდეგ გააკეთა. 

გვიან საღამოს, ირანის სხვადასხვა რეგიონში მდებარე ობიექტებზე აფეთქებების სერია მოხდა.

დაბომბვები დადასტურდა ირანის თავდაცვის სამინისტროს მინიმუმ ერთ ობიექტზე ისპაანში და თავრიზის პროვინციაში არსებულ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე.

ირანის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ისპაანში მომხდარი აფეთქება დრონებით განხორციელდა. უწყების ცნობით, თავდასხმა 3 უპილოტო საფრენი აპარატით მოხდა, თუმცა 2 დრონის განეიტრალება ჰაერშივე მოხერხდა.

გარდა ამ შემთხვევებისა, აფეთქებები იყო ქალაქ რაშტში, გილანის პროვინაციასა და თეირანში, მაგრამ ირანის ხელისუფლება ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ისპაანში დრონის სავარაუდო თავდასხმის კადრები

30 იანვარს, გაზეთმა The Wall Street Journal-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და ოპერაციის შესახებ ინფორმირებულ ადამიანებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანის თავდაცვით კომპლექსზე განხორციელებული თავდასხმაში, ისრაელის გარდა ამერიკაც მონაწილეობდა, რაც ისლამური რესპუბლიკის ბირთვული და სამხედრო ამბიციების დასუსტების კამპანიის ნაწილი იყო.

ისპაანის დარტყმა იყო პირველი ცნობილი თავდასხმა, რომელიც სავარაუდოდ, ისრაელის მიერ ახალი, მემარჯვენე კოალიციური მთავრობის დროს, პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მეთაურობით განხორციელდა.

WSJ წერს, რომ სწორედ მისი მმართველობის დროს (2009-21 წლებში) ატარებდა ისრაელი ირანში მსგავს ოპერაციებს.

31 იანვარს, CNN-ის ჟურნალისტ ჯეიკ ტაპერთან ინტერვიუში, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ირანის იარაღის წარმოების წინააღმდეგ ოპერაციებს ატარებს, მაგრამ დრონებით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აიღო.

მე კონკრეტულ ოპერაციებზე არასდროს ვსაუბრობ… და ყოველ ჯერზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთში რაღაც ფეთქდება, ისრაელს ადანაშაულებენ ან პასუხისმგებლობას აკისრებენ - ზოგჯერ ჩვენ ვართ, ზოგჯერ - არა. - ბენიამინ ნეთანიაჰუ.  

ასევე, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უკრაინის ომში ირანის მონაწილეობა დაგმო და აღნიშნა, რომ ისრაელის სამიზნეს წარმოადგენს იმ იარაღის საწარმოები, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ გამოიყენება. 

“მსოფლიო ახლოსაა იმის გაგებასთამ თუ რას წარმოადგენს ირანი: ბარბაროსობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რასაც ემატება ის ფაქტი, რომ მათი გაგზავნილი დრონებით, უდანაშაულო ადამიენბის კლავენ შუაგულ ევროპაში, უკრაინაში,"- განაცხადა მან, ირანულ კამიკაძე დრონებზე საუბრისას.

ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრს არც ბირთვული არსენალი გამორჩენია და ხაზი გაუსვა, რომ თეირანის ხელში ამ იარაღის აღმოჩენა, ისრაელის უსაფრთხოებისთვის საციცოხლო საკითხს წარმოადგენს. 

თავის მხრივ, დრონებით განოხრიცელებული თავდასხმის შემდეგ, ირანმა ისრაელს "ცეცხლთან თამაშის" შეწყვეტისკენ მოუწოდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარების ესკალაციით დაემქურა. 

ისრაელის Channel 12-ის ცნობით, დრონებმა ირანული კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატების, Shahed-136-ების საწარმო დაბომბეს. ამავე წყაროს ცნობით, ოპერაცია მაღალი ხარისხის სადაზვერვო ინფორმაციისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების ერთობლიობით შედგა.

ანონიმურმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა, Al Jazeera-ს განუცხადა, რომ, თავდასხმის უკან ისრაელი იდგა, თუმცა მისი თქმით, ოპერაცია ჩავარდა.

ბლინკენის ვიზიტი ისრაელში

ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარების და ქვეყნის შიგნით ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო აქციების ფონზე, 30 იანვარს, ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. საგარეო პოლიტიკის და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გარდა, მან ღიად ისაუბრა ნეთანიაჰუს კოალიციის მიერ დაგეგმილ სასამართლო რეფორმაზეც, რომელსაც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ბევრი კრიტიკოსი ჰყავს.

ისრაელის მმართველი მემარჯვენე-რელიგიური კოალიცია გეგმავს, რომ კანონმდებლობა შეცვალოს, რის შედეგადაც ქვეყნის უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ქნესეთი უბრალო უმრავლესობით გადასინჯავს.

ისრაელს ერთპალატიანი პარლამენტი და სიმბოლური უფლებების მქონე პრეზიდენტი ჰყავს, ამიტომ ბევრი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ძალაუფლების ბალანსი დაირღვევა.

ნეთანიაჰუს და ბლინკენის ერთობლივი პრესკონფერენცია

ბაიდენის ადმინისტრაციასა და ნეთანიაჰუს მთავრობას შორის ღრმა უთანხმოებაზე მინიშნებით, ბლინკენმა თქვა, რომ აშშ და ისრაელი წლების განმავლობაში აძლიერებდნენ თავიანთ დემოკრატიებს, ერთმანეთთან გულწრფელი დიალოგით. 

ბლინკენის წინაშე გამოსვლისას, ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი და აშშ იზიარებენ საერთო ღირებულებებს.

"ორი ძლიერი დემოკრატია, რომელიც დარჩება ასეთად, გარწმუნებთ, ორი ძლიერი დემოკრატია,"- აღნიშნა ბიბი ნეთანიაჰუმ.

მაგრამ ნეთანიაჰუმ აქცენტი თეირანზე გააკეთა და ბლინკენს უთხრა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ "ირანის ნამდვილი სახე" დაინახა.

ბლინკენმა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შეჩერებაზეც ისაუბრა, თუმცა სწრაფად გადავიდა დრონებზე, რომელსაც თეირანი მოსკოვს აწვდის.

მან ასევე მკაფიოდ მოუწოდა ისრაელს, რომ უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი კიევს და თქვა, რომ “რუსეთის სისასტიკე მხოლოდ ხაზს უსვამს უკრაინის საჭიროებებს - ჰუმანიტარული, ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის მნიშვნელობას.”

ამერიკისა და ისრაელის ახლანდელ ხელისუფლებებს შორის არსებული მკვეთრი იდეოლოგიური განსხვავებების, ასევე პალესტინური სახელმწიფოს შექმნაზე ნეთანიაჰუს და მისი კოალიციური პარტნიორების სასტიკი წინააღმდეგობის, ისრაელში ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმის ფონზე, ნეთანიაჰუს გაპრემიერების შემდეგ, ბევრი ანალიტიკოსი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მკვეთრ გაუარესებას ელოდა.

თუმცა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ირანის ჩართულობის ზრდამ, ეს პროგნოზები არ გაამართლა.

26 იანვარს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ, ხმელთაშუა ზღვაში, ყველაზე დიდი ერთობლივი წვრთნები დაასრულეს.

წვრთნაში, სახელწოდებით Juniper Oak 2023, დაახლოებით 6 400 ამერიკელი ჯარისკაცი, 1 500-ზე მეტი ისრაელელი სამხედრო, 140-ზე მეტი თვითმფრინავი, 12 საზღვაო ხომალდი და საარტილერიო სისტემები მონაწილეობდნენ.

სწავლება ფართოდ განიხილებოდა, როგორც გზავნილი ირანის მიმართ, თუმცა, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ წვრთნები არ მოიცავდა ირანული სამიზნეების ან სხვა მოწინააღმდეგის მაკეტებს.

ისრაელის Channel 12 წყაროს დაკონკრეტების გარეშე წერს, რომ წვრთნების ნაწილი მოიცავდა ამერიკულ ბომბდამშენებს, რომლებიც მიზნად იმიტირებულ ირანულ ბირთვულ ობიექტს ისახავდნენ.

რას უნდა ველოდოთ მომავალში

ისრაელის ხელისუფლების წარმოამდგენლების რიტორიკიდან და მათ მიერ დაანონსებული ინიციატივებიდან გამომდინარე, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ახალ ინციატივებს არ უნდა ველოდოთ.

სავარაუდოა, რომ ისრაელის ხელისუფლება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გაამძაფრებს და ტერირიზმის მხარდამჭერი ოჯახის წევრების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას დაუწესებს.

ჯენინსა და პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე ოკუპირებულ ქალაქებში, მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარება არ შეიცვლება, რაც ახალგაზრდების რეკრუტირებისთვის, ტერორირისტული ორგანიზაციებისთვის ნოყიერ ნიადაგს შექმნის. 

მოსალოდნელია, რომ ნეთანიაჰუს და ბაიდენის ადმინისტრაციების ურთორთობა არ იქნება ობამა-ნეთანიაჰუს ადმინისტრაციების მსგავსი. შეგახსენებთ, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებამდე, ისრაელის მაშინდელი და ახლანდელი პრემიერი, ბარაკ ობამას ღიად დაუპირისპირდა. 

ირანის მიერ რუსეთისთვის დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების მიწოდებამ, ბირთვული შეთანხმების აღდგენის პერსპექტივა გააქრო.

ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის, ამ შეთანხმების აღდგენა, ბაიდენისა და ზოგადად, დემოკრატიული პარტიის მიმართ არსებული წუხილების მთავარი მიზეზი იყო.

 

*ინტიფადა ("აჯანყება") - არაბთა განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა პალესტინის ტერიტორიის ისრაელის ოკუპაციისგან განთავისუფლებას. ისრაელის წინააღმდეგ სულ სამი ინტიფადა იყო: პირველი 1980-იან წლების ბოლოს, მეორე 2000-იან წლებში, მესამე ინტიფადა კი ჰამასმა 2017 წელს, აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის შემდეგ გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები