რატომ დუმს საქართველოს მთავრობა ხანგოშვილის მკვლელობაზე

​​2021 წლის 15 დეკმებერს საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანიის პროკურატურამ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ვადიმ კრასიკოვის და იქვა განმარტა, რომ ამ სპეცოპერაციის უკან, რუსეთის მთავრობაში შემავალი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები იდგნენ. 

 

მარტივად რომ ვთქვათ, ხანგოშვილის ლიკვიდაცია კრემლში დაიგეგმა და პოლიტიკური პასუხისმგებლობაც რუსეთის ფედერაციას ეკისრება. 

 

გერმანიის ახალმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ამ მკვლელობას „საშინელება“ უწოდა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალინა ბერბოკმა, ქვეყნიდან დამატებით 2 რუსს დიპლომატს გააძევა. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა, თითქმის სამარისებულად დუმს. 

 

რატომ პასიურობს საქართველოს მთავრობა? 

 

თუკი გავიხსენებთ ივანიშვილის გუნდის პოლიტიკას, ისეთი საკითხების მიმართ, სადაც რუსეთი ფიგურირებს, მათ შორის ხანგოშვილის შემთხვევასაც, რომელიც ბერლინში მომხდარ მკვლელობამდე ადრე დაიწყო, ალბათ პასუხი მარტივი იქნება - ყველაფრის ფასად, მოსკოვთან ზედმეტი ალიაქოთის გამორიცხვა, რასაც ჩვენს ენაზე „არ გაღიზიანების“ პოლიტიკა დაერქვა.  

 

ზელიმხან ხანგოშვილი დიდი ხნის განმავლობაში იყო კრემლის სამიზნე. რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნეთის მეორე ომსა და 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობის გარდა, წლების განმავლობაში, იგი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთან, რაც ჯამში საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის, რომ რუსეთის სამიზნე გამხდარიყო. 

 

პირველი თავდასხმა მასზე 2015 წლის 28 მაისს თბილისში მოხდა, რა დროსაც 8 ტყვია ესროლეს და სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ეს იყო პირველი სიგნალი, რომ ზელიმხან ხანგოშვილზე ნადირობა, ოფიციალურად გამოცხადებული იყო. 

 

აქვე ხაზგასასმელია, რომ ამ თავდასხმიდან მოკლე დროში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, სტამბოლში თავს ესხმიან აბდულვახიდ ედილგარიევს, ჩეჩნეთის ომისა და რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების მონაწილეს, რომელიც ხანგოშვილისგან განსხვავებით, მაშინ სიკვდილს ვერ გადაურჩა. 

 

შესაბამისად, ზოგადი კონტექსტიც და კონკრეტული თავდასხმაც იმას მიუთითებდა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან საჭირო იყო ხანგოშვილისთვის დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მასზე განხორციელებული თავდასხმის დროული გამოძიება.

 

ამის ნაცვლად, სამართალდამცავმა უწყებებმა ხანგოშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის, დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენებაზე უარი განაცხადეს. რის შემდეგაც, გაზრდილი საფრთხიდან გამომდინარე, მან საქართველო დატოვა და ოჯახთან ერთად გერმანიაში გადაიხვეწა. 

 

ამასთანავე, არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ხანგოშვილს იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვა, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო საშიში გახადა. 

 

ხოლო რაც შეეხება გამოძიებას, მისი დაწყებიდან 6 წელი გავიდა და მხოლოდ ის ვიცით, რომ  ეს საქმე პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა და ჩატარებული საგამოძიებო საქმიანობა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. 

 

საბოლოო ჯამში, შეიძლება იმის თქმა, რომ თუკი ხანგოშვილზე განხორციელებულ თავდასხმზე (თბილისში, 2015 წელს) რეაქციას გავითვალისწინებთ, მაშინ გერმანიის სასამრთლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, ჩვენი მთავრობის დუმილი, უცნაურად აღარ მოგვეჩვენება. 

 

არადა, ამ გადაწყვეტილებას, ჩვენთვის ორმაგი პოლიტიკური და სამართლებრივი დატვირთვა აქვს, რადგანაც კრემლისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა სწორად იმას მიუთითებს, რომ წლების წინ, სწორად რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური იდგა იმ ოპერაციის უკან, რომლის მიზანსაც, თბილისში, საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაცია წარმოადგენდა. 

 

თუმცა, იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება წამყვანი ევროპული პრესის პირველ გვერდებზე იბეჭდება, ხოლო გერმანიის კანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთთან ურთიერთობის გადახედვაზე საუბრობენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკუთარ ვებ-გვერდზე მოკრძალებულ და ძალიან ზოგად განცხადებას აკეთებს, რაც არასასურველ რეალობაში ცხადად გვაბრუნებს.  

 

როგორც ჩანს, ეს საქმე „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის პრობლემაა, ოღონდ პრობლემა იმ კუთხით, რომ ზედმეტად რეზონანსული გახდა და მარტივად „გატარება“ არ გამოდის. ხოლო მკვეთრი და პირდაპირი განცხადებების გაკეთება, რომელიც სტანდარტული ტექსტის მიღმაა, არასასურველია, რადგანაც „არ გაღიზიანების“ პოლიტიკასთან კონტრასტში მოდის. 

 

ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს მთავრობის პასიურობა ლოგიკურია და სულაც არ არის მოულოდნელი. 

 

სამწუხაროა ისაა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი ვერც სიცოცხლეში და ვერც სიკვდილის შემდეგ დავიცავით და მასთან ერთად, კიდევ ერთხელ შეილახა ეროვნული ინტერესები. 

 

მსგავსი სიახლეები