დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

20:37 | 29 სექტემბერი, 2026 — აშშ

ამერიკელი სამხედროები ორი ათწლეულის შემდეგ ერაყს ტოვებენ

აშშ-ის შეიარაღებული ძალები ერაყში არსებული უკანასკნელი ბაზების დატოვებას გეგმავს. ეს გამარჯვებად აღიქვა ირანმა და მისმა მოკავშირეებმა, რადგან ერაყში 20 წელზე ხანგრძლივი ომის განმავლობაში 4 500 ამერიკელი დაიღუპა.

ვითარების არსი: Reuters-ის ცნობით, ერაყელი უსაფრთხოების ექსპერტები აცხადებენ, რომ ჯარების გაყვანამ, შესაძლოა თეირანსა და მის მოკავშირეებს მოქმედების სრული თავისუფლება მიანიჭოს, ხოლო აშშ-ის მტრებს, მათ შორის "ისლამურ სახელმწიფოს," დაბრუნების საშუალება მისცეს.

  • "ირანი სტრატეგიულ სარგებელს მიიღებს კოალიციის წასვლით, რადგან ამით ქრება სამხედრო წარმომადგენლობა, რომელიც წლების განმავლობაში ერაყში თეირანის გავლენის საპირწონე იყო," - განაცხადა ჯასიმ ალ-ბაჰადლიმ, ერაყელმა უსაფრთხოების ანალიტიკოსმა, რომელიც ირანთან ალიანსში მყოფი შეიარაღებული შიიტური დაჯგუფებების შესწავლაზეა სპეციალიზებული.
  • მისი პროგნოზით, პროირანული დაჯგუფებები ჯარების გაყვანას არა მხოლოდ საკუთარი მოძრაობის გამარჯვებად წარმოაჩენენ, არამედ "შეეცდებიან ეს იმპულსი უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიღებაზე უფრო დიდ გავლენად გარდაქმნან."

სტრიქონებს შორის: აბუ მოჯთაბა ალ-იასირმა, ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ფრაქციების გაერთიანების "ერაყის ისლამური წინააღმდეგობის" მეთაურმა, აშშ-ის ჯარების გაყვანას უწოდა "ისტორიული გამარჯვება ერაყის ისლამური წინააღმდეგობის ჯგუფებისა და ღირსეული ერაყელებისთვის, და ამერიკული პროექტის გამანადგურებელი მარცხი."

  • მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ძალების საბოლოო წასვლა ფართო პოპულარობით სარგებლობს ერაყელებს შორის, ისინი, ვინც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების ძალაუფლებაზე დარდობენ, შიშობენ, რომ ჯარების გაყვანა ნაადრევია.
  • "ჩვენ გვჯერა, რომ ერაყი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არის სრულად მზად უსაფრთხოების სფეროს მართვის საკუთარ თავზე ასაღებად," - განუცხადა Reuters-ს აბდულრაჰმან ალ-ზობაიმ, სუნიტი ტომების ლიდერმა ფალუჯაში, რომელიც ოდესღაც ანტიამერიკული წინააღმდეგობის ბასტიონს წარმოადგენდა.

დიდი სურათი: ამერიკული ძალები ერაყში 2003 წელს შეიჭრნენ სუნიტი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის დასამხობად, რასაც მოჰყვა ქვეყნის ოკუპაცია 2011 წელს ჯარების გაყვანამდე.

  • თუმცა ამერიკელი სამხედროები ქვეყანაში მალევე დაბრუნდნენ, რათა ერაყის ძალებს დახმარებოდნენ სუნიტური ტერორისსტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებაში 2014-2017 წლების მასშტაბურ ომში.
  • ბოლო წლებში ერაყი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც ინარჩუნებდა მჭიდრო პოლიტიკურ და სამხედრო ალიანსს როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე ირანთან, რომელიც ხანდახან ერაყის ტერიტორიას ირიბი ბრძოლისველად იყენებდა.
  • შეერთებულმა შტატებმა 2020 წელს ბაღდადის აეროპორტზე დარტყმით მოკლა ირანის "ყუდსის" ძალების მეთაური ყასემ სულეიმანი.  
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე