10:41 | 30 სექტემბერი, 2026 — აშშ
აშშ-ირანის მოლაპარაკებებში არსებული ჩიხი ომის განახლების ალბათობას ზრდის - Axios
კატარის შუამავლობით აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიურ პროცესს ამ კვირაში არსებითი პროგრესი არ მოუტანია, რადგან არცერთი მხარე არ არის მზად დათმობაზე წასასვლელად. ამ ინფორმაციას Axios მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვითარების არსი: ეს ჩიხური სიტუაცია ამყარებს ორივე მხარის რწმენას, რომ სამხედრო კონფლიქტის განახლების ალბათობა იზრდება. ამერიკელი ოფიციალური პირები თვლიან, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების განახლების ბრძანება შუალედური არჩევნების შემდეგ გასცეს.
- წყაროების ცნობით, კატარელი ოფიციალური პირები განაგრძობენ მცდელობებს, თუმცა ორივე მხარის მიმართ სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
- პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ კატარელმა შუამავალმა ალი ალ-თავადიმ ორშაბათს ნიუ-იორკში მრავალსაათიანი შეხვედრა გამართა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან და მის გუნდთან.
სტრიქონებს შორის: Axios-ის წყარომ განაცხადა, რომ მათ განიხილეს კატარის ორგვერდიანი კომპრომისული წინადადება.
- გამოცემის კიდევ ორი წყაროს ცნობით, კატარის გეგმის მიზანი იყო ირანის მოთხოვნის დაკმაყოფილება აშშ-ის მხრიდან საზღვაო ბლოკადის მოხსნის შესახებ, ასევე აშშ-ის მოთხოვნაზე ირანის მხრიდან ბირთვულ სფეროში დათმობებზე წასვლის თაობაზე.
- ორშაბათს საღამოს ალ-თავადი ვაშინგტონში ტრამპის წარმომადგენელ ჯარედ კუშნერსა და სხვა ამერიკელ ოფიციალურ პირებს შეხვდა.
- ორშაბათს დილით თეთრ სახლში პროგრესის იმედი ჰქონდათ.
დიდი სურათი: ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Axios-ს განუცხადეს, რომ მოლაპარაკებები იყო "პოზიტიური და კონსტრუქციული" და რომ ირანმა "მიანიშნა, რომ მზადაა მოქნილობისთვის ბირთვულ საკითხებში"
- ოფიციალურმა პირებმა ისიც კი განაცხადეს, რომ ტრამპი მზადაა შეამსუბუქოს სანქციები ირანის წინააღმდეგ და განბლოკოს გაყინული სახსრები მისი ბირთვული პროგრამის შემცირების კონკრეტული ნაბიჯების სანაცვლოდ.
- თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც კატარელი ოფიციალური პირები ჯერ კიდევ თეთრ სახლში იმყოფებოდნენ, ტრამპმა Truth Social-ში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნა, რომ ირანისთვის არაფერი შეუთავაზებია.
- Axios-ის ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ორშაბათს მოლაპარაკებებში არანაირი არსებითი პროგრესი არ ყოფილა.
- "მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ირანელები ითხოვენ იმას, რასაც აშშ ვერ დაეთანხმება, ხოლო აშშ მიიჩნევს, რომ იმარჯვებს, ამიტომ ვერ ხედავს კომპრომისის საჭიროებას." - აცხადებს გამოცემის წყარო.
კონტექსტი: სხვა შუამავლებმა, კერძოდ პაკისტანმა და ეგვიპტემ, მოუწოდეს ირანს, წასულიყო დათმობებზე ბირთვულ სფეროში. თუმცა ირანელებმა განაცხადეს, რომ ასეთ შესაძლებლობას განიხილავენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშშ დათანხმდება ივნისის ურთიერთგაგების მემორანდუმს დაუბრუნდეს.
- "ტრამპი აღმოჩნდა უგზო-უკვლო სიტუაციაში, რომელშიც მას არც მოლაპარაკებების წარმოება შეუძლია და არც ომი," - თქვა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ.
- ტრამპმა სამშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "მათ (ირანს - რედ.) საქმეები ძალიან ცუდად მისდით."