13:28 | 02 სექტემბერი, 2026 — რუსეთი
ბიშკეკი 2026: პუტინი აღიარებს დრონების საფრთხეს, უარყოფს მობილიზაციას და იმუქრება
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფინალურ ფაზაში, 1 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტრადიციული შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.
ღონისძიებაზე, რომელიც ვრცელი საჯარო გამოსვლით გაიხსნა, რუსეთის ლიდერმა ჟურნალისტების მრავალმხრივ შეკითხვებს უპასუხა და მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე მოსკოვის ხედვები კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
უკრაინის მიერ რუსეთის ცის დაკეტვა და ლაიპციგის ინციდენტი
ვლადიმირ პუტინს პრეს-კონფერენციის დროს ჟურნალისტმა კომენტარი სთხოვა უკრაინის მხრიდან ქვეყნის ცის შესაძლო დაკეტვის შესახებ.
რუსეთის ლიდერმა თქვა, რომ ამის შესახებ არ სმენია და იქვე პირობა დადო, რომ "ტრაგედიების" შემთხვევაში პასუხს გასცემენ.
"არ მსმენია ასეთი განცხადებები, მაგრამ თუ ეს ხმამაღლაა ნათქვამი, ეს უბრალოდ სახელმწიფო ტერორიზმის განაცხადია. და ყურადღებას ვაქცევ იმას, რომ ისინი მოლაპარაკებების განახლებას გვთხოვენ, პირად შეხვედრებს გვთხოვენ. ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ. ეს პირველი. და მეორე - ამავე საკითხზე: თუკი, ღმერთმა არ ქნას, ასეთი ტრაგედიები მოხდება, ჩვენ ვიპოვით, რით ვუპასუხოთ. ამაში ეჭვი ნურავის შეეპარება", - განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა სამშაბათს საღამოს განაცხადა, რომ კიევი გეგმავს რუსეთის საჰაერო სივრცეში საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატების ყოფნა იმდენად გაზარდოს, რომ ეს სამოქალაქო ავიაციისთვის ცას ფაქტობრივად დაკეტავს.
ზელენსკის თქმით, რუსეთის ცა "უკვე არის და კიდევ უფრო მეტად იქნება" უკრაინული დრონებისა და რაკეტების სივრცე. მისი განცხადებით, უკრაინა გააგრძელებს დარტყმების მიყენებას სამხედრო ობიექტებსა და ომზე მომუშავე რუსული ეკონომიკის საწარმოებზე.
ზელენსკიმ ცალკე მიმართა უცხოურ ავიაკომპანიებსა და მზღვეველებს. მან გააფრთხილა ისინი, რომ ფრენები რუსეთში, უპირველესად კი მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, სულ უფრო სარისკო ხდება. "რუსეთის ცა დე ფაქტო დაიკეტება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა სამოქალაქო თვითმფრინავებზე იერიშის მიტანას არ აპირებს.
მიმართვის გამოქვეყნებიდან მალევე მოსკოვის ბირჟაზე "აეროფლოტის" აქციები დაახლოებით ხუთ წუთში თითქმის 5%-ით გაუფასურდა.
რუსი ჟურნალისტის წინამორბედი კითხვა ეხებოდა ლაიფციგის აეროპორტზე თავდასხმაში ბრალდებას.
პუტინმა გერმანიის ხელისუფლების "უხეში შეცდომა" უწოდა და ეს "რეიტინგების ვარდნით" ახსნა.
პუტინი მობილიზაციაზე და CIA-ის დირექტორის ვიზიტზე
ვლადიმირ პუტინმა პირველად გააკეთა კომენტარი სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესაძლო ახალი ტალღის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე.
მან ამ ცნობებს "სრული სისულელე" და "უკრაინის მხრიდან რუსეთზე საინფორმაციო თავდასხმა" უწოდა.
მოგვიანებით "როსიისკაია გაზეტას" ჟურნალისტმა ჰკითხა, აპირებს თუ არა რუსეთი ამ შემთხვევაში დარტყმების მიყენებას უკრაინის ხელმძღვანელობაზე.
პუტინმა უპასუხა, რომ მოსკოვი ამას ახლა არ აკეთებს, რადგან შესაძლოა მას მომავალი მოლაპარაკებებისთვის კიევის წარმომადგენლები დასჭირდეს.
"ჩვენ გვჭირდება რაღაც მომლაპარაკებლები სასაუბროდ, თუკი ისინი მიხვდებიან, რომ საკითხების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა სურთ" - განაცხადა მან.
პუტინმა ასევე გააკეთა კომენტარი მოსკოვში CIA-ის დირექტორის ჯონ რეტკლიფის ვიზიტზე. მისი თქმით, სპეცსამსახურებს შორის კონტაქტები გრძელდება, თუმცა მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე ამჟამად "გაყინულია".
ამასთან, პუტინმა მიანიშნა, რომ ამერიკელ შუამავლებად აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელი სტივ უიტკოფსა და დონალდ ტრამპის სიძეს ჯარედ კუშნერს ამჯობინებს.
"ჩვენთვის კომფორტულია იმ ადამიანებთან მუშაობა, რომლებსაც ვენდობით. ესენი არიან პრეზიდენტ ტრამპთან დაახლოებული პირები. პრეზიდენტი მათ ენდობა. ამიტომ ბატონი კუშნერი და უიტკოფი ჩვენთან ყოველთვის სასურველი სტუმრები არიან", - განაცხადა პუტინმა.
პუტინი მთავარ გამოწვევაზე უკრაინასთან ომში
პუტინის თანახმად, უკრაინასთან ომში ამჟამად რუსეთისთვის მთავარი გამოწვევა უპილოტო აპარატებია - ზღვაზე, წყალქვეშ, მიწაზე და ჰაერში.
პუტინის თქმით, რუსმა სამხედროებმა მიიღეს მითითება უკრაინის საწვავისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე მასირებული საპასუხო დარტყმების მომზადებასა და განხორციელებაზე.
"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს მიეცათ მითითება უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე მასირებული დარტყმების მომზადებისა და მიყენების შესახებ. ისინი ურტყამენ ჩვენსას - მიიღებენ პასუხს", - აღნიშნა მან.
"ეჭვი არ მეპარება, რომ მტერი ჩამოიშლება. დროის, ვადების საკითხი კი ყოველთვის ძალიან ისეთი რთული საკითხებია, რომლებზეც უმჯობესია არ გასცე, არც კი სცადო კონკრეტული პასუხების გაცემა", - განაცხადა პუტინმა.
პუტინის ახალი მეტაფორა
ბოლო დღეებია ვლადიმირ პუტინი თავის საჯარო გამოსვლებში ახალ მეტაფორას იყენებს. მან რუსეთი ფაქტობრივად კვებით ჯაჭვში უმაღლესი მტაცებლების დონეზე დააყენა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის "კვებით ჯაჭვში ქვემოთ ჩათრევას" და "შესანსვლას" ცდილობენ. ბიოლოგიაში მიღებული კლასიფიკაციით, ზედა პოზიციებს მტაცებლები იკავებენ. როგორც ცელნამგალა ვეშაპები (რუს. Коса́тка, ლათ. Orcinus orca), ისე თეთრი დათვები უმაღლეს მტაცებლებს მიეკუთვნებიან.
გამოსვლისას პუტინს ანალოგიის განმარტება სთხოვეს: "ამ დღეებში თქვენ მეტად მოულოდნელი ანალოგია მოიყვანეთ ცელნამგალა ვეშაპთან, თეთრ დათვებთან და სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით. ვინ ვინ არის იქ, ვის გულისხმობდით" - ჰკითხა ჟურნალისტმა.
პუტინმა უპასუხა, რომ ანალოგია "სრულიად სპონტანურად" გაჩნდა - "თუ თქვენ მიანიშნებთ იმაზე, რომ ცელნამგალა ვეშაპები კოლექტიური დასავლეთია, მე ვიტყოდი, რომ ცელნამგალა ვეშაპი, რა თქმა უნდა, საშინელი მტაცებელია, მაგრამ ის ინტელიგენტური, ჭკვიანი ცხოველია", - თქვა პრეზიდენტმა. მან კოლექტიურ დასავლეთს საბჭოთა გამოთქმა - "იმპერიალიზმის ზვიგენები" უწოდა.
ამის შემდეგ პუტინმა პირვანდელი მეტაფორის არსი განმარტა: "თუ ვინმე შეეცდება ჩვენს ჩათრევას კვებით ჯაჭვში ქვემოთ და ჩვენს ჩაყლაპვას, ჩვენს შესანსვლას, შეიძლება კბილებშიც მოხვდეს. და რუსეთი მზად არის ეს გააკეთოს, მიუხედავად ამ ზვიგენების სწრაფად მზარდი მადისა და კბილებისა".
ცხოველებთან დაკავშირებული მეტაფორა პუტინმა პირველად 29 აგვისტოს, მოსკოვის პედაგოგიური სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგებთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე გამოიყენა.
ჩრდილოეთ პოლუსზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ცელნამგალა ვეშაპები "ამ დათვებს წვრილფეხობასავით ჭამენ", "გუნდად ესხმიან თავს" და "ნაწილებად გლეჯენ". "ასეთია კვებითი ჯაჭვი. ამის შესახებაც უნდა ვუამბოთ ბავშვებს, რათა მათ ესმოდეთ, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ და რატომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას", - განაცხადა მაშინ პუტინმა.
მეცნიერები პუტინის მეტაფორას უსაფუძვლოს უწოდებენ; კვლევები და დაკვირვებები ადასტურებენ, რომ ცელნამგალები თეთრ დათვებს თავს არ ესხმიან, თეთრი დათვის ერთადერთი მტერი კი ადამიანია.