ახალი ამბები

15:17 | 07 ივლისი, 2026 — რუსეთი

ბუდანოვი: ესკალაციიდან გამოსასვლელად საჭიროა ესკალაციის მაქსიმალიზაცია

არსებობს შანსი, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საომარი მოქმედებების აქტიური ფაზა უკვე წელს დასრულდეს, თუმცა მანამდე ესკალაცია პიკს მიაღწევს. ეს მოსაზრება გამოცემა РБК-Украина-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა გამოთქვა.

ვითარების არსი: მისი შეფასებით, გაზაფხულზე მოლაპარაკებების პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობდა, თუმცა ახლა ყველასთვის აშკარაა, რომ ვითარება მწვავდება. ბუდანოვმა მიანიშნა, რომ ეს "ჩვეულებრივი" პროცესია.

  • "იმისათვის, რომ გამოხვიდე ესკალაციიდან, როგორც წესი, საჭიროა ესკალაციის მაქსიმალიზაცია. ანუ - ესკალაცია ახლა, დეესკალაცია და შემდეგ დიალოგის გაგრძელება, თუკი მხარეები ამით დაინტერესებულნი არიან," - განაცხადა მან.
  • ბუდანოვის თქმით, მოსკოვი ამით "გარკვეულ დროს" დაინტერესდება. მისი მსჯელობით, კრემლი საკუთარ თავს უსახავს პერსპექტივას, მოელაპარაკოს აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელსაც მეორე ვადის ამოწურვამდე "კიდევ მინიმუმ ორი წელი" რჩება.
  • მან აღნიშნა, რომ კიევისთვის "მთავარია არ დაკარგოს მეგობრები, პარტნიორები და მოკავშირეები."

სტრიქონებს შორის: რუსეთში ახალი მობილიზაციის ალბათობაზე საუბრისას, ბუდანოვმა განაცხადა, რომ პირველი ტალღა ნაწილობრივი მობილიზაციის სახით ჩატარდა და ივარაუდა, რომ ეს შეიძლება იგივე მასშტაბით განმეორდეს.

  • "ტექნიკურად მათ ხელს არაფერი უშლით. ის, რომ მათ ეს არ სურთ - ფაქტია. თუმცა, თუ დაინახავენ, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს, ამას გააკეთებენ," - თქვა მან.
  • ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ვერ ხედავს ბელარუსის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩართვის საფრთხეს. ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის "ნამდვილად არ არის ხელსაყრელი კიდევ ერთი მტრისა და კიდევ ერთი საბრძოლო მოქმედებების ზონის ყოლა."
  • მისი თქმით, კიევთან სამხედრო კონფლიქტი ბელორუსისთვის "კრახით" დასრულდება.
  • "შესაბამისად, ამჟამინდელი მოცემულობით, საუბრის მომენტისთვის, რაიმე სახის საფრთხეებს და მე არ ვგულისხმობ მხოლოდ სახმელეთო შეტევას - ვერ ვხედავ," - ხაზი გაუსვა ბუდანოვმა.

დიდი სურათი: ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ტრამპი ახლა უკრაინის მხარეს გადაიხარა. კითხვაზე, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს ეს განწყობა, ბუდანოვმა უპასუხა, რომ საჭიროა "გამარჯვების ჩვენება."

  • "ყველაფერი ძალიან მარტივია. მსოფლიოში ყველას უყვარს გამარჯვებულები. დამარცხებულებს არავინ სცემს პატივს და მათ სერიოზულად არავინ აღიქვამს. ტრამპს ნამდვილად უყვარს გამარჯვებულები. ასე რომ, საჭიროა გამარჯვების ჩვენება, ეს მოგვცემს შანსს," - მიიჩნევს იგი.
  • ბუდანოვმა გამოთქვა რწმენა, რომ ათი წლის შემდეგ ან მომავალში უკრაინაში "ცალსახად იქნება" ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან კავშირების აღდგენას დაუჭერს მხარს.
  • ამ კონტექსტში მან გაიხსენა გერმანია, რომელთანაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან უკვე 10 წლის შემდეგ "ყველა ურთიერთობა დიდი ხნის აღდგენილი იყო," მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანამ "გაცილებით მეტი ბოროტება ჩაიდინა."

კონტექსტი: ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ევროპაში, ანტირუსული რიტორიკის სიმწვავის მიუხედავად, დიდ სინანულს გრძნობენ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული დაკარგული კავშირების გამო.

  • იმ სკანდალებზე საუბრისას, რომლებიც ბოლო დროს უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობებში ერთმანეთის მიყოლებით ხდება, ბუდანოვმა განაცხადა, რომ "ესკალაციის პიკი ჯერ კიდევ წინ არის" და მას მიაჩნია, რომ ვარშავა "არასრულფასოვან, მცდარ ნაბიჯებს" დგამს.
  • ბუდანოვმა თქვა, რომ მორიგ გამწვავებას ელოდება 11 ივლისს ვოლინის ტრაგედიის წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით.
  • მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ იღებს ულტიმატუმების ენას და მიუთითა, რომ კიევმა ულტიმატუმი არც რუსეთისგან მიიღო, რომელიც "ცოტათი უფრო ძლიერია, ვიდრე პოლონეთი."
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე