ახალი ამბები

12:23 | 16 ივნისი, 2026 — აშშ

CIA-ს დირექტორი ირანის განზრახვებს ეჭვქვეშ აყენებს - Axios

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა პრეზიდენტ ტრამპსა და სხვა მაღალჩინოსნებს განუცხადა, რომ დაზვერვის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სერიოზულ ეჭვს ბადებს ირანის მზაობაზე, წავიდეს იმ ბირთვულ დათმობებზე, რომლებსაც აშშ საბოლოო შეთანხმებისგან ელოდება.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „აქსიოსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უთანხმოების წერტილი: „აქსიოსის“ თანახმად, დირექტორი რეტკლიფი ტრამპის გუნდში ერთადერთი სკეპტიკოსი არ არის. შიდა განხილვებისას სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და თავდაცვის მდივანმა ჰეგსეტმა წუხილი გამოხატეს კვირას გამოცხადებული „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ გამო.

  • მათგან განსხვავებით, შეთანხმებას სრულად უჭერენ მხარს ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები - სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

კულისებს მიღმა: „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ გამოცხადებამდე ტრამპსა და მის მრჩევლებს შორის არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა.

  • „აქსიოსის“ წყაროების თქმით, ამ შეხვედრებზე განიხილეს სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანელი მაღალჩინოსნების შიდა საუბრები შეთანხმების შესახებ რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ისინი მედიატორებსა და აშშ-ს ეუბნებოდნენ.
  • რეტკლიფისა და რუბიოს აზრით, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ნაკლებად სავარაუდოა, ირანმა აშშ-ისთვის სასურველი ბირთვული ნაბიჯები გადადგას.

თეთრი სახლის პოზიცია: თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყველა აზრს უსმენს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას თავად იღებს.

  • მისი თქმით, ეს მემორანდუმი იცავს აშშ-ის მიერ დაწესებულ ყველა „წითელ ხაზს“: ირანი არასდროს უნდა ფლობდეს ბირთვულ იარაღს, მაღალგამდიდრებულ ურანს და ვერ უნდა გახადოს მსოფლიოს ენერგომომარაგება საკუთარი ინტერესების მძევლად.

კონტექსტი: კვირას გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ბირთვული ნაწილი დამოკიდებულია იმაზე, მიაღწევენ თუ არა მხარეები უფრო დეტალურ შეთანხმებას მომდევნო 60 დღის განმავლობაში.

  • პარასკევს ვენსი, ვიტკოფი და კუშნერი გეგმავენ შეხვედრას ირანის პარლამენტის სპიკერთან, მოჰამედ-ბაღერ გალიბაფთან და საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან.

შეთანხმების დეტალები: 14-პუნქტიანი დოკუმენტის სრული ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ირანი ამ ეტაპზე იმაზე მეტს იღებს, ვიდრე გასცემს.

  • მემორანდუმი მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებას და 60-დღიანი მოლაპარაკებების დაწყებას.
  • მოლაპარაკებების პროცესში ირანი ინარჩუნებს ბირთვული პროგრამის არსებულ სტატუს-კვოს, ხოლო აშშ არ აწესებს ახალ სანქციებს და რეგიონში დამატებით ძალებს არ გზავნის.
  • თუ საბოლოო შეთანხმება შედგება, აშშ 30 დღეში გაიყვანს ირანის სიახლოვედან ომისთვის მობილიზებულ ძალებს და გააუქმებს სანქციებს.

ჰორმუზის სრუტე და გაყინული აქტივები: მემორანდუმი ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის გახსნას უახლოეს პერიოდში.

  • ირანი აიღებს ვალდებულებას, 60 დღის განმავლობაში უზრუნველყოს სავაჭრო გემების უსაფრთხო და უფასო მიმოსვლა, აშშ კი 30 დღეში სრულად მოხსნის ბლოკადას.
  • ირანული მედია უკვე მიანიშნებს 60-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ტრანზიტის საფასურის შესაძლო დაწესებაზე.
  • რაც შეეხება ირანის გაყინულ 300 მილიარდ დოლარს, აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, მოქმედებს მოდელი „გადახდა შესრულების სანაცვლოდ“ - თანხები მხოლოდ ირანის მიერ კონკრეტული დადებითი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში გათავისუფლდება.
  • საბოლოო შეთანხმება ასევე ითვალისწინებს 300-მილიარდიანი ფონდის შექმნას ირანის „რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ირანი სრულად დაშლის თავის ბირთვულ პროგრამას და ჩაატარებს მნიშვნელოვან შიდა რეფორმებს.

ასევე ნახე