10:55 | 24 ნოემბერი, 2026 — დანია
დანიის პრემიერი: "ჰამასის" მხარდამჭერები დემოკრატიის "შიდა მტრები" არიან
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ "ჰამასის" მხარდამჭერები "ჩვენს წიაღში მზარდი მტერი" არიან და "არადემოკრატიული ღირებულებების" შემოდინებასთან საბრძოლველად საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა. ფრედერიკსენმა ეს განცხადებები გასულ კვირას, Borgerlig Tabloid-ის პოდკასტის წამყვან იოაკიმ ოლსენთან ინტერვიუში გააკეთა.
ვითარების არსი: ოლსენმა ფრედერიკსენს ჰკითხა მისი წინა კომენტარის შესახებ "ჩვენს წიაღში მზარდი მტრის" თაობაზე, რაზეც პრემიერმა უპასუხა: "აშკარად ასეა. არიან "ჰამასის" მხარდამჭერები. არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ კანონებს, რომლებიც ყურანს ჩვენს დემოკრატიაზე მაღლა აყენებს."
- "[მტრების] სია ძალიან გრძელია, რადგან ეს ყველაფერი ხელს უწყობს ღია, თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას," - აღნიშნა მან.
- ფრედერიკსენმა განმარტა, რომ სწორედ ამან უბიძგა მას, საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართ უფრო ხისტი მიდგომა ჰქონოდა.
- "საკმაოდ მკაცრი ვარ როგორც უსაფრთხოების, ისე საიმიგრაციო პოლიტიკის კუთხით და იქნება ეს შიდა მტერი თუ გარედან მოსული მტერი, მას უნდა ებრძოლო, თუ გსურს გქონდეს საზოგადოება, რომელშიც ცხოვრება კარგია," - განუცხადა მან ოლსენს.
სტრიქონებს შორის: ფრედერიკსენის თქმით, დანიაში იმიგრაციის მიმართ მისი მკაცრი პოზიცია ახალი არ არის და იგი უკვე "მრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს" მკაცრ პოლიტიკას, განსაკუთრებით კი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდიდან.
- თავისი მკაცრი საიმიგრაციო პოზიციის ჩამოყალიბების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ფრედერიკსენმა დაასახელა "ტერორისტული თავდასხმა დანიის ებრაულ თემზე, რომელიც მუჰამედის კარიკატურებს უკავშირდებოდა."
- ფრედერიკსენმა ასევე გააკრიტიკა იმიგრაციის მიმართ წარსულში არსებული დამოკიდებულებები და აღნიშნა, რომ დანია შეცდა, როდესაც ივარაუდა, რომ ისლამური ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტები მადლიერები იქნებოდნენ ქვეყნის სოციალური უზრუნველყოფის სისტემის, დემოკრატიული თავისუფლებებისა და შედარებითი უსაფრთხოების გამო.
- "ჩვენ ვცდებოდით, გვეგონა, რომ ისინი მარადიულ მადლიერებაში იცხოვრებდნენ... ეს უბრალოდ არ მოხდა." - თქვა დანიის პრემიერმა.
დიდი სურათი: "ბევრ ჩამოსულს ჩვენ არ მოვწონვართ. მათ არ მოსწონთ ჰომოსექსუალები, არ ეთანხმებიან ქალთა თანასწორობას, სჯერათ, რომ მათი საკუთარი რელიგია - ისლამი - დემოკრატიაზე მაღლა უნდა იდგეს და იყენებენ ძალადობას, როგორც ლეგიტიმურ ინსტრუმენტს, როგორც შვილების აღზრდისას, ისე ქალებისა და ქუჩაში სხვა ადამიანების წინააღმდეგ," - აღნიშნა მან.
- "დომინირების ეს კულტურა საშიშია. ამას ვამბობ როგორც სოციალ-დემოკრატი, ამას ვამბობ როგორც ქალი, ამას ვამბობ როგორც დანიელი. მაგრამ ამას ასევე ვამბობ როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სადაც დომინირების ეს კულტურა შეუთავსებელია იმასთან, თუ როგორ ავაშენეთ ჩვენი საზოგადოება." - ხაზი გაუსვა ფრედერიკსენმა.
- "დანიაში გვაქვს რელიგიის თავისუფლება, მაგრამ ჩვენ ქრისტიანული ქვეყანა ვართ. მსურს, რომ ასეთად დავრჩეთ, რადგან მჯერა, რომ ქრისტიანობა დაგვეხმარა კარგ საზოგადოებად ჩამოყალიბებაში. არ წავალ კომპრომისზე, მაგალითად, ქალების ან სექსუალური უმცირესობების მიმართ ჩვენს შეხედულებებთან დაკავშირებით. არ წავალ კომპრომისზე იმაზე, თუ როგორ ვხედავთ საკუთარ თავს, როგორც ადამიანებს, საზოგადოების ნაწილად." - განახადა მან.
კონტექსტი: ფრედერიკსენს მიაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს "ძლიერი უმრავლესობის კულტურა."
- "მე არ ვარ კულტურული რელატივისტი," - თქვა ფრედერიკსენმა.
- ფრედერიკსენი დანიის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2019 წლიდან იკავებს. იგი მეორე ქალია ამ თანამდებობაზე და დანიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია.