10:39 | 03 ნოემბერი, 2026 — აშშ
დემოკრატებს სენატში გამარჯვების 82%-იანი შანსი აქვთ - Silver Bulletin
ამერიკელი ანალიტიკოსის, ნეით სილვერის პროგნოზების მოდელის მიხედვით, აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებს სენატზე კონტროლის მოპოვების 82%-იანი შანსი აქვთ.
ვითარების არსი: Silver Bulletin-ის მიხედვით, საზოგადოების მხარდაჭერით დემოკრატები რესპუბლიკელებს 9.4%-ით უსწრებენ.
- ეროვნული გამოკითხვების საშუალო მაჩვენებლით, ამჟამად ამერიკელთა 58.8% უარყოფითად აფასებს ტრამპის საქმიანობას, ხოლო 38.4% - დადებითად.
- ყველაზე უარყოფითად მოქალაქეები ტრამპის საქმიანობას ინფლაციაზე, ეკონომიკაზე და ვაჭრობაზე აფასებენ.
- სილვერს ასევე აქვს აშშ-ში ირანის ომის მხარდაჭერის საშუალო მონაცემები. ამჟამად ამერიკელთა 56.5% ეწინააღმდეგება ირანის ომს, ხოლო 35.9% მხარს უჭერს.
სტრიქონებს შორის: სამშაბათის შუალედურ არჩევნებში აირჩევენ წარმომადგენელთა პალატის ყველა (435-ვე) წევრს და სენატის 100-დან 35 წევრს.
- 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატაში (220–215 დემოკრატების წინააღმდეგ) და სენატში (53–47).
- ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის გადამწყვეტი ხმის უფლების გამო, დემოკრატებს სენატზე კონტროლის მოსაპოვებლად სულ მცირე ოთხი ადგილის მოპოვება სჭირდებათ.
დიდი სურათი: სილვერის მოდელით, დემოკრატიული პარტია სენატს 82%-იანი ალბათობით მოიგებს, ხოლო წარმომადგენელთა პალატას - 96%.
- მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატებს ორნიშნა უპირატესობა სჭირდებათ მთელი ქვეყნის მასშტაბით სენატზე კონტროლის მოსაპოვებლად, სილვერის მოდელით დემოკრატები ფავორიტები არიან 5-6%-იანი გამარჯვების პირობებშიც კი.
- წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები 2-3%-იანი გამარჯვების შემთხვევაშიც მოიპოვებენ უმრავლესობას.
- დემოკრატები რესპუბლიკელებს 1-4%-მდე უსწრებენ სენატის ისეთ საკვანძო შტატებში, როგორიცაა კანზასი, აიოვა, ტექსასი, ალასკა და ოჰაიო. ტრამპმა 2024 წელს ყველა ამ შტატში ორნიშნა სხვაობით გაიმარჯვა.
- ამასთანავე, დემოკრატები მხოლოდ 4-5%-ით უგებენ რესპუბლიკელებს მეინსა და მიჩიგანში. კამალა ჰარისმა 2024 წელს მეინი 6.9%-ით მოიგო, ხოლო ტრამპმა მიჩიგანი მხოლოდ 1.4%-ით.
- დემოკრატები 5%-ზე მეტით მხოლოდ რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ 1 შტატში, ჩრდილოეთ კაროლინაში ლიდერობენ.
კონტექსტი: 2026 წლის საარჩევნო კამპანიაში ძირითადი საკითხები ეკონომიკური პრობლემები და ფასების ზრდაა.
- ირანთან ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ში საწვავი რეკორდულად გაძვირდა.