ახალი ამბები

20:27 | 13 ივლისი, 2026 — საფრანგეთი

“დიახ პატრიოტიზმს, არასდროს ნაციონალიზმს” - მაკრონმა შეიარაღებულ ძალებს მიმართა

საფრანგეთის პრეზიდენტი მიმართავს შეიარაღებულ ძალებს. 13 ივლისი, 2026 წელი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით შეიარაღებულ ძალებს ყოველწლიური სიტყვით მიმართა. გამოსვლისას მაკრონმა ძირითადი აქცენტები თავდაცვის გაძლიერებაზე, საერთაშორისო და საშინაო გამოწვევებზე გააკეთა. 

“უკვე მეათედ მეძლევა პატივი, ვიდგე თქვენ წინაშე.” - განაცხადა მაკრონმა სიტყვის დასაწყისისას და შემდეგ, თავდაცვისუნარიანობის საკითხებს შეეხო.

თავდაცვა: მაკრონის თქმით, მას მიზნად ჰქონდა დასახული, რომ 2025 წლისთვის თავდაცვის ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-ს მიაღწევდა. მისივე განცხადებით, “ეს პირობა შესრულებულია."

საფრანგეთის პრეზიდენტისვე თქმით, ქვეყანამ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და გადაიარაღება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე საჰელის რეგიონი ქაოსში ჩაიძირებოდა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გაჩაღდებოდა და ევროპის მიწაზე ომი დაბრუნდებოდა.

“სტრატეგიული ავტონომია ნიშნავს სრულ დამოუკიდებლობას ანალიზში, გადაწყვეტილებასა და მოქმედებაში. ეს არის ფუნდამენტური თავისუფლება და ამბიცია ჩვენი ქვეყნისთვის, რაც განაპირობებს საფრანგეთის დიდებულებასა და უნიკალურ ადგილს მსოფლიოს ერებში. ეს არის საფრანგეთი, რომელიც უარყოფს დამარცხებულის სულისკვეთებას. საფრანგეთი, რომელიც ეუბნება თავის სათქმელს სამყაროს. თავისუფალი საფრანგეთი."

უკრაინის მხარდაჭერა: მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას ჩამოთვალა ის გამოწვევები, რაც საფრანგეთის არმიას აქვს და ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთის გადაიარაღებით შესაძლებელია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება. მისი თქმით, საფრანგეთის არმიის გაძლიერება ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, “გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც იცავს საკუთარ ტერიტორიას, სუვერენიტეტსა და თავისუფლებას – თავის მხრივ, კი ევროპის უსაფრთხოებას."

მან ასევე ახსენა საფრანგეთის როლი სპარსეთის ყურის ქვეყნების უსაფრთხოებაში, სადაც თებერვლის ბოლოდან, ფრანგული მხარე ირანული დრონებისა და რაკეტების მოგერიებაში მონაწილეობს.

სამხედრო ეკონომიკა: ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ გადაიარაღების მიმართულებით უფრო მეტი ინვესტირებაა საჭირო. მას შემდეგ, რაც მან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გატარებული ის ზომები ჩამოთვალა, რომლებიც სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს წარმოების აღდგენისკენ უბიძგებდა, პრეზიდენტმა დასძინა: “ჩვენ ავამოქმედეთ სამხედრო ეკონომიკა, მაგრამ არის ეს საკმარისი? არა”.

“ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტირება, როგორც ევროპული და ეროვნული საჯარო ფონდებიდან, ისე კერძო სექტორიდანაც. გვჭირდება ინოვაციები. აღნიშნულ სექტორში მოქმედი ჩვენი კომპანიები უნდა მიეჩვიონ მეტი რისკის აღებას.” - აღნიშნა მან.

ნაციონალიზმი: ემანუელ მაკრონმა სიტყვის მოცულობითი ნაწილი დაუთმო გადაიარაღების დინამიკის გაგრძელების საჭიროებას, არამხოლოდ საფრანგეთში, არამედ ევროპაში.

“ნაციონალიზმის გაღვივებით, იქნება ეს საფრანგეთში თუ მის ფარგლებს გარეთ, ჩვენ არასწორები ვართ საკუთარ ისტორიასთან. დიახ - პატრიოტიზმს, არასდროს - ნაციონალიზმს… იმ დროს, როდესაც ევროპა ხელახლა იარაღდება, აბსურდია ფიქრი, თითქოს თითოეული ქვეყნის მიერ სამხედრო ძალის ცალ-ცალკე დაგროვება ისტორიის ლოგიკას შეესაბამება.” - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ქვეყნებმა უნდა “აშენონ ერთად, როგორც ევროპელებმა” და ამავდროულად შეინარჩუნონ “ინდივიდუალური სპეციფიკა.”

გზავნილი მსოფლიოს: საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა მზად არის “სისხლის ფასადაც” დაიცვას მშვიდობა, თავისუფლება და სამართალი.

“გზავნილი მსოფლიოსთვის შემდეგია: დიახ, მშვიდობა ჩვენი მიზანია; დიახ, ჩვენთვის ძვირფასია თავისუფლება და სამართალი; დიახ, ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ მათ დასაცავად ყოველთვის და, თუ საჭირო გახდა, სისხლის ფასადაც.” - თქვა ემანუელ მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე