11:57 | 04 ივნისი, 2026 — აშშ
დონალდ ტრამპი მოჯთაბა ხამენეისთან შეხვედრას არ გამორიცხავს
3 ივნისს გამოცემა New York Post-თან ინტერვიუში, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ირანის უზენაეს ლიდერთან, მოჯთაბა ხამენეისთან შეხვედრას ელოდება და რომ ომში მყოფი ლიდერები "საკმაოდ კარგად უგებენ ერთმანეთს", მიუხედავად ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებებისა.
ხამენეი საზოგადოებაში 28 თებერვლის შემდეგ არ გამოჩენილა, როდესაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე საჰაერო დარტყმები მიიტანა, რომელთა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, იგი დაშავდა, ხოლო მისი მამა - ყოფილი უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი - და ოჯახის სხვა წევრები დაიღუპნენ.
რა თქვა ტრამპმა: "ის ჩართულია მოლაპარაკებებში, აბსოლუტურად. დიახ, ვფიქრობ, მას ძალიან დიდ პატივს ცემენ". - განაცხადა ტრამპმა ხამენეიზე.
- "მე არ მქონია მასთან შეხვედრის პატივი... თუ გავრცელებულ ხმებს ვენდობით, მას სხეულის ბევრი სხვადასხვა ნაწილი აკლია". - განუცხადა ტრამპმა New York Post-ის ჟურნალისტს, მირანდა დევაინს.
სავარაუდო შეხვედრის შესახებ კითხვაზე ტრამპმა დევაინს უპასუხა: "დიახ, მე მინდა მასთან შეხვედრა. სიამოვნებით შევხვდებოდი ყველას. მე მინდა მასთან შეხვედრა და, ალბათ, ოდესმე შევხვდებით კიდეც, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები".
კონტექსტი: 2 ივნისს Axios-ი, წყაროებზე დაყრდნობით, წერდა, რომ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მას შეშლილი უწოდა.
1 ივნისს მედია Tasnim-ი იტყობინებოდა, რომ ირანმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა მოლაპარაკებები აშშ-სთან ლიბანში საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების ფონზე.
- ამერიკის ლიდერმა 1 ივნისს განაცხადა, რომ ირანი დაინტერესებულია სამშვიდობო შეთანხმების დადებით, რომელიც უპასუხებდა ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების ინტერესებს.