ახალი ამბები

16:05 | 17 ივლისი, 2026 — გაერთიანებული სამეფო

ენდი ბერნემი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გახდა

17 ივლისს, ენდი ბერნემი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერად აირჩიეს და ის ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება. 

ვითარების არსი: ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა განაცხადა: "მეგობრებო, ამას ძნელად თუ ვუწოდებთ დაძაბულ ბრძოლას."

  • "ერთმა კანდიდატმა 379 ნომინაცია მიიღო. ლეიბორისტული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წევრთა 20%-იანი ბარიერის გადალახვით, მან შემდეგ ეტაპზე გადასვლის უფლება მოიპოვა. კიდევ ერთმა კანდიდატმა მხოლოდ ერთი ნომინაცია მიიღო და მას შემდგომ პროცესში მონაწილეობის უფლება არ აქვს," - განაცხადა მან.
  • მაჰმუდმა ხაზი გაუსვა, რომ პარტიის შემადგენლობაში შემავალ პროფკავშირებსა და სოციალისტურ გაერთიანებებს შორის, ბერნემმა ჯამში 23 ნომინაცია მიიღო. მათ შორის იყო ნომინაციები თერთმეტივე პროფკავშირიდან.
  • "ვინაიდან სხვა შესაბამისი კანდიდატი არ არსებობს, მაქვს პატივი გამოვაცხადო, რომ ლეიბორისტული პარტიის კანონიერად არჩეული ლიდერი ენდი ბერნემია," - აღნიშნა მან.

სტრიქონებს შორის: თავის გამოსვლაში ბერნემმა მადლობა გადაუხადა წინამორბედს, კირ სტარმერს და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით ლეიბორისტებმა "ყველაზე მძიმე მარცხიდან ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებამდე მიმავალი გზა გაიარეს."

  • ბერნემი აცხადებს, რომ მისი პირველი ნაბიჯი ლეიბორისტული პარტიის კულტურის შეცვლა იქნება. მისი თქმით, მას სურს "ახალი პოლიტიკა," რომელიც ორიენტირებული იქნება პრობლემების მოგვარებაზე და არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე.
  • მან ასევე აღნიშნა, რომ სურს პოლიტიკა ნაკლებად ტოქსიკური გახდეს. მან ხაზი გაუსვა, რომ იქნება პრემიერ-მინისტრი "ყველა რეგიონისთვის."
  • მანამდე პარტიის ახალმა ლიდერმა თავისი საგარეო პოლიტიკური ხედვაც წარადგინა და პირობა დადო, რომ უკრაინის მხარდაჭერას იმავე დონეზე გააგრძელებს.

დიდი სურათი: 2026 წლის მაისში ლეიბორისტული პარტია ადგილობრივ არჩევნებზე მძიმედ დამარცხდა. არჩევნებზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ულტრამემარჯვენე პარტია Reform UK-ს ჰქონდა იყო, რომელიც მოქალაქეებს მიგრაციის უკიდურესად შეზღუდვასა და ეკონომიკის გაჯანსაღებას ჰპირდება.

  • ადგილობრივ არჩევნებში დამარცხებისთანავე, ბრიტანულ პოლიტიკაში აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მანჩესტერის პოპულარული მერი, ენდი ბერნემი უნდა გამხდარიყო, თუმცა მას საპარალამენტო მანდატი არ ჰქონდა, რის გარეშეც ის პრემიერი ვერ გახდებოდა.
  • სწორედ ამიტომ, ლეიბორისტების მოქმედმა დეპუტატმა ჯოშ საიმონსმა საკუთარი მანდატი დათმო და 18 ივნისს მეიკერფილდის ოლქში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა. ბერნემმა ეს ოლქი დიდი უპირატესობით მოიგო - მან ხმების თითქმის 55% მიიღო და უახლოეს კონკურენტს Reform UK-დან 9 ათასზე მეტი ხმით აჯობა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე