ახალი ამბები

22:02 | 10 ივნისი, 2026 — ევროპა

ევროპელთა მხოლოდ 11% მიიჩნევს აშშ-ს მოკავშირედ - კვლევა

ევროპელთა მხოლოდ 11% მიიჩნევს ამერიკის შეერთებულ შტატებს მოკავშირედ. ეს არის ისტორიული მინიმუმი, რომელიც ჩამორჩება ნახევარი წლის წინანდელ მაჩვენებელს (16%) და 2024 წლის ნოემბრის მონაცემს (22%).

კვლევას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს, რომელიც 15 ქვეყანაში ჩატარდა და მისი ავტორი ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოა (ECFR).

ვითარების არსი: შედეგები, რომლებიც G7-ისა და ნატოს სამიტების წინ გამოქვეყნდა, ხაზს უსვამს ევროპის კლებად ნდობას ვაშინგტონის, როგორც საიმედო უსაფრთხოების პარტნიორის მიმართ. გამოკითხული ყველა ქვეყნის უმრავლესობამ ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თავდასხმის შემთხვევაში აშშ მათ დაიცავთ.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • 2025 წელთან შედარებით, ევროპელთა შორის 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ ადამიანების წილი, ვინც მხარს უჭერს ეროვნული თავდაცვის ხარჯების გაზრდას. იტალია ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მკაფიო უმრავლესობა კვლავ წინააღმდეგია.

  • რესპონდენტთა 47% მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ ერთობლივი სესხის აღების იდეას თავდაცვის ინიციატივების დასაფინანსებლად. ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა დაფიქსირდა პორტუგალიაში (59%), დანიასა (56%) და ნიდერლანდებში (55%).

  • გამოკითხულთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა აშშ-ის სამხედრო ტექნიკაზე დამოკიდებულების შემცირებას ევროპული ალტერნატივების სასარგებლოდ. 

  • პოლონეთი აღმოჩნდა გამონაკლისი, სადაც უმრავლესობამ უპირატესობა აშშ-ის იარაღის შესყიდვების გაზრდას მიანიჭა.

  • ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ევროპელთა 44% ეწინააღმდეგება რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტის განახლებას, მიუხედავად მზარდი ხარჯებისა.

  • რესპონდენტთა უმრავლესობა კვლავ უჭერს მხარს უკრაინას, როგორც მოკავშირეს ან სტრატეგიულ პარტნიორს, თუმცა კონსენსუსი სუსტდება, როდესაც საქმე ეხება ომის შემდგომ უკრაინაში სამშვიდობო ჯარების გაგზავნას ან ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებას.

  • ბულგარეთის გარდა, ყველა გამოკითხული ქვეყნის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აშშ-ევროპის ურთიერთობები გაუმჯობესდება, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანამდებობას დატოვებს.

კვლევის მეთოდები: გამოკითხვა ჩატარდა 2026 წლის მაისში სხვადასხვა მეთოდის კომბინაციით ისეთი სოციოლოგიური კომპანიების მიერ, როგორებიცაა Mandate Research და YouGov.

  • კვლევამ მოიცვა 18 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის აზრი ავსტრიაში, ბულგარეთში, დანიაში, ესტონეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვედეთში, შვეიცარიასა და გაერთიანებულ სამეფოში.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე