11:32 | 08 სექტემბერი, 2026 — ფინეთი
ფინეთმა რუსეთის საზღვარზე 200 კმ-იანი ბარიერის მშენებლობა დაასრულა
ფინეთმა რუსეთის საზღვარზე 200 კილომეტრის სიგრძის ბარიერის მშენებლობა დაასრულა. ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საზღვართან გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა განაცხადა, რომ მომავალში შესაძლოა საჭირო გახდეს ამ ბარიერის მონაკვეთების გაფართოება.
ვითარების არსი: "ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ გარკვეულ ეტაპზე შევაფასებთ, არის თუ არა ამის დამატებითი საჭიროება. რაც განსაკუთრებით გვჭირდება, ეს არის ევროკავშირის დაფინანსება აღმოსავლეთ წევრი ქვეყნებისთვის, რათა ასეთი პროექტების დაფინანსება შევძლოთ," - აღნიშნა რანტანენმა.
- ფინეთის საზღვარი რუსეთთან 1 340 კილომეტრია, რაც ევროკავშირისა თუ ნატოს წევრ ქვეყნებს შორის რუსეთთან ყველაზე გრძელი საზღვარია.
- რანტანენმა თქვა, რომ სასაზღვრო ღობის მშენებლობა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც ევროპაში უსაფრთხოების გარემო მკვეთრად შეიცვალა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და მის მიერ სხვადასხვა ჰიბრიდული ოპერაციების გამოყენების გამო.
- "ასეთ სიტუაციაში თითოეულმა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებასა და საზღვრების ხელშეუხებლობაზე," - განაცხადა მინისტრმა.
სტრიქონებს შორის: ფინეთის მთავრობამ ასევე გამოთქვა ინიციატივა. რომ "სასაზღვრო უსაფრთხოების შესახებ კანონის" მოქმედების ვადა კიდევ ორი წლით გაგრძელდეს.
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ კანონის მიზანია "ფინეთზე ზეწოლის ნებისმიერი მცდელობის აღკვეთა, სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერება და ინსტრუმენტალიზებული მიგრაციის ყველაზე მძიმე ინციდენტებისთვის მზადყოფნა."
- ინსტრუმენტალიზებული მიგრაცია გულისხმობს თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაკადების განზრახ გაგზავნას სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ, რაც ჰიბრიდული ომის ტაქტიკაა. ფინეთმა რუსეთთან საზღვარი 2023 წლის ბოლოს ჩაკეტა ამ საფრთხის პრევენციისთვის.
დიდი სურათი: მშენებლობა სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა. 2022 წლის ოქტომბერში ფინეთის პოლიტიკურ პარტიაების ლიდერებმა მიაღწიეს კონსენსუსს აღმოსავლეთ საზღვარზე ნაწილობრივი ბარიერის მშენებლობის გადაუდებელ აუცილებლობაზე.
- სამუშაოები 2023 წლის აპრილში, ქალაქ იმატრას სიახლოვეს დაიწყო.
- ღობის ყველაზე გრძელი მონაკვეთები ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და 140 კილომეტრია.
- დაახლოებით 35-კილომეტრიანი ღობე ასევე განთავსებულია ჩრდილოეთ კარელიის რეგიონში, ხოლო დამატებითი 25-კილომეტრიანი მონაკვეთები კაინუუსა და ფინურ ლაპლანდიაზე ვრცელდება. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 380 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ხოლო ღობის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დასრულდა.