12:10 | 10 ივლისი, 2026 — აშშ
გერმანია აშშ-ისგან Tomahawk-ის რაკეტებსა და Typhon-ის სახმელეთო სისტემებს შეიძენს
გერმანია ამერიკის შეერთებული შტატებისგან შორი მანძილის ფრთოსან რაკეტებს, Tomahawk-ებსა და მათ სახმელეთო გამშვებ სისტემა Typhon-ებს შეიძენს.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ვაშინგტონისგან ამ შეიარაღების შესყიდვა სტრატეგიულ გარდატეხას ნიშნავს - გერმანია ამერიკული ძალების საკუთარ ტერიტორიაზე მასპინძლობის ნაცვლად, აქცენტს საკუთარი, დამოუკიდებელი შორი მანძილის დარტყმის პოტენციალის შექმნაზე აკეთებს.
- „ჩვენ ვავსებთ კრიტიკულ სტრატეგიულ ნაპრალს ჩვენს თავდაცვაში და, ამავდროულად, ვმუშაობთ საკუთარი ევროპული სისტემების განვითარებაზე, რათა ისინი ევროპაშივე განვათავსოთ“, - აღნიშნა კანცლერმა.
- გერმანიის სამთავრობო წყაროების თანახმად, სამშაბათს გაფორმებულ დოკუმენტში ვაშინგტონმა აიღო ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ოფიციალურად დაამტკიცებს ბერლინისთვის Tomahawk-ის რაკეტებისა და მობილური სახმელეთო კომპლექსების მიყიდვას.
- შესასყიდი რაკეტებისა და გამშვები დანადგარების ზუსტი რაოდენობა გასაიდუმლოებულია.
სახმელეთო ბაზირების Typhon-ის სისტემა, რომელიც Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად გამოიყენება.
დიდი სურათი: ეს გარიგება სრულად პასუხობს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ევროპელმა მოკავშირეებმა საკუთარ უსაფრთხოებაზე ფინანსური პასუხისმგებლობა თავადვე უნდა აიღონ, მათ შორის, ამერიკული იარაღის შესყიდვის გზით.
- Tomahawk-ების მიწოდების საკითხი მას შემდეგ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც ტრამპმა მაისში გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირება დააანონსა.
- ეს ნაბიჯი ბაიდენის ადმინისტრაციის იმ გეგმის გაუქმებას ნიშნავდა, რომელიც გერმანიაში Tomahawk-ებით აღჭურვილი ამერიკული ბატალიონის განლაგებას ითვალისწინებდა.
- თავდაპირველი ჩანაფიქრით, ამერიკული ბატალიონის განთავსება დროებითი გამოსავალი და რუსეთის შეკავების მძლავრი ბერკეტი უნდა ყოფილიყო და, ამასთანავე, პასუხი კრემლის მიერ კალინინგრადის ოლქის მზარდ მილიტარიზაციაზე მანამ, სანამ ევროპელები ანალოგიური იარაღის საკუთარ ვერსიას შექმნიდნენ.
დეტალურად: გერმანია თავად აწარმოებს Taurus-ის ფრთოსან რაკეტებს, თუმცა მათი მოქმედების რადიუსი დაახლოებით 500 კმ-ია,რაც ბევრად ჩამოუვარდება Tomahawk-ის შესაძლებლობებს.
- ტომაჰავკების თანამედროვე ვერსიები ციფრული რუკებითა და ოპტიკური თუ სატელიტური ნავიგაციით მუშაობს, მათი მოქმედების რადიუსი კი 1600-დან 2500 კილომეტრამდე მერყეობს.
რა არის Tomahawk: ბევრი ათწლეულის განმავლობაში, ტომაჰავკებს მხოლოდ სამხედრო გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან უშვებდნენ.
- გერმანია კი სახმელეთო ბაზირების Typhon-ის გამშვებებს ყიდულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მობილური კონტეინერების მეშვეობით სტრატეგიული დარტყმის მიყენება პირდაპირ მიწიდან, 2500 კილომეტრის რადიუსში იქნება შესაძლებელი.
ძირითადი მოდიფიკაციები:
- Block III: მოქმედების მანძილი -1600 კმ-მდე. იყენებს ერთიან ან კასეტურ ქობინს.
- Block IV (ტაქტიკური): მოქმედების მანძილი -1600 კმ. მას შეუძლია ფრენისას, ჰაერშივე შეიცვალოს სამიზნე, იმოძრაოს მიზნის თავზე და ოპერატორს რეალურ დროში გადასცეს გამოსახულება.
- Block V (უახლესი მოდერნიზაცია): მოქმედების მანძილი - 1600-დან 2500 კმ-მდე.