ახალი ამბები

11:41 | 10 ივნისი, 2026 — აშშ

ჰორმუზის სრუტეში ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ, აშშ-მა ირანზე იერიში მიიტანა

შეერთებულმა შტატებმა ირანის სამხედრო და სათვალთვალო ობიექტებზე დარტყმები მიიტანა. 

საჰაერო იერიშის მიზეზად ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ამერიკული Apache-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდება დასახელდა.

ვითარების არსი: 9 ივნისს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჰორმუზის სრუტეში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ.

  • სავარაუდოდ, ირანმა ვერტმფრენზე თავდასხმისთვის უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა. ბორტზე მყოფი ორივე პილოტი გადარჩა.
  • მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვერტმფრენის ჩამოგდებისთვის ირანი აშშ-სგან მალევე მიიღებდა პასუხს.

დეტალები: აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, სამიზნეებს ჰორმუზის სრუტესთან მდებარე საჰაერო თავდაცვის სისტემები, მიწისზედა მართვის სადგურები და რადარები წარმოადგენდა.

  • საპასუხოდ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ დაარტყეს რეგიონში მდებარე აშშ-ის ბაზებს - კერძოდ, ბაჰრეინსა და იორდანიაში. 
  • ამასთანავე, ირანული იერიშის მოგერიებაზე განცხადება გააკეტა კუვეიტის არმიამაც.
  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ვაშინგტონს მუქარით უპასუხა და განაცხადა, რომ ქვეყანა "არცერთ თავდასხმასა თუ მუქარას არ დატოვებს უპასუხოდ".

წინარე ისტორია: აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც აპრილის დასაწყისიდან მოქმედებს, ორმხრივი დარტყმებით, ტექნიკურად უკვე რამდენჯერმე დაირღვა, თუმცა ტრამპი ამტკიცებს, რომ სამშვიდობო შეთანხმება "მთლიანობაში მიღწეულია".

  • 9 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ირანზე "სრული გამარჯვების" შესახებ გამოაცხადებს.

ასევე ნახე