Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კომპანია Nvidia-ს ხელმძღვანელის, ჯენსენ ჰუანგის თანამდებობაზე დაბრუნების ფონზე, შესაძლოა 15 მილიონ დოლარამდე მოგება ნახა.
ვითარების არსი: ორშაბათს ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი 31.48%-ით გაიზარდა.
- გამოცემის შეფასებით, აღნიშნული ფინანსური სარგებელი აშშ-ის მთავრობის ეთიკის ოფისში (OGE) წარდგენილ დეკლარაციას ეფუძნება. დოკუმენტის მიხედვით, 30 სექტემბრის მდგომარეობით, ტრამპის საინვესტიციო პორტფელში შესაძლოა Nvidia-ს 370 ათასმდე აქცია ირიცხებოდა.
- თუმცა, Financial Times განმარტავს, რომ დეკლარაცია მხოლოდ სექტემბრის ბოლომდე არსებულ მონაცემებს ასახავს და მასში არ ჩანს ოქტომბერ-ნოემბერში, ჰუანგის გადადგომისა და ჯაშუშობის სკანდალის პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციები.
სტრიქონებს შორის: გარდა ამისა, ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებულია არა ზუსტი რაოდენობა, არამედ დიაპაზონი - 32 ათასიდან 370 ათას აქციამდე. შესაბამისად, აქციების გაძვირებით მიღებული მოგება 1.3 მილიონიდან 15 მილიონ დოლარამდე მერყეობს.
მაქსიმალური შესყიდვებისა და მინიმალური გაყიდვების დაშვებით, ტრამპის პორტფელში დაახლოებით 370 ათას აქციაა, რაც 15-მილიონიან მოგებას უდრის.
მინიმალური მაჩვენებლის (32 ათასი აქცია) შემთხვევაში კი, რომელთა ღირებულება ზრდამდე 5.3 მილიონი დოლარი იყო, მოგება 1.3 მილიონ დოლარს შეადგენს.
დიდი სურათი: პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჰუანგის პოსტზე დაბრუნების პროცესში აქტიურად იყო ჩართული.
- როგორც თავად განაცხადა, კომპანიის დირექტორთა საბჭოსთან "პირდაპირი და არაპირდაპირი: კომუნიკაცია ჰქონდა. Washington Post-ის ცნობით კი, ტრამპი შაბათ-კვირას საბჭოს სხდომას სატელეფონო ზარით ჩაერთო, რათა ჰუანგის დაბრუნებისთვის შეეწყო ხელი.
- თავის მხრივ, Nvidia-ს დირექტორთა საბჭოში აცხადებენ, რომ "აშშ-ის მთავრობის უმაღლესი ეშელონებიდან" მიიღეს გარანტია, რომ ჰუანგის აღდგენა ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის.
- ჯენსენ ჰუანგმა თანამდებობა ჩინეთის სავარაუდო ჯაშუშთან, ელის ჰუანგთან ურთიერთობის გახმაურების შემდეგ დატოვა, რასაც საფონდო ბირჟაზე Nvidia-ს აქციების მკვეთრი ვარდნა მოჰყვა.