17 ნოემბერს თურქეთში აფხაზური დიასპორის ინიციატივითა და ჩართულობით თურქული საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე "აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფი" შეიქმნა, რომელმაც საკუთარი მიზნებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ განცხადებები გააკეთა.
შეხვედრამდე რამდენიმე თვით ადრე, 2026 წლის ივნისის ბოლოს, თურქეთში მცხოვრებმა აფხაზური დიასპორის წარმომადგენელმა, იურისტმა და "თურქეთის მუშათა პარტიის" (TIP) წევრმა ანით პაპბამ კამპანია "დავასრულოთ აფხაზეთის იზოლაცია" წამოიწყო.
კამპანიის არსი: ინიციატივა თავდაპირველად მისმა საინიციატივო ჯგუფმა და აფხაზურ-ჩერქეზული დიასპორის ცალკეულმა აქტივისტებმა წამოიწყეს.
- თურქული გამოცემა Medyascope-ის ცნობით, კამპანიის დაწყებას თავიდან თავად "აფხაზური ასოციაციების ფედერაციის" უკმაყოფილებაც მოჰყვა, რადგან ეს ნაბიჯი ზედმეტად ინდივიდუალურ და შეუთანხმებელ ინიციატივად მიიჩნიეს თუმცა მოგვიანებით, დე-ფაქტო წარმომადგენლობის შუამავლობით, მათ შორის შეთანხმება შედგა.
- შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ორი მთავარი მოთხოვნით - ე.წ. აფხაზური პასპორტების თურქეთის საზღვარზე აღიარება, პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.
- ინიციატორებმა დაიწყეს პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება და შეხვედრები თურქეთის ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან (მათ შორის CHP-ის ლიდერ ოზგიურ ოზელთან) და თურქეთის ადვოკატთა ასოციაციასთან.
კამპანიის მთავარი ინიციატორი ანით პაპბა
მოვლენათა განვითარება: მიმდინარე წლის 17 ნოემბერს კამპანიის ფარგლებში ანკარაში 7 ოპოზიციური პარტიის დეპუტატების მონაწილეობით "აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფის" პრეზენტაცია გაიმართა.
- ღონისძიებას აფხაზური დელეგაციის წევრები, თურქეთში მცხოვრები აფხაზური და ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები და თურქეთის შვიდი ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის წევრები ესწრებოდნენ.
- ეს პარტიებია: "ახალი პარტია" (Yeni Parti), სახალხო თანასწორობისა და დემოკრატიის პარტია (DEM Parti), ახალი გზის პარტია (Yeni Yol), დემოკრატიისა და პროგრესის პარტია (DEVA), შრომის პარტია (EMEP), თურქეთის მუშათა პარტია (TİP) და ბედნიერების პარტია (Saadet Partisi).
"აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფის" წევრები, ანკარა, 2026 წლის 17 ნოემბერი.
- შეხვედრაზე მხარეებმა სამ ძირითად საკითხზე ისაუბრეს: ჰუმანიტარული პასუხისმგებლობა, ეკონომიკური სარგებელი და 1990-იანი წლების ისტორიული პრეცედენტი.
- გამომსვლელებმა (განსაკუთრებით TİP-ისა და DEM Parti-ს წარმომადგენლებმა) აქცენტი თურქეთში მცხოვრებ მრავალრიცხოვან აფხაზურ დიასპორაზე გააკეთეს. მათი მტკიცებით, პირდაპირი მიმოსვლის არარსებობის გამო დიასპორა ისტორიულ სამშობლოს წყდება, რაც ენისა და იდენტობის დაკარგვას იწვევს. იზოლაცია მათ "ჰუმანიტარულ პრობლემად" და ფუნდამენტური უფლებების დარღვევად შეაფასეს.
- შეხვედრაზე გაიხსენეს 1992–1996 წლების პერიოდი, როდესაც ტრაპიზონსა და სოხუმს შორის საზღვაო მიმოსვლა მოქმედებდა. მათი თქმით, თუ ეს შესაძლებელი იყო 30 წლის წინ, დღესაც თავისუფლად შეიძლება აღდგეს. გარდა ამისა, მოიყვანეს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (TRNC) მაგალითი - "თუ თურქეთი თავად ებრძვის ჩრდილოეთ კვიპროსის საერთაშორისო იზოლაციას, მაშინ აფხაზეთის იზოლაციაში მოქცევა ორმაგი სტანდარტია".
- ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა საკითხი ეკონომიკურ ჭრილში გადაიტანა. მათ განაცხადეს, რომ შავი ზღვის რეგიონში თურქეთის გავლენის გასაზრდელად სოხუმის პორტთან პირდაპირი კავშირი აუცილებელია, ხოლო ამჟამინდელი ბლოკადა აფხაზეთს "მხოლოდ ერთი ქვეყნის (რუსეთის) გავლენის ქვეშ აქცევს".
- გარდა ამისა, შეხვედრაზე არ უსაუბრიათ საქართველოს ჭრილში. კონფლიქტი წარმოჩენილი იყო როგორც "აფხაზი ხალხის ბრძოლა თვითგამორკვევისთვის", ხოლო საქართველოს პოზიცია მოხსენიებული იყო მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ "თურქეთმა საკუთარი ეროვნული და დიასპორული ინტერესები თბილისის მოთხოვნებზე მაღლა უნდა დააყენოს".
- შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ეს ჯგუფი სასამართლო დავების დაწყებას გეგმავს თურქეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წინააღმდეგ ე.წ. პასპორტების არაღიარების გამო.
- ჯგუფი ასევე თურქეთის პარლამენტში კანონპროექტების ინიცირებაზეც იმუშავებს.
რეაქცია: საქართველოს ხელისუფლებას თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოში თურქეთის ელჩი მუსტაფა თურქერ არი.
- 21 ნოემბერს არიმ თურქულ სამთავრობო სააგენტო Anadolu Ajansı-ს პირველი კომენტარი მისცა ორმხრივ ურთიერთობებზე მას შემდეგ, რაც ანკარაში ეს ჯგუფი შეიქმნა. მისი განცხადების ქართული თარგმანი საქართველოში თურქეთის საელჩოს ფეისბუკ-გვერდზეც გამოქვეყნდა.
- ელჩმა საქართველოს "სტრატეგიული პარტნიორი, ახლო მეზობელი და თურქეთის ძველი მეგობარი" უწოდა და აღნიშნა, რომ ანკარა ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში ყოველთვის უჭერდა და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
- მან ხაზგასმით თქვა, რომ თურქეთის პრინციპული პოზიცია ამ საკითხში უცვლელია, ხოლო 1999 წლის სტამბოლის სამიტის გამოცდილებაზე დაყრდნობით დასძინა, რომ ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას ემხრობა.
- ამავე ინტერვიუში მუსტაფა თურქერ არიმ ყურადღება გაამახვილა ბოლო დროს გახშირებულ მაღალი დონის კონტაქტებსა და სამომავლო ვიზიტებზე, აღნიშნა, რომ ლიდერების დიპლომატიით ორივე ქვეყნის მოსახლეობა კმაყოფილია, და დასძინა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ყოველდღიურად ვითარდება.
- მისი თქმით, თურქ ბიზნესმენებს საქართველოს მიმართ ინტერესი კვლავ მაღალი აქვთ და თბილისის საელჩო მზადაა, ხელი შეუწყოს მათ კონტაქტებსა და ინვესტიციების ზრდას.