14:23 | 24 ნოემბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი
პენტაგონი კვლავ აჭიანურებს უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემას
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი მორიგ ჯერზე აჭიანურებს უკრაინისთვის Patriot-ის საზენიტო რაკეტების მიყიდვას.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს.
ვითარების არსი: საუბარია PAC-2 და PAC-3 ტიპის 60 რაკეტაზე, რომლებიც უკრაინისთვის ევროპელი პარტნიორების დაფინანსებით შეიძინეს.
ჩაშლილად: რაკეტების გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, თუმცა ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, მათ გადასაცემად თავდაცვის მდივნის ხელმოწერაა საჭირო.
- საზენიტო რაკეტების მნიშვნელობაზე გასულ უქმეებზე ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში რუსეთი კომბინირებული საჰაერო დარტყმებისთვის ემზადება.
- გასული თვეების განმავლობაში უკრაინას საზენიტო რაკეტები რამდენიმე პარტიად უნდა მიეღო - სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში. ჯერჯერობით კიევს არცერთი პარტია არ მიუღია.
- უკრაინა ევროპელი პარტნიორების ფულით ნაყიდი რაკეტების მიღებას უკვე თითქმის 6 თვეა ელოდება.
- პენტაგონის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით პოლიტიკა არ შეცვლილა, თუმცა კონკრეტულ პასუხს თავი აარიდეს.
დიდი სურათი: პენტაგონს ჯერ არც საბოლოო დასტური გაუცია უკრაინისთვის შესაბამისი საზენიტო რაკეტების წარმოების ლიცენზიის გაცემაზე. ამ ლიცენზიას ამერიკის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას ივლისში გამართულ შეხვედრაზე დაჰპირდა.
- დაყოვნების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ლიცენზიის მიღების შემთხვევაშიც კი, წარმოების პროცესის გამართვას, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება.
- ზელენსკის ცნობით, წელს კიევი აშშ-ისგან თვეში საშუალოდ 12 საზენიტო რაკეტას იღებდა, მაშინ, როდესაც რუსეთი ყოველთვიურად დაახლოებით 150 ბალისტიკურ რაკეტას იყენებს.
კონტექსტი: Patriot უკრაინის განკარგულებაში არსებული ერთადერთი საჰაერო თავდაცვის სისტემაა, რომელიც ეფექტურია რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ.
- თავდაცვითი იარაღის გადაცემა ბოლო კვირებში ტრამპსა და ზელენსკის შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე მიმდინარეობს.
- დაყოვნების მიზეზებს შორისაა ამერიკის მიერ ირანთან სამხედრო დაპირისპირებაში შესაბამისი რაკეტების მარაგის გახარჯვა.