იაპონიის თავდაცვის მინისტრი შინჯირო კოიზუმი აცხადებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში ბირთვული იარაღის საკითხზე დისკუსიის დაწყება. ამ ინფორმაციას 19 ივლისს, საინფორმაციო სააგენტო Kyodo News ავრცელებს.
ვითარების არსი: კოიზუმის თქმით, იაპონია ვერ აარიდებს თავს ამ საკითხის წამოჭრას.
- Kyodo News-ის სტატიის ავტორებს მიაჩნიათ, რომ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადება უკავშირდება იაპონიის მთავრობის გეგმებს, წლის ბოლომდე გადახედოს ეროვნული უსაფრთხოების სფეროს საკვანძო დოკუმენტებს.
- იაპონია ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში აშშ-მა ბირთვული იარაღით დაბომბა და 1967 წლიდან ის ერთგულად მიჰყვება სამ პრინციპს: არ აწარმოოს ბირთვული იარაღი, არ ფლობდეს მას და არ განათავსოს იგი თავის ტერიტორიაზე.
სტრიქონებს შორის: ამ თემაზე დისკუსიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრისას, შინჯირო კოიზუმიმ მაგალითად ფინეთი და საფრანგეთი მოიყვანა.
- ივნისში ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ეროვნული თავდაცვის მიზნით ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსებას უშვებს. თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მარტში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბირთვული ქობინების რაოდენობას გაზრდის.
- იაპონია აშშ-ის "ბირთვულ ქოლგის" ქვეშ არის მოქცეული. ამავდროულად, კოიზუმის შეფასებით, მისი ქვეყნისთვის უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება უფრო დაიძაბა, ასე რომ "აუცილებელია იმ სიტუაციის შეცვლა, როდესაც ზოგიერთი თემის განხილვა მიუღებლად ითვლება."