ახალი ამბები

15:23 | 06 ივლისი, 2026 — რუსეთი

კრემლმა სამთავრობო მედიებს უკრაინული იერიშების გაშუქება აუკრძალა

ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციამ პროსახელისუფლებო მსხვილ მედიებს მოსთხოვა, არ გამოაქვეყნონ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგების ამსახველი მასალები.

ამის შესახებ სამ წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა "ვიორსტკა" წერს.

ვითარების არსი: როგორც წყაროები ამბობენ, მათ "დაჟინებით მისცეს რეკომენდაცია, რომ უფრო მეტად აჩვენონ" უკრაინაზე რუსეთის დარტყმების წარმატებები.

  • ერთ-ერთი მსხვილი პროსახელისუფლებო მედიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ინფორმაციის მიწოდების პოლიტიკის შეცვლის შესახებ განკარგულება პუტინის ადმინისტრაციიდან ივნისის მეორე ნახევარში მოვიდა.
  • "ისინი ითხოვდნენ, რომ შეგვეწყვიტა ჩვენს ტერიტორიაზე უკრაინული დარტყმების შედეგების ვიდეოებისა და ფოტოების გამოქვეყნება. და უფრო მეტად გვეჩვენებინა ჩვენი თავდასხმების შედეგები". - ამბობს "ვიორსტკის" წყარო.
  • განკარგულების გაცემას კიდევ ერთი მსხვილი მედიის წყაროც ადასტურებს. მისი თქმით, "ხელმძღვანელობამ ლოგიკა ასე ახსნა: არსებობს პროპაგანდის კონტროლის დისბალანსი რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებას შორის".
  • როგორც „ვიორსტკამ“ გაარკვია, უმსხვილესი ტელეგრამ-არხები, რომლებიც თანამშრომლობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ან თავდაცვის სამინისტროსთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო მსხვილ თავდასხმებს ან საერთოდ არ ახსენებდნენ, ან მხოლოდ მოკლე ცნობებით შემოიფარგლებოდნენ.

სიღრმისეულად: გარდა ამისა, მსხვილმა ტელეგრამ-არხებმა მოსკოვზე დარტყმების შედეგების ვიდეოები და ფოტოები წაშალა.

  • მაგალითად, მსგავსი კონტენტის მქონე პოსტები გაქრა არხებიდან: "მოსკვაჩ" (3,8 მილიონი გამომწერი), "ტოპორ Live" (4 მილიონზე მეტი გამომწერი), "რიფმი ი პანჩი" (თითქმის 1,4 მილიონი გამომწერი).
  • კრემლთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის ტოპ-მენეჯერმა მსგავსი მოთხოვნების კიდევ ერთ მიზეზზე მიუთითა. "ჩვენთან აქ არიან "ქორები", რომლებიც ფედერალურ დონეზე მსგავსი პუბლიკაციებისთვის სერიოზული ვადებით სისხლისსამართლებრივი სასჯელის შემოღებას ითხოვენ. კურატორებს [პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან] საქმის ასეთ რეპრესიებამდე მიყვანა არ სურთ". - განმარტა მან.

ფართო ხედით: ცოტა ხნით ადრე ვლადიმირ პუტინის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის დარტყმების შედეგებს "შთამბეჭდავი" უწოდა.

  • "მოიძიეთ მეტი კადრები უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან, ჩვენი შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგების კადრები შთამბეჭდავია. - ამბობს პესკოვი.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე