ახალი ამბები

11:27 | 23 ივლისი, 2026 — უკრაინა

კვლევა: ზელენსკი - 22.3%, ზალუჟნი - 14.9%, ფედოროვი - 13.4%

უკრაინაში ჰიპოთეტური საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმას მოქმედ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელების 22.3% მისცემდა, ვალერი ზალუჟნის - 14.9%, მიხაილო ფედოროვს - 13.4%. კვლევა სოციოლოგიურმა ჯგუფმა "რეიტინგმა" 20-21 ივლისს ჩაატარა.

ვითარების არსი: სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ გამოკითხვა დასრულდა მანამ, სანამ მედიაში გავრცელდებოდა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის გადადგომის შესახებ.

  • ასევე ხაზს უსვამენ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიხაილო ფედოროვისადმი ნდობის დონე 35%-დან 65%-მდე გაიზარდა, ხოლო ოლექსანდრ სირსკისადმი ნდობა 39%-დან 23%-მდე შემცირდა.

სტრიქონებს შორის: რესპონდენტებს ჰკითხეს, ვის მისცემდნენ ხმას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. პირველ ადგილზეა უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი - 22.3%, მას მოსდევს უკრაინის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი - 14.9% და თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი - 13.4%.

  • უკრაინელების 7.2% უჭერს მხარს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს კირილო ბუდანოვს, მოკრივე ოლექსანდრ უსიკი - 5.9%, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო - 4.6%, ხარკივის მერი იგორ ტერეხოვი - 4.3%, პარლამენტის ყოფილი სპიკერი დმიტრო რაზუმკოვი - 3.7% და მესამე საარმიო კორპუსის მეთაური, გენერალი ანდრიი ბილეცკი - 2.3%.
  • 2%-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვთ იულია ტიმოშენკოს, სერგი პრიტულას და ვიტალი კლიჩკოს.
  • ამასთან, გამოკითხულთა 4% ხმას მისცემდა სხვა კანდიდატს, 2.6% არ გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას, ხოლო 11.9%-მა უპასუხა "უჭირს პასუხის გაცემა."

დიდი სურათი: ასევე, რესპონდენტებს სთხოვეს შეეფასებინათ, ენდობიან თუ არა თანამდებობის პირებს, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს.

  • უკრაინელები ყველაზე მეტად ენდობიან ვალერი ზალუჟნის - 70%, მიხაილო ფედოროვს - 65%, კირილო ბუდანოვს - 62% და ვოლოდიმირ ზელენსკის - 59%.
  • გარდა ამისა, მოკრივე ოლექსანდრ უსიკს უკრაინელების 54% ენდობა, მაშინ როდესაც ოლექსანდრ სირსკის - 23%, ხოლო პეტრო პოროშენკოს - 21%.

კონტექსტი: "რეიტინგის" კვლევა 2026 წლის 20-21 ივლისს CATI-ს (სატელეფონო ინტერვიუ კომპიუტერის გამოყენებით) მეთოდით ჩატარდა.

  • სოციოლოგებმა გამოკითხეს 18 წლისა და უფროსი ასაკის 1000 რესპონდენტი ყველა ოლქში, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იმ ტერიტორიების გარდა, სადაც გამოკითხვის მომენტში უკრაინული მობილური კავშირი არ არის.

ასევე ნახე