ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას 32 ადამიანის, მათ შორის 28 პოლიტპატიმრის შეწყალების შესახებ.
ვითარების არსი: "ბელარუსის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს შეწყალებულია 32 ადამიანი, რომელთაგან 28 მსჯავრდებული იყო ექსტრემისტული ხასიათის დანაშაულისთვის," - განაცხადა ლუკაშენკოს პრესსამსახურმა 1 ივლისს.
- ბელარუსში "ექსტრემისტული ხასიათის დანაშაულად" ოპოზიციურ გამოსვლებიც ითვლება.
- "ცნობა 28 პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების შესახებ - ეს, უპირველეს ყოვლისა, შვებაა მათი ახლობლებისთვის: მათთვის, ვინც დაშორებული იყო საყვარელ ადამიანებს და შეხვედრის იმედით ცხოვრობდა," - აღნიშნა 1 ივლისს დევნილობაში მყოფმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ. "ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს: ბელარუსის ციხეებში კვლავ რჩება ასობით პოლიტიკური პატიმარი და ყველა მათგანი უნდა გათავისუფლდეს. ჩვენ თითოეულ მათგანს ველოდებით სახლში."
სტრიქონებს შორის: ბელარუსის უფლებადამცველი ცენტრის, "ვესნას" მონაცემებით, 1 ივლისის მდგომარეობით, ბელარუსში პოლიტპატიმრად აღიარებულია 863 ადამიანი.
- 9 ივნისს სვიატლანა ციხანოუსკაიას მრჩეველმა, დენის კუჩინსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მონაწილეობით ბელარუსში პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესი გრძელდება.
- "ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან; გასულ კვირას ვესაუბრე თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, გუშინ კი კომუნიკაცია მქონდა ბატონ კოულთან (ჯონ კოული - აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ბელარუსის საკითხებში. - რედ.). შემიძლია დავადასტურო, რომ ამერიკული ადმინისტრაცია არ წყვეტს მუშაობას ბელარუსი პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე. ამერიკული ჰუმანიტარულ-დიპლომატიური კამპანია გრძელდება და არ შეწყვეტილა," - თქვა ციხანოუსკაიას მრჩეველმა ონლაინ-გამოცემა "ზერკალოსთან" კომენტარში.
დიდი სურათი: აშშ-სთან მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში ბელარუსი პატიმრების მასშტაბური გათავისუფლება, ამერიკული სანქციების შერბილების სანაცვლოდ, 2025 წლის ბოლოდან მიმდინარეობს.
- დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა მინსკში გამართული მოლაპარაკებების დროს დეკემბერში 123 პატიმრის, ხოლო მარტში - კიდევ 250-ის გათავისუფლებას მიაღწია.
- აპრილის ბოლოს პოლონეთსა და ბელარუსს შორის გაიმართა პატიმრების გაცვლა ფორმატით "ხუთი ხუთზე."
კონტექსტი: აშშ-მა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საპასუხოდ, ბელარუსის ფინანსური სექტორის მიმართ სანქციები შემსუბუქება დაიწყო, ასევე სრულად მოხსნა დარჩენილი სანქციები კალიუმის კომპანიებს.