11:28 | 30 სექტემბერი, 2026 — გერმანია
მერცი: ლავროვთან შეხვედრამ აჩვენა, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთს სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზაობ არ გააჩნია. ამის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის გერმანელ კოლეგასთან, იოჰან ვადეფულთან შეხვედრა კრიტიკულად შეაფასა.
ვითარების არსი: Politico წერს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვთს შაბათს, 26 სექტემბერს გაეროში შეხვდა.
- ეს იყო მინისტრების დონეზე ორ ქვეყანას შორის პირველი შეხვედრა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
- შეხვედრის შემდეგ ლავროვმა ვადეფულის პოზიცია შეაფასა, როგორც "არაფერი ახალი."
სტრიქონებს შორის: გერმანიის კანცლერმა ლავროვის სიტყვების კომენტირებისას აღნიშნა: "რუსეთის მხრიდან ამ შეხვედრის შემდგომმა შეფასებამ აჩვენა, რომ რუსეთს, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე სერიოზული მოლაპარაკებების ინტერესი საერთოდ არ გააჩნია. ამიტომ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება - არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც."
- მერცმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გერმანიის მთავრობის მოთხოვნებს კრემლის მიმართ: რუსეთმა შეწყვიტოს შეჭრა, ევროპელებს ჰქონდეთ ომის შეწყვეტის პირობების შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაში მონაწილეობის უფლება, და ასევე უკრაინას გაეხსნას გზა ევროკავშირის წევრობისკენ.
- "მხოლოდ კიდევ ერთხელ შემიძლია აღვნიშნო, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, ხოლო თავად რუსეთი იღებს მნიშვნელოვან ზარალს - კერძოდ, საკუთარ ეკონომიკაში. თუ რუსეთი გააგრძელებს ამ ომს, მას ამისთვის მაღალი ფასის გადახდა მოუწევს," - აღნიშნა მერცმა.
დიდი სურათი: გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ-იორკში 2022 წლის შემდეგ პირველი იყო. მას შემდეგ გერმანიისა და რუსეთის მთავრობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებში, მაგრამ პირდაპირი მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე არ გამართულა.
- თავად ვადეფულმა მანამდე განმარტა, რომ ლავროვს იმისთვის შეხვდა, რომ მისთვის ესკალაციის დაუშვებლობის შესახებ ეცნობებინა.
- მოლაპარაკებებზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შავ ზღვაში მარცვლეულის ბლოკადის თემაც წამოჭრა, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.