ახალი ამბები

19:09 | 07 ივნისი, 2026 — სომხეთი

მირზოიანი: მოქალაქეების უმრავლესობა ხმას მშვიდობას მისცემს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გამოთქვა რწმენა, რომ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მშვიდობას მისცემს.

ვითარების არსი: "ეს არის შთაბეჭდილება, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს შემექმნა. ხალხი ძალიან არის დაინტერესებული არჩევნებით და აცნობიერებს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი თითოეულ ხმაზეა დამოკიდებული. ეს შეგნება ჩვენს საზოგადოებაში ფართოდ დავინახე, რის გამოც მჯერა, რომ ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან მაღალი იქნება." - ხაზი გაუსვა მირზოიანმა.

  • "ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ხალხი ძალიან ბრძენია და კარგად ესმის ყველა ნიუანსი და გამოწვევა. მჯერა, რომ ამ არჩევნებში სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მშვიდობას მისცემს. ამ თვალსაზრისით, სომეხი ხალხი მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახებს, რომ მშვიდობის ერთგულია," - განაცხადა მინისტრმა.
  • მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები გავლენას მოახდენს ევროკავშირთან სომხეთის ურთიერთობების მომავალზე. მირზოიანის თქმით, ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი ეწინააღმდეგება ევროკავირთან ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და ამის ნაცვლად რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებს ესწრაფვის.

სტრიქონებს შორის: მირზოიანმა არჩევნების წინ რუსეთის მიერ სომხურ ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს "ეკონომიკური სანქციები" უწოდა და განაცხადა, რომ საჭიროა რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება "ჯანსაღ, კონსტრუქციულ ატმოსფეროში."

  • მინისტრმა ასევე არ გამორიცხა საარჩევნო კოდექსში სამომავლო ცვლილებების შეტანა, რათა აიკრძალოს იმ მოქალაქეების ხმის მიცემა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ.
  • მისი თქმით, ამის მიზეზია სომხეთის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ადამიანების არჩევნებზე მასობრივად ჩამოსვლაა. საერთაშორისო მედიის ცნობით, რუსეთს ათასობით სომეხი ორგანიზებულად ჩაჰყავს არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.
  • "მათ, ვინც სახელმწიფო გადატრიალებაზე ფიქრობს, თავი კედლისთვის მიუხლიათ," - განაცხადა მირზოიანმა.

კონტექსტი: სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო კონტრაქტი" ლიდერობს.

  • 2026 წელის 4 ივნისს, EVN Report-მა 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.
  • "სამოქალაქო კონტრაქტი" პირველ ადგილზეა ხმების 36.3%-ით, მეორე ადგილზეა პრო-რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის ბლოკი "ძლიერი სომხეთი" - 12.15%.
  • მესამე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ხელმძღვანელობით მოქმედი ბლოკი "სომხეთი" 4.84%-ით, რომელსაც არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გადასალახად 8% სჭირდება, ვინაიდან ის კოალიციის და არა ერთი პარტიის სახით მონაწილეობს.
  • მეოთხე ადგილს კი იკავებს ოლიგარქ გაგიკ წარუკიანის პარტია "აყვავებული სომხეთი" 3.1%-ით.

ასევე ნახე