ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ, ჰაჯის მომლოცველობისთვის სამშაბათს გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა, რომ მომდევნო 15 წლის განმავლობაში ისრაელი აღარ იარსებებს.
ვითარების არსი: უზენაეს ლიდერად მისი არჩევის შემდეგ, მოჯთაბა ხამენეის არცერთი ფოტო ან აუდიოჩანაწერი არ გავრცელებულა.
- ირანული მედიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარი იყო ისლამური რესპუბლიკის ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მიერ ერთი დეკადის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ისრაელი "მომდევნო 25 წელს ვეღარ იხილავდა."
- მიმართვაში, სადაც ისრაელი აღწერილია როგორც "არასტაბილური სიონისტური რეჟიმი" და "ავთვისებიანი სიმსივნე," ნათქვამია, რომ იგი "თავისი დაწყევლილი არსებობის დასკვნით ეტაპებს უახლოვდება."
სტრიქონებს შორის: განცხადებაში ნათქვამია, რომ ნათქვამია, რომ შეერთებული შტატებსა და ისრაელს სამიზნეში ამოიღებენ ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში რაკეტებითა და დრონებით, და რომ რეგიონის ქვეყნები აღარ იქნებიან აშშ-ის სამხედრო ბაზების ფარი.
- მისი თქმით, რეგიონის ქვეყნებს აქვთ საერთო შესაძლებლობები და ინტერესები, რაც ხელს შეუწყობს "რეგიონსა და მსოფლიოში ახალი წესრიგის" ჩამოყალიბებას.
- მოჯთაბა ხამენეი აცხადებს, რომ ლოზუნგები "სიკვდილი ამერიკას" და "სიკვდილი ისრაელს" კვლავაც დარჩება ისლამური სამყაროს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის გამაერთიანებელ მოწოდებად.
- "რეგიონი წარსულ მდგომარეობას არ დაუბრუნდება და ვაშინგტონს რეგიონში სამხედრო ბაზების განსათავსებლად უსაფრთხო ადგილი აღარ ექნება," - ნათქვამია გზავნილში.
დიდი სურათი: ეს განცხადება იმ ფონზე გამოქვეყნდა, რომ თებერვალში ომის დაწყების შემდეგ მოჯთაბა ხამენეის არცერთი კადრი ან აუდიოჩანაწერი არ გამოჩენილა.
- 28 თებერვალს, ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმის შედეგად, მოჯთაბა ხამენეი დაიჭრა.
- The New York Times-ის ვრცელი სტატიის თანახმად, მას ფეხზე სამი ოპერაცია ჩაუტარდა და პროთეზირებას ელოდება. გარდა ამისა, მოჯთაბა ხამენეის სახესა და ტუჩებზე მძიმე დამწვრობა აქვს, რაც საუბარს ურთულებს.