მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

10:36 | 03 სექტემბერი, 2026 — რუსეთი

მოსკოვის აეროპორტებმა მეორე ღამეა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ

მოსკოვის აეროპორტებმა "ვნუკოვომ" და "შერემეტიევომ" ზედიზედ მეორე ღამეს შეაჩერეს თვითმფრინავების მიღება და გაფრენა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამოქალაქო ავიაცია რუსეთის საჰაერო სივრცეში საფრთხეების შესახებ გააფრთხილა.

ვითარების არსი: The Moscow Times-ის ცნობით, "როსავიაციაში" განაცხადეს, რომ მოსკოვის რეგიონის აეროპორტებში საჰაერო ხომალდების მიღებასა და გაფრენაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

  • გუშინ ღამით რუსეთის დედაქალაქის სამმა აეროპორტმა შეაჩერა მუშაობა. მონიტორინგის სერვის Flightradar24-ის მონაცემებით, "შერემეტიევოში" გაუქმდა 21 და გადაიდო 235 რეისი, ხოლო "ვნუკოვოში" - გაუქმდა 22 და გადაიდო 94 რეისი.

სტრიქონებს შორის: 1 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავიაგადამყვანები და სადაზღვეო კომპანიები გააფრთხილა, რომ მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომისა და უკრაინის მიერ საპასუხოდ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების გამო, რუსეთის ცა სამოქალაქო ავიაციისთვის სრულიად საშიში ხდება.

  • ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა არ აპირებს სამგზავრო თვითმფრინავებზე თავდასხმას, თუმცა საერთაშორისო კომპანიებს მოუწოდა, გაითვალისწინონ სამხედრო რისკები.

დიდი სურათი: 2 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) შეატყობინა რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცეში ფრენების საფრთხის ზრდის შესახებ.

  • მისი თქმით, უკრაინა ცდილობს თავიდან აიცილოს ინციდენტები, ვინაიდან რუსეთი უგულებელყოფს უსაფრთხოების ზომებს.
  • იმავე დღეს თემებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელმა ნიკოლაი კალაშნიკმა წერილი გაუგზავნა ICAO-ს გენერალურ მდივანს მოწოდებით, რომ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს რუსეთის ცაში სამოქალაქო ავიაციის ფრენების სრულად აკრძალვის რეკომენდაცია მისცეს ტრაგედიების მინიმიზაციის მიზნით.
  • საპასუხოდ "როსავიაციამ" პილოტებისთვის ოპერატიული შეტყობინება (NOTAM) გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ უკრაინის მიერ გამოქვეყნებულ ყველა დოკუმენტს, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეს ეხება, იურიდიული ძალა არ აქვს და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენციას არღვევს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე