13:29 | 29 სექტემბერი, 2026 — ისრაელი
ნეთანიაჰუმ საამიროების პრეზიდენტს 7 ოქტომბრამდე მისი გაფრთხილების უარყოფა სთხოვა - AP
Associated Press-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ კვირას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საიდუმლო ვიზიტის მიზანი იყო ქვეყნის ლიდერისთვის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედისთვის ეთხოვა იმ ცნობების უარყოფა, თითქოს მან ნეთანიაჰუ 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმამდე "ჰამასის" საფრთხის შესახებ გააფრთხილა.
ვითარების არსი: ნეთანიაჰუს ოფისმა და საამიროების ოფიციალურმა მედია სააგენტომ ორშაბათს საღამოს დაადასტურეს შეხვედრის ფაქტი, თუმცა პრემიერ-მინისტრის ოფისმა AP-ის ცნობა ვიზიტის მიზეზთან დაკავშირებით უარყო.
- საამიროების საინფორმაციო სააგენტო WAM-მა განაცხადა, რომ "მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის და მათი განმტკიცებისა და განვითარების გზები."
- ისრაელის "მე-12 არხმა" კვირას ღამით პირველად გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუ კერძო თვითმფრინავით აბუ-დაბიში კვირას შუადღისას ჩაფრინდა და საამიროებში ოთხი საათი გაატარა.
- ვიზიტის შესახებ ინფორმირებული ორი პირის ცნობით, მან ერთსაათიანი შეხვედრა გამართა საამიროების პრეზიდენტთან. "მე-12 არხმა" ორშაბათს ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრა აეროპორტში შედგა.
სტრიქონებს შორის: ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის Kan-ის ცნობით, ბინ ზაიედთან შეხვედრის შემდეგ, ნეთანიაჰუმ გაფართოებული შეხვედრა გამართა ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე სხვა ქვეყნის მაღალჩინოსნებთან, მათ შორის იმ ქვეყნების წარმომადგენლებთანაც, რომლებსაც ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ.
- Kan-ის ცნობით, იმ თვითმფრინავებს შორის, რომლებიც აბუ-დაბიში ნეთანიაჰუს ვიზიტის პარალელურად დაფრინდნენ, იყო ლიბიის სამთავრობო თვითმფრინავი, მაროკოს Hercules-ის ტიპის საჰაერო ხომალდი, კატარის სამხედრო თვითმფრინავი და ერ-რიადიდან ჩამოფრენილი საამიროების სამთავრობო თვითმფრინავი.
- Kan-ის ცნობით, გაფართოებული შეხვერა ირანის წინააღმდეგ რეგიონული თანამშრომლობის განსახილველად გაიმართა.
დიდი სურათი: ნეთანიაჰუს ვიზიტი განხორციელდა ისრაელში არსებული ვნებათაღელვის ფონზე, რომელიც მოჰყვა გავრცელებულ ცნობებს, რომ საამიროების ლიდერმა ნეთანიაჰუ "ჰამასის" მიერ მოწყობილ ტერორისტულ თავდასხმამდე სულ რაღაც კვირა-ნახევრით ადრე გააფრთხილა.
- ასევე გავრცელდა ინფორმაცია სხვა გაფრთხილებების შესახებ, მათ შორის ეგვიპტის დაზვერვის ყოფილი უფროსისგან, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე.
- ნეთანიაჰუს ვიზიტის დეტალების შესახებ ინფორმირეულმა ერთ-ერთმა პირმა AP-ს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო ბინ ზაიედის სავარაუდო გაფრთხილებაზე, რის შესახებაც ამ თვის დასაწყისში გაზეთმა Haaretz-მა სტატია დაწერა.
- იმ პირის თანახმად, რომელიც ამტკიცებს, რომ შეხვედრის შესახებ პირველადი წყაროდან აქვს ინფორმაცია, ნეთანიაჰუმ ბინ ზაიედს ამ ცნობის უარყოფა სთხოვა. ნეთანიაჰუს ოფისმა მანამდე Haaretz-ის სტატია უარყო.
კონტექსტი: არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ისრაელთან ინარჩუნებს "ღია და პირდაპირ კომუნიკაციის არხებს" და უზიარებს მას "ყველა შესაბამის სადაზვერვო ინფორმაციას."
- ისრაელის "მე-12 არხის" ცნობით, ნეთანიაჰუს ოფისმა რამდენჯერმე ითხოვა შეხვედრა, რათა ბინ ზაიედი უარყოფის მიზანშეწონილობაში დაერწმუნებინა, თუმცა საამიროები ამ საკითხს ისრაელის შიდა პოლიტიკურ თემად მიიჩნევს და არ სურს ჩარევა, განსაკუთრებით არჩევნების წინ.