15:21 | 18 ივნისი, 2026 — გერმანია
ნიდერლანდები და გერმანია $1 მილიარდის იარაღს შეიძენენ უკრაინისთვის
ნიდერლანდები და გერმანია უკრაინას, PURL მექანიზმის ფარგლებში, $1 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფენ.
ნიდერლანდების დახმარება:
ნიდერლანდების მთავრობა უკრაინისთვის $580 მილიონის ღირებულების დრონებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეიძენს.
თანხის ნახევარი ადგილობრივი დრონების შესყიდვას მოხმარდება, მეორე ნახევარი კი PURL ინიციატივით აშშ-ში წარმოებული იარაღის შეძენას.
პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და საბრძოლო მასალას F-16 გამანადგურებლებისთვის.
მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს თავდაცვის ინოვაციებში თანამშრომლობის დოკუმენტს.
- ამ შენატანით ნიდერლანდების ჯამურმა წვლილმა აღნიშნულ ინიციატივაში 1 მილიარდ ევროს მიაღწია.
გერმანიის დახმარება:
გერმანია მეოთხედ უერთდება PURL-ის მექანიზმს და უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის $400 მილიონს გამოყოფს.
მინისტრ ბორის პისტორიუსის ცნობით, $200 მილიონი საჰაერო თავდაცვის რაკეტების შეძენას მოხმარდება.
დანარჩენი $200 მილიონით, Jumpstart პროგრამის ფარგლებში, Patriot-ის სისტემებისთვის PAC-3 ტიპის რაკეტებს იყიდიან, რომლებიც ეფექტურად იცავენ უკრაინულ ცას რუსული ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტებისგან.
პისტორიუსმა მოკავშირეებს მოუწოდა, ჩაერთონ PAC-3 რაკეტების შესყიდვის თანადაფინანსებაში.
კონტექსტი: მანამდე G7-ის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან განიხილონ უკრაინისთვის საზენიტო და ანტი-სარაკეტო იარაღის წარმოების ლიცენზიების გადაცემა.
PURL (Procurement of United States Resources for the Lawful Defense of Ukraine) არის საერთაშორისო მექანიზმი, რომლითაც პარტნიორები უკრაინისთვის აშშ-ში წარმოებულ იარაღსა და საბრძოლო მასალას ყიდულობენ.
პლატფორმა მოკავშირეებს აძლევს შესაძლებლობას, პირდაპირ ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსიდან შეუკვეთონ უკრაინისთვის კრიტიკულად საჭირო შეიარაღება - ძირითადად Patriot-ის სისტემის რაკეტები.