რუსეთის პატრიარქმა კირილმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, წმინდა სამების სერაფიმე-დივეევოს დედათა მონასტერში მორწმუნეების წინაშე გამოსვლისას, რუსული ბირთვული იარაღის შექმნასა და დანიშნულებაზე ისაუბრა.
ვითარების არსი: მისი თქმით, სწორედ ამ ადგილას, სადაც ღირსი სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილები ინახება, "დაიწყო ჩვენი სამშობლოს ფარის გამოჭედვა."
- "მეცნიერებმა, რომლებიც აქ, საროვში მუშაობდნენ, შექმნეს ჩვენი რუსული ატომური ბომბი, რომელმაც შეაჩერა მტრის ზრახვები - დაენგრია და დაემონებინა ჩვენი სამშობლო. ასე, იმ მეცნიერების, ინჟინრებისა და მუშების შრომით, რომლებიც აქ შრომობდნენ, გამოვლინდა ღვთის მადლი და წყალობა ჩვენს ქვეყანაზე." - აღნიშნა მან.
სტრიქონებს შორის: რუსეთის პატრიარქმა ხაზი გაუსვა, რომ "შემთხვევითი არ არის," რომ სწორედ ამ ადგილას მიმდინარეობდა სამეცნიერო კვლევები და საინჟინრო სამუშაოები, "რომლებმაც იხსნეს ჩვენი ხალხი და ქვეყანა საშინელი განადგურებისგან, რის შედეგადაც შესაძლოა აღარც ქვეყანა დარჩენილიყო და აღარც ხალხი."
- საროვში, რომელიც კირილემ თავის სიტყვაში ახსენა, მდებარეობს რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრი - ექსპერიმენტული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
დიდი სურთი: რუსეთის პატრიარქი ბირთვულ იარაღზე პირველად არ საუბრობს.
- 2023 წელს, როდესაც ფიზიკოს რადი ილკაევს ღირსი სერგი რადონეჟელის I ხარისხის ორდენს გადასცემდა, მან განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი შექმნილია "ღვთის უთქმელი განგებით" და "ამ ძალის წყალობით რუსეთმა შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და თავისუფლება."