13:03 | 09 ოქტომბერი, 2026 — აშშ
პენტაგონი 13 სამხედროს მკვლელის დახვრეტას პირდაპირ ეთერში გადასცემს
აშშ-ის ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, საზოგადოებას ექნება საშუალება პირდაპირ ეთერში თვალი ადევნოს ფორტ ჰუდის სამხედრო ბაზაზე 13 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის საჯარო სიკვდილით დასჯას.
რატომ არის მნიშვნელოვანი: აშშ-ში საჯარო სიკვდილით დასჯა 90 წელია არ მომხდარა.
2009 წლის თავდასხმის ავტორი, ნიდალ ჰასანი 3 დეკემბერს დახვრეტით უნდა დაისაჯოს ტეხასში, ფორტ ჰუდის სამხედრო ბაზაზე.
რაში ედება ბრალი: ნიდალ ჰასანი - ეთნიკურად პალესტინელი არაბი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი მაიორი და პროფესიით სამხედრო ფსიქიატრი.
2009 წლის 5 ნოემბერს მან ტეხასში, ფორტ-ჰუდის ბაზაზე მყოფ კოლეგებს გაუხსნა ცეცხლი.
სროლის სამიზნეები ის ჯარისკაცები იყვნენ, რომლებიც საბრძოლო მისიებში გასამგზავრებლად სამედიცინო კომისიას გადიოდნენ.
ტრაგედიას 13 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, 32-მა კი სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო.
2013 წლის სასამართლო გადაწყვეტილებით, თავდასხმის მთავარ მოტივად რადიკალური ისლამიზმი და ჯიჰადიზმი დასახელდა, რის საფუძველზეც ჰასანს სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა განესაზღვრა.
რას ამბობენ: ჰეგსეტის თქმით, ჰასანს "ჯარისკაცებისგან შემდგარი სადამსჯელო რაზმი დახვრეტს".
"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ხალხმა ამის ყურება შეძლოს და პროცესი საჯარო იყოს. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ მსგავს ქმედებებს სერიოზული შედეგები მოჰყვება", - აღნიშნა თავდაცვის მდივანმა.
დეტალები: Associated Press-ის ცნობით, პენტაგონი პროცესის პირდაპირ ტრანსლაციას გეგმავს, თუმცა კონკრეტული პლატფორმა, სადაც კადრები გადაიცემა, ჯერჯერობით უცნობია.
არც თავდაცვის დეპარტამენტს და არც არმიას ჰეგსეტის განცხადებაზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ, შესაბამისად, უცნობია, ზუსტად რა ფორმით იქნება ტრანსლაცია ხელმისაწვდომი.
კონტექსტი: ეს 1961 წლის შემდეგ აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევა იქნება.
სამხედროების მიერ დახვრეტით დასჯა ბოლოს 1945 წელს (საფრანგეთში, დეზერტირობისთვის) მოხდა.
აშშ-ში ბოლო საჯარო სიკვდილით დასჯა 1936 წელს გაიმართა.
დახვრეტის მეთოდი საკმაოდ იშვიათია და ამჟამად აშშ-ის მხოლოდ 5 შტატშია ავტორიზებული.