15:00 | 28 ივლისი, 2026
პუტინმა რუსეთის არმიის რიცხოვნობა კიდევ ერთხელ გაზარდა
2026 წლის დასაწყისიდან უკვე მესამედ, ვლადიმირ პუტინმა არმიის შტატის გაზრდის ბრძანებულებას მოაწერა ხელი. დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.
ვითარების არსი: ახალი ბრძანებულებით, არმიის შტატი 2,426,130 ადამიანამდე იზრდება, საიდანაც 1,535,000 უშუალოდ სამხედრო მოსამსახურეა.
- ეს 25 ათასით მეტი სამხედრო და 2,000-ით მეტი სამოქალაქო პერსონალია მიმდინარე წლის ივნისის დოკუმენტთან შედარებით.
- ჯერ კიდევ მარტში პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა 1,502,640 სამხედროთი და 889,130 სამოქალაქო პერსონალით განსაზღვრა.
- არმიის გაფართოების წინა ბრძანებულება პუტინმა 2024 წლის სექტემბერში გამოსცა; მაშინ შტატი 2,389,130 ადამიანით განისაზღვრა, საიდანაც 1.5 მილიონს სამხედროები შეადგენდნენ.
ბელოუსოვის რეფორმა: დამატებული შტატიდან 27 ათასი ერთეული (25 ათასი სამხედრო და 2 ათასი სამოქალაქო) სრულად ეთმობა თავდაცვის მინისტრის მიერ ინიციირებული სამხედრო-სამშენებლო დანაყოფების შექმნას, რაც საბჭოთა „სტროიბატების“ პირდაპირი ანალოგია.
- ექსპერტების შეფასებით, კრემლს ეს ძალები უკრაინის ფრონტსა და ფინეთის საზღვართან ინფრასტრუქტურის ასაშენებლად სჭირდება, განსაკუთრებით იმ მაღალი რისკის ზონებში, სადაც სამოქალაქო კონტრაქტორები უკრაინული დრონებისა და საარტილერიო ცეცხლის გამო მუშაობაზე უარს ამბობენ.
- ამასთან, ასეთ ბატალიონებში, შესაძლოა, ის პირებიც გაანაწილონ, ვისაც იარაღს ვერ ანდობენ ან ვინც მობილიზაციაზე იტყვის უარს.
კონტექსტი: უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, 2017 წელს, პუტინმა რუსეთის არმიის ზომა 1.9 მილიონი ადამიანით განსაზღვრა, საიდანაც მხოლოდ 1.013 მილიონი იყო სამხედრო.
- 2022 წლის თებერვლის შემდეგ მან არმია ექვსჯერ გაზარდა.
- პირველი ზრდა 2022 წლის აგვისტოს ბოლოს, მობილიზაციის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე დაფიქსირდა; მაშინ სამხედროების რიცხოვნობა 1,150,628 ადამიანამდე გაიზარდა.
- მობილიზაციიდან და 300 ათასზე მეტი მოქალაქის გაწვევიდან 14 თვის შემდეგ, არმიის შტატი კიდევ ერთხელ დააკორექტირეს და სამხედროთა ნაწილმა 1,320,000 შეადგინა.
- როგორც უფრო ადრე გამოცემებმა "Важные истории"-მ და "Верстка"-მ გაარკვიეს, რუსეთის ხელისუფლება არმიაში კონტრაქტორების გაწვევის გეგმას ვერ ასრულებს.
- ომში გაწვევის ტემპი 2026 წლის პირველ კვარტალში 20%-ით შემცირდა.