12:52 | 25 აგვისტო, 2026 — რუსეთი
რუსეთის 17 რეგიონში ფარული იძულებითი მობილიზაცია მიმდინარეობს - The Moscow Times
რუსი უფლებადამცველების ცნობით, ქვეყნის სულ მცირე 17 რეგიონში ფარული მობილიზაცია მასშტაბურ სახეს იღებს - მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებენ და თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას აიძულებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ The Moscow Times ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ფარულ და მოსალოდნელ მობილიზაციაზე რუსული საინფორმაციო საშუალებების გარდა დასავლური დაზვერვა და მედიასაშუალებებიც იტყობინებიან, კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღის შესაძლებლობას კატეგორიულად უარყოფს და ამ ცნობებს უკრაინის მხრიდან "საინფორმაციო პროვოკაციასა" და დეზინფორმაციას უწოდებს.
- The Moscow Times-ის ცნობით, რამდენიმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ბოლო ორ თვეში ათობით მიმართვა დააფიქსირა.
- მათი შეფასებით, ძალოვანი სტრუქტურები მიზანმიმართულად ესხმიან თავს სოციალურად მოწყვლად მოქალაქეებს - ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირებს, ფსიქიკური თუ ფიზიკური პრობლემების მქონეებს, ვალებში მყოფებსა და მათ, ვისაც პრობლემები აქვს კანონთან.
- დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს პოლიციაში ნარკოტიკები ჩაუდეს და ცემით აიძულეს კონტრაქტზე ხელის მოწერა, ქუჩაში ალკოჰოლის დალევისთვის დაკავებული პირი პირდაპირ ფრონტზე გაუშვეს, სამსახურიდან გატაცებულ მოქალაქეს კი კონტრაქტზე ხელი მის მაგივრად მოუწერეს.
- პროექტ "იდიტე ლესომ"-ის ხელმძღვანელის, გრიგორი სვერდლინის თქმით, ხელისუფლებას ომში წასვლის მსურველების პოვნა სულ უფრო უჭირს, რის გამოც პოტენციურ კონტრაქტორებზე წნეხი და "ნადირობა" იზრდება.
რას ამბობენ: ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მობილიზაციის ახალი ტალღის შესაძლებლობა გამორიცხა.
- მისი თქმით, ეს არის უკრაინის ხელისუფლების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია, რომლის მიზანიც რუსეთის შიგნით ვითარების დესტაბილიზაციაა.
- რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მობილიზაციის საჭიროება არ არსებობს და აქცენტი კონტრაქტორების მოზიდვაზე კეთდება.
- ამავდროულად, დუმის დეპუტატმა, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტმა ანდრეი გურულიოვმა ეჭვქვეშ დააყენა მასობრივი მობილიზაციის ეკონომიკური და ლოგისტიკური შესაძლებლობები.
- მისი თქმით, მილიონი ადამიანის გამოძახების შემთხვევაშიც კი, ქვეყნის მრეწველობა მათ სრულფასოვან აღჭურვასა და მომზადებას ვერ შეძლებს.
კონტექსტი: მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ისევე როგორც The Wall Street Journal-მა და The New York Times-მა დასავლურ წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ რუსეთმა შესაძლოა შემოდგომაზე, სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ, ე.წ. "პერიფერიული მობილიზაცია" გამოაცხადოს.