16:40 | 04 ივნისი, 2026 — საფრანგეთი
საფრანგეთმა თბილისიდან დაზვერვის 2 აგენტი გაიწვია - Intelligence Online
ფრანგული გამოცემა Intelligence Online-ის ცნობით, საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (DGSE) თბილისიდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია.
ვითარების არსი: გამოცემის თანახმად, გადაწყვეტილება დაზვერვის სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც ქართულმა მხარემ ბიძინა ივანიშვილთან „დაახლოებული მნიშვნელოვანი პიროვნება“ დააკავა. საუბარია გიორგი უძილაურზე, რომელიც 5 მაისს დააკავეს და ბრალდება ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს.
Intelligence Online წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ "DGSE-მ ჯაშუშობაზე დაიყოლია გიორგი უძილაური, მმართველი პრორუსული პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი."
"ოპერაცია, რომელიც თავდაპირველად წარმატებული გამოდგა, საბოლოოდ საქართველოს კონტრდაზვერვის სააგენტომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა. უწყებამ 5 მაისს საჯაროდ განაცხადა, რომ რამდენიმეთვიანი ინტენსიური კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ივანიშვილის ყოფილი თანამშრომელი დააკავა. სუს-ს აპრილიდან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, გელა გელაძე ხელმძღვანელობს." - წერს Intelligence Online-ის რედაქტორი, ანტუან იზამბარდი სტატიაში.
რას წერს გამოცემა: სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს უძილაურის დაკავებისას შეეძლო საჯაროდ დაესახელებინა, თუ ვისთვის ჯაშუშობდა იგი, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ „ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა“ ახსენეს.
მიუხედავად ამისა, გამოცემის ცნობით, უძილაურის დაკავებიდან 4 დღეში საქართველოს მთავრობამ მოულოდნელად მოსთხოვა დასავლეთის ქვეყნებს, გაეყვანათ ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი ვინაობების საჯაროდ გამჟღავნებით დაემუქრა. სწორედ ამის შემდეგ გაიწვია საფრანგეთმა ორი აგენტი თბილისიდან.
საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (DGSE) გამოცემასთან დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს მათი არცერთი დაზვერვის ოფიცერი პერსონა ნონ გრატად ოფიციალურად არ გამოუცხადებია.