ვიქტორ ორბანის მთავრობაში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ სადეპუტატო მანდატზე უარი თქვა და სამუშაოდ ჩინურ ავტომწარმოებელ BYD-ში გადადის.
ვითარების არსი: სიიარტომ, რომელიც მინისტრის პოსტზე ყოფნისას ჩინური ელექტრომობილების დიდი მხარდამჭერი იყო, საპარლამენტო მანდატის დატოვების შესახებ განცხადება უკვე წარადგინა.
- "მიზეზი ის არის, რომ მივიღე უაღრესად საპატიო შემოთავაზება, დავიკავო საერთაშორისო თანამდებობა მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში. BYD არის ბოლო ოცი წლის განმავლობაში საავტომობილო ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი წარმატების ისტორია და ამავდროულად მსოფლიო ლიდერი ენერგიის ახალ წყაროებზე მომუშავე ავტომობილების წარმოებაში," - განაცხადა სიიარტომ.
- მან აღნიშნა, რომ ამიერიდან იმუშავებს ხელმძღვანელ პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ კომპანიების ჯგუფის საგარეო კავშირებსა და ბიზნესის ახალი მიმართულებების განვითარებაზე.
სტრიქონებს შორის: სააგენტო MTI-მ BYD-ის უნგრეთის წარმომადგენლობიდან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიიარტომ "გლობალური, საერთაშორისო თანამდებობა" დაიკავა და იგი არ შევა კომპანიის უნგრეთის ფილიალის ხელმძღვანელობაში.
- პიტერ სიიარტო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თითქმის 12 წლის განმავლობაში (2014 წლიდან 2026 წლამდე) ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ იგი ორბანის ევროსკეპტიკური პოლიტიკის ყველაზე თვალსაჩინო სახეს წარმოადგენდა.
- თანამდებობის დატოვებისას სიიარტომ განაცხადა, რომ ის რუსეთის ინტერესებს არასოდეს ემსახურებოდა.
- უნგრეთის ახალი ხელისუფლება მას ადანაშაულებდა, რომ თანამდებობიდან წასვლის წინ სანქციებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვანი დოკუმენტებს ანადგურებდა.
დიდი სურათი: 2026 წლის უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის პარტია TISZA-მ გაიმარჯვა და ვიქტორ ორბანის 16 წლიანი მმართველობა დასრულდა.