პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოთხშაბათს აშშ ირანს კვლავ „ძლიერ“ დაარტყამს, რის მიზეზადაც ირანის მიერ სამშაბათს საღამოს მიტანილი იერიშები დაასახელა.
დიდი სურათი: ტრამპის თქმით, მოლაპარაკებების დროს ირანი აშშ-ს „სულელად თვლიდა“ და ამიერიდან ამერიკა მათზე „ძალიან ძლიერ იერიშებს მიიტანს“.
- „ჩვენ მათ დღესაც ძლიერად დავარტყამთ, ეს იმ შემთხვევისთვის, თუ გამოგრჩათ, რადგან ტელევიზორს არ ადევნებთ თვალს, და ვნახავთ, რა ბედი ეწევა შეთანხმებას“, - განაცხადა ტრამპმა.
მოვლენების განვითარება: სამშაბათის დარტყმები პასუხი იყო ჰორმუზის სრუტის მახლობლად აშშ-ის ვერტმფრენის ჩამოგდებაზე.
- Axios-ს წყაროებმა უთხრეს, რომ ამერიკულმა მხარემ მიზანში ირანის რადარები და საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოიღო, თუმცა თავდასხმა ისე გათვალა, რომ მსხვერპლი არ მოჰყოლოდა.
- ტრამპმა აღნიშნა, რომ ვერტმფრენის ინციდენტმა აშშ-ის საპასუხო დარტყმის „უფლება“ მისცა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ირანი მოლაპარაკებებს უბრალოდ წელავდა.
- „ეს იყო უბრალოდ დროის გაყვანა. არ ვიცი, რას აკეთებენ. მერე კი ესროლეს ჩვენს ვერტმფრენს, სხვათა შორის, ძალიან ძვირადღირებულ ვერტმფრენს“ - თქვა ტრამპმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკიპაჟის ორივე წევრი გადარჩა.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება: ტრამპს შეთანხმების მიღწევა არ გამოურიცხავს. ამჟამად კატარელი შუამავლები თეირანში იმყოფებიან, რათა მოლაპარაკებები კალაპოტში დააბრუნონ. თუმცა, აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, პრეზიდენტს მოთმინების ფიალა სულ უფრო მეტად ეწურება, რადგან თითქმის ორი კვირაა ვაშინგტონი ბოლო შეთავაზებაზე პასუხს ელოდება.
- „ჩვენ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ ისინი პროცესს მუდმივად აჭიანურებენ და სულელებად გვთვლიან“ - განაცხადა ტრამპმა.
წინარე ისტორია: 9 ივნისს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჰორმუზის სრუტეში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ.