ახალი ამბები

12:17 | 07 ივლისი, 2026 — უკრაინა

წელს უკვე მეორედ - რუსეთმა თვის განმავლობაში უფრო მეტი ტერიტორია დაკარგა, ვიდრე დაიკავა

გასული ივნისის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში უფრო მეტი ტერიტორია დაკარგა, ვიდრე დაიკავა - სხვაობა 9 კვადრატული კილომეტრია.

ამის შესახებ ფინური OSINT ანალიტიკური ჯგუფის, BlackBird-ის მონაცემები მეტყველებს.

ვითარების არსი: ეს მიმდინარე წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც თვის განმავლობაში რუსეთი მეტ ტერიტორიას კარგავს, ვიდრე იპყრობს.

  • აქამდე ბოლო ასეთი შემთხვევა მიმდინარე წლის თებერვალში დაფიქსირდა. იქამდე კი რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მოცულობა ბოლოს 2023 წლის ზაფხულში, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის დროს შემცირდა.

ჩაშლილად: BlackBird-ის მონაცემებით, ცვლილებები უკავშირდება უკრაინული არმიის წარმატებულ კონტრშეტევებს ქალაქ ლიმანის, ანდრიივკა-კლიშჩიივკისა და ჰულაიპოლეს მიმართულებით.

  • ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მოცულობის შემცირება ასევე უკავშირდება უკრაინის შეცვლილ ტაქტიკას და ფრონტის ხაზის სიღრმეში ინფილტრაციის გაძლიერებას, რის შედეგადაც საგრძნობლად იზრდება ე.წ. რუხი ზონა - ტერიტორია, რომელზეც არცერთ არმიას არ აქვს ეფექტური კონტროლი.

  • ამასთანავე, ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე რუსეთის იერიში გრძელდება, მათ შორის ქალაქ კონსტანტინივკისა და კუპიანსკის ირგვლივ.

  • უკრაინული წყაროები კონსტანტინივკაში შექმნილ ვითარებას „რთულს“ უწოდებენ. BlackBird-ის ექსპერტების შეფასებით, ქალაქის დიდი ნაწილი ამ დროისთვის რუხ ზონაშია, ხოლო მასზე სრული კონტროლის დამყარებას საოკუპაციო არმია, სავარაუდოდ, ზაფხულის მიწურულს შეძლებს.

  • რუსეთის წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, ანალიტიკოსები ელიან, რომ საოკუპაციო არმია კვლავ გააგრძელებს იერიშებს სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით, თუმცა მიმდინარე წელს ამ ქალაქების დაკავებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ.

BlackBird ჯგუფის მიერ მომზადებეული ცხრილი.

დიდი სურათი: ფრონტზე წინსვლის კლებისა და უკრაინული დრონების დარტყმებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის ფონზე, ექსპერტების შეფასებით, რუსეთი შესაძლოა კონფლიქტის ესკალაციაზე წავიდეს, თუმცა, მათი აზრით, ამის სივრცე დღითიდღე მცირდება.

  • BlackBird-ის შეფასებით, ესკალაციის ფარგლებში რუსეთმა შესაძლოა მობილიზაციის ახალი ტალღა გამოაცხადოს, თუმცა ეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკებთან იქნება დაკავშირებული. ანალიტიკოსების შეფასებით, მინიმალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შანსიც.
  • მათივე შეფასებით, მიმდინარე ტენდენციების გაგრძელებამ კრემლს შესაძლოა რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ უბიძგოს, თუმცა ამის ნიშნები ჯერჯერობით არ არსებობს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე