12:01 | 29 სექტემბერი, 2026 — რუსეთი
უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია და ასიმილაცია - EU-მა 27 სუბიექტი დაასანქცირა
ევროკავშირის საბჭომ, უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციისა და იძულებითი ასიმილაციის გამო, 10 ფიზიკურ და 17 იურიდიულ პირს ახალი შეზღუდვები დაუწესა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: აღნიშნული პირები და ორგანიზაციები უკრაინელი ბავშვების რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისტემურ, უკანონო დეპორტაციასა და იძულებით გადაყვანაზე აგებენ პასუხს.
- მათ ასევე ედებათ ბრალი ბავშვების იძულებით ასიმილაციაში, ინდოქტრინაციასა და მილიტარიზებულ განათლებაში.
სანქციების სამიზნე: თათრეთის პრეზიდენტი რუსტამ მინიხანოვი, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრები (და მათი მოადგილეები), ე.წ. დნრ-ის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი, ასევე სკოლებისა და ბანაკების ხელმძღვანელები.
ორგანიზაციები: მოსკოვის ტურიზმის კომიტეტი, ბავშვთა ტურიზმის 2 რუსული კომპანია, რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი საბავშვო ბანაკები და სპორტული ცენტრები.
სანქცირებულია ჩრდილოეთ კორეული სახელმწიფო დაწესებულებაც, რომელიც რუსეთთან კოორდინაციით უკრაინელ ბავშვებს იღებს და პრორუსულ პროპაგანდას ავრცელებს.
რას მოიცავს შეზღუდვები: ყველა სუბიექტს უყინავენ აქტივებს, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს კი მათთან ფინანსური თუ ეკონომიკური გარიგებები ეკრძალებათ.
- ფიზიკურ პირებს დამატებით აეკრძალათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან ტრანზიტით გავლა.
ქართული დელეგაცია: დღეს, კანადის ქალაქ ტორონტოში, უკრაინელი ბავშვების, დაკავებული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხზე მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
- კონფერენციაზე საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ანანდმა მიიწვია.
- სიტყვით გამოსვლისას ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ომის შედეგები ბრძოლის ველს სცდება და მშვიდობიან მოსახლეობას, ოჯახებსა და დეპორტირებულ ბავშვებს უდიდეს ტანჯვას აყენებს.
- მან უკრაინის ტრაგედია საქართველოს გამოცდილებას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაციამ ასობით ათასი ადამიანი დევნილად აქცია, რითაც მათ საკუთარ სახლებში დაბრუნების ფუნდამენტური უფლება შეეზღუდათ.
- მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ საქართველო მტკიცედ იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით.
კონფერენციის თანაორგანიზატორმა, ნორვეგიამ 2.3 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა, რაც რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების ძებნა-დაბრუნებასა და ტყვეების დახმარებას მოხმარდება.
- დაფინანსება გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით გადანაწილდება.
- ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის უკანონო აგრესიულმა ომმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები გამოიწვია და აუცილებელია უკრაინელების დახმარების გაგრძელება.
კონტექსტი: შეჭრის დაწყებიდან დღემდე, რუსეთს 20 500-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი ჰყავს უკანონოდ დეპორტირებული და იძულებით გადაყვანილი.
- სხვადასხვა ანგარიშის თანახმად, ამ ქმედებების მიზანი უკრაინული იდენტობის წაშლა და მომავალი თაობების განადგურებაა, რაც საერთაშორისო სამართლისა და ბავშვის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.